logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: ბილწთა ზავი - (ნაწილი მეორე)
- +

25 მარტი. 2019. 15:00

 

 

(გაგრძელება)

 

ყველა პოლიტიკურ სცენარში მთავარი მაინც ხალხის განწყობა, ხალხის ნდობაა „სცენარისტების“, „რეჟისორებისა“ და „მთავარი როლების შემსრულებელთა“ მიმართ. წარმატებაც და წარუმატებლობაც მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული.

 

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური მიზნების შესახებ საზოგადოების გარკვეულ, არცთუ მცირე  ნაწილს  ჰქონოდა ეჭვი, ვარაუდი და შესაძლოა - ინფორმაციაც, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განდგომის პროცესი ღვივდებოდა. კვირიკაშვილი, მარგველაშვილი, ხაზარაძე, მამა-შვილი წერეთლები თავის „ტვ-პირველით“, პარლამენტართა ერთი ჯგუფი და მწერლობისა და ხელოვნების სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი, ერთი ჯაჭვის რგოლები რომ იყვნენ, პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვის შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.

 

კვირიკაშვილმა „ააგდო“ ხაზარაძე თუ ხაზარაძემ კვირიკაშვილი, ძნელი სათქმელია და კაცმა რომ თქვას, არც არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ე.წ. კავშირის შეკვრას  ქვეყნის ინტერესი და ქვეყნის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა არ განაპირობებდა, რადგან პოლიტიკური თამაშების წესებში ვერანაირად ვერ ჯდებოდა. ჩემი ღრმა რწმენით, აქ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მიზანი განსაზღვრავს მიზეზს, ხოლო მიზეზი - მიზანს. უფრო კონკრეტულად - ფული ძალაუფლებაა, ძალაუფლება კი ფული.

 

ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურებით, შარშან გაზაფხულზე „შეთქმულება“ ჩავარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფრთხე ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო მოხსნილი. „შეთქმულთა“ ჯგუფმა, ხელისუფლების დასუსტების მიზნით, სცადა, თავის გეგმაში ჩაერთო „ნაცმოძრაობის“ ფაქტორი.  მაგალითად ისიც კმარა, რომ მამა-შვილი წერეთლების კუთვნილ „ტვ-პირველს“ ძალა და ენერგია არ დაუზოგავს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის პრობლემების შესაქმნელად და მისი კონკურენტისთვის პოზიციების გასაძლიერებლად.

 

მოხდა ისე, რომ ხაზარაძესა და წერეთლებს წლების წინ თავისივე ნაჭამმა ტყემალმა მოსჭრათ კბილი. „ტვ-პირველი“ კვლავაც თავგანწირვით, ისტერიულად  ცდილობს, იერიშები მიიტანოს ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს უკვე ძალადაკარგული იერიშებია. ხაზარაძეების, წერეთლებისა და სხვა მათ მსგავსთა პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების მხარდაჭერას ვერ იღებენ და ვერც ვერასდროს მიიღებენ, რადგან ხალხის ცხოვრებით არასდროს უცხოვრიათ, რადგან მათი სიკეთეები არავის ახსოვს.

 

„ხაზარაძისა და სხვათა“ კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ „წყლის მიმწოდებლად“, მხოლოდ, ჩემ მიერ „ბილწთა ზავად“ შერაცხული დაჯგუფების წარმომადგენლები შერჩათ. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კამპანიამ - „ხაზარაძეს ჩაგრავენ“ და „ანაკლია იძირება“ - კრახი განიცადა.

*

ერთი გონიერი (ობიექტური) ანალიტიკოსი ბრძანებდა, საზოგადოებაში რეალობის აღქმა გაცილებით მძიმეა, ვიდრე თვითონ რეალობაო. ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ, ვფიქრობ, აქ წერტილის დასმა არ არის სწორი. შევეცდები, წარმოდგენილ შეფასებას შინაარსობრივად უფრო სრული სახე მივცე - საზოგადოებაში რეალობის აღქმა გაცილებით მძიმეა, ვიდრე თვითონ რეალობა, ხოლო რეალობის მიწოდება იმაზე მძიმეა, ვიდრე რეალობის აღქმა.

 

მთავარი მიზეზებზე საუბარი უნდა იყოს და ზემოთ ციტირებული შეფასების შესავსებად შემოთავაზებული ნაწილით სწორედ რომ მიზეზი გამომაქვს წინა პლანზე. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმრავლესობის მიერ რეალობის მიწოდება ისეთი დამძიმებული და ისეთი დამახინჯებული შინაარსითა და ფორმით წარმოებს, რომ სინამდვილის დანახვა, უბრალოდ, შეუძლებელი ხდება. პოლიტიკის ენაზე ამას ტვინების გამორეცხვის ტექნოლოგია ეწოდება, რაც არის მავნებლობა, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების უგულვებელყოფა და შელახვა, მშვიდობისა და შენების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება.

*

„ხაზარაძის ქეისის“ პარალელურად, „გაუფასურების სენი შეეყარა“ მოსამართლეებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟსაც. სასამართლოს თემაზე დეტალური ანალიზი „რეპორტიორის“ მკითხველს უკვე გავაცანი ჩემს ორ წერილში (14.01.2019; 21.01.2019), ამიტომ, ორიოდ სიტყვით მხოლოდ შემდგომი პერიოდის მოვლენებს შევეხები:

 

ხელისუფლების ოპონენტებს სამართლებრივი არგუმენტები რომ არ მოეპოვებათ, ცდილობენ, პროცესი პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანონ, მაგრამ რა გინდა ქნა, როცა აქაც არგუმენტებია საჭირო? ცხოვრებაში არის ხოლმე სიტუაცია, სადღაც ზომაზე მეტად რომ შეტოპავ, მერე უკან გამოსვლა რომ გიჭირს და სულ უფრო და უფრო ღრმად რომ იძირები უსაზრისობის ჭაობში. ასეთ ვითარებაში აღმოჩნდნენ ეკა ბესელია და მისი „ძმადნაფიცები“.

 

ჯერ მოინდომეს კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება საპროტესტო აქციად შემოესაღებინათ, შემდეგ ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირებით სცადეს წყლის ამღვრევა და ბოლოს იქამდეც კი მივიდნენ, რომ „იხელმძღვანელეს რა“ სააკაშვილის „გამოცდილებით“, მოითხოვეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ანუ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესზე კონსტიტუციის მორგება.

 

„ბესელიას ჯგუფის“ თემა მჭიდრო კავშირშია ხაზარაძის თემასთან და ისიც დასაბამს იღებს შარშან გაზაფხულზე განვითარებული მოვლენებიდან (ამ საკითხზეც ზემოთ მითითებული წერილებიდან ერთ-ერთში უკვე ვისაუბრე).  ერთი რამ ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს - ერთადერთი, ვინც შეიძლება „ძველი მოსამართლეების“ კამპანიიდან ხეირი ნახოს, „ნაციონალური მოძრაობაა“.

 

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხაზარაძესაც და ბესელიასაც  კარგად ესმით. ამით იმის თქმა მინდა, რომ ისინი, დიდი ალბათობით, სრულიად შეგნებულად მიდიან ამ გარიგებაზე. შესაძლოა ბესელია ამას აკეთებდეს გარემოებებით ნაკარნახევი იძულებიდან გამომდინარე, რასაც ვერ ვიტყვით ხაზარაძეზე, რომელიც ახლო წარსულში „ნაცებთან“ ინტერესთა თანხვედრაში არაერთხელ „არის შემჩნეული“ და კოლეგა ბიზნესმენების მიერ მხილებული. 

 

როდესაც ბესელიასთან დაკავშირებით ამ შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებდა, „ოცნებიდან“ გარიყულებმა სცადეს ამისთვის „ახლების“ მიერ „დამსახურებულ ოცნებისტებთან“ აკრძალული ხერხებით ბრძოლის იარლიყი მიეწებებინათ და ერთი პერიოდი, პარტიაში და მის მხარდამჭერებში გარკვეული თანაგრძნობაც გამოიწვიეს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პირველივე ინტერვიუში, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაარქვა მოვლენებს თავისი სახელი, რომ ეკა ბესელიას ქმედებები „ნაცების“ წისქვილზე ასხამს წყალს, შიდა აჟიოტაჟი მთლიანად ჩაქრა. აქ კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ  - მართვის ტექნოლოგიებში ბიძინა მართლა მაგარია.

 

სასამართლოს თემაზე დასკვნის სახით ვიტყვი, რომ კონსტიტუცია და კანონი პიროვნებებზე და პიროვნებებისთვის არ იწერება და რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებებს.

 

დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არაჯანსაღი აჟიოტაჟისთვის ხელმოსაჭიდი „ხავსიც“ აღარ დარჩება.

(გაგრძელება იქნება)

 

 

ბიძინა დვალი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×