logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: პრეზიდენტების ბედისწერა საქართველოში
- +

1 აპრილი. 2019. 15:11

 

 

საქართველოს რიგით მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი საბჭოთა ოკუპაციის შედეგად სამშობლოდან გადახვეწილი ემიგრაციის შთამომავალია. თუმცა, ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა, რადგან ერთგვარი წრე შეიკრა, ისტორიის გადაშლილი წიგნი დავხურეთ და ახლა თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ უნდა მოვემზადოთ.

 

ქალბატონმა პრეზიდენტმა 2018 წლის 16 დეკემბერს თელავში გამართულ ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვით კიდევ ერთხელ გააკვირვა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანები: მეხუთე პრეზიდენტმა ყველა წინამორბედი პრეზიდენტის დამსახურებაზე ისაუბრა!

 

ეს მართლად დიდი მოვლენაა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ოთხი პრეზიდენტის ბედს და მათ ურთიერთმიუღებლობას.

 

პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი; მეორე პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის მეორე ვადის დამლევს გადადგომით და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობით დასრულდა ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი; მესამე პრეზიდეტის - მიხეილ სააკაშვილის ჯერ ვადამდე გადადგომამ, ხელახლა არჩევამ და მეორე ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ქვეყნის დატოვებამ ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაასრულა. როგორი წავიდოდა მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და დაესწრებოდა თუ არა იგი მემკვიდრის ინაუგურაციას? - აი, შეკითხვა, რომელზე პასუხის მოლოდინი არანაკლებ დიდი იყო, ვიდრე ის, თუ ვინ გახდებოდა მეხუთე პრეზიდენტი.

 

და აი, დადგა დრო, როცა საქართველო უნდა დამშვიდობებოდა მეოთხე პრეზიდეტს, რომელმაც არ ისურვა მეორე ვადით კენჭისყრა და მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის უჩვეულო და, ამავდროულად, ძალიან სასურველი ფაქტი: მომავალი პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მიმავალმა პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვილმა ძალაუფლება გადააბარა მემკვიდრეს!

 

გავიხსენოთ, რომ ედუარდ შევარდნაძის პირველი ინაუგურაციის დროისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტი ცოცხალი აღარ იყო, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას კი არც ერთხელ არ დასწრებია საქართველოს მეორე პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას არ/ვერ დაესწრო მესამე პრეზიდენტი და, აი, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გახსნა მეოთხე პრეზიდენტმა.

 

ეს მართლაც მოვლენა იყო. და მას განსაკუთრებული წონა შესძინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვაში ნათქვამმა:

 

„უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო: ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს; უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ; მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას; გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა“.

 

ეს მართლაც ისტორიული სიტყვაა - მეხუთე პრეზიდენტმა ყველა წინამორბედის დამსახურება აღნიშნა. თითოეულმა თავისი კვალი დაატყო საქართველოს, თითოეულ მათგანს საკუთარი ჯვარი უნდა ეზიდა და ზიდა კიდეც, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა, პირველმა საქართველოს უახლეს ისტორიაში, აღნიშნა წინამორბედების დამსახურება.

 

ამ დამსახურებებს შორის კი განსაკუთრებული იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ღვაწლის აღნიშვნა.

 

პირველ წერილში ჩვენც საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ვისაუბრებთ.

 

 

წერილი I

-------------

პირველი პრეზიდეტი - გმირი, რომელმაც დრო შექმნა

---

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა -

ზვიად გამსახურდიას მიზანი და ბედისწერა

---

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 1991 წელს ჩატარებული რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება.

 

გასული საუკუნის დასაწყისში, სულ რაღაც 3 წლის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ სახელმწიფოდ ფორმირებისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ იყო და ძლიერ ინტელექტუალურ რესურსთან ერთად თავგანწირვაც სჭირდებოდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. ამასთან, უმნიშვნელოვანესი იყო საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებაც. 100 წლის წინ მსოფლიო მზად რა იყო დამოუკიდებელი საქართველოს საკუთარ ოჯახში მისაღებად და წითელმა რუსეთმა საქართველოც წითლად შეღება. ქვეყანამ დამოუკიდებლობასთან ერთად ერის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც დაკარგა - ზოგი იძულებითი ემიგრაციის უმძიმეს გზას დაადგა, ვინც დარჩა, ან მაშინვე მოსპეს, ანდა მომდევნო წლებში გაანადგურეს მიზანმიმართულად... მაგრამ საქართველოში არასოდეს შეუწყვეტიათ ფიქრი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე.

 

საქართველომ XX საუკუნეში ორჯერ გამოხატა მზადყოფნა, ყოფილიყო თავისი ბედის ნამდვილი შემოქმედი - ერთხელ საუკუნის დასაწყისში და მეორედ საუკუნის მიწურულს. მიუხედავად რუსეთის განსაკუთრებული მონდომებისა და დახვეწილი იდეოლოგიისა, მაქსიმალურად ჩაკლულიყო ეროვნული თვითმყოფადობა, ქართველმა ერმა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა, რასაც მხარი დაუჭირეს რესპუბლიკის მცხოვრებმა სხვადასხვა ერების წარმომადგენლებმაც.

 

გასული საუკუნის ბოლო ათწლეული მართლაც გამორჩეული იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რადგან 3000-წლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის განმავლობაში ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს არაერთხელ დაუკარგავთ თავისუფლება, მონობის უღელიც უტარებიათ, შინააშლილობისა და შუღლის ბალღამიც შეუსვამთ და ყოველთვის ერის განთავისუფლებაზე ოცნებობდნენ. ქართველი ერის ეთნოფსიქოლოგია ეფუძნება უძველეს ქრისტიანულ რწმენას, რომელმაც მე-4 საუკუნიდან დღემდე უამრავი პრობლემა დააძლევინა; ქართველობა განსაკუთრებით უფრთხილდებოდა ენას და დამწერლობას, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის; დღეს ქართული ანბანი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და მას იუნესკო იცავს, საუკუნეთა მანძილზე კი სწორედ ეკლესია-მონასტრებში იძერწებოდა ქართული ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული.

 

დრო ქმნის გმირებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გმირობისა და თავგანწირვის მაგალითს გვიჩვენებენ და თვითონ ქმნიან დროს. ასეთი ადამიანების მიმართ არასოდეს არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება მათსავე სიცოცხლეში და ხშირად გარდაცვალების შემდეგაც. საქართველოში დღესაც ბევრს ახსოვს გაზეთ „კომუნისტის“ 1956 წლის 15 დეკემბრის ცნობილი პუბლიკაცია „სარეველა“. წერილში ვრცლად იყო აღწერილი ახალგაზრდა დისიდენტების, ჯერ კიდევ ყმაწვილკაცების - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გურამ დოჩანაშვილის, ვოვა სიხარულიძის და მათი მეგობრების - „მავნებლური“ საქმიანობა. დრო გავიდა და, „კომუნისტმაც“ და კომუნისტებმაც შეიცვალეს დამოკიდებულება ამ „მავნებლების“ მიმართ. ყველა მიხვდა, - იდეოლოგიურად მომართულებიც და ამ იდეოლოგიით მართულებიც, - რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო: მათ შეძლეს და შექმნეს დრო, რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკავდა, თუკი შეეწინააღმდეგებოდნენ. ეს ის ვითარება იყო, როცა დინების მიმართულებას უბრალოდ გაყოლა არაფერს ნიშნავდა, ამ დინების ასაზვირთებლად ტალღად უნდა მიმატებოდა თითოეული ქართველი. ასეც მოხდა.

 

ერის გამოფხიზლებისთვის განგება არაერთ გამოცდას გვიწყობდა და გმირებსაც გამოკვეთდა დრო, რომელიც თავის მხრივ, განსაცდელს არ აკლებდა ერის რჩეულთ. ასეთი გმირი იყო ზვიად გამსახურდია, რომელსაც უფლის რჩეულის მისია ერგო წილად და ერი ერთიანად დაირაზმა ლიდერისა და მის მიერ მოწოდებული იდეის გარშემო. ამ იდეას საქართველოს დამოუკიდებლობა ერქვა. საბჭოთა დისიდენტს, სპეცსამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის, დაპატიმრების და გადასახლების მიუხედავად, არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შთამბეჭდავი ბიოგრაფია გამორჩეულია არამხოლოდ ბრძოლით, არამედ შემოქმედებითაც. მისი სამეცნიერო კვლევები და თარგმანები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, ისევე, როგორც მისი გამოსვლები გამოირჩეოდა ერუდიციით და თემის სიღრმისეული ცოდნით.

 

მიზანი, რომელმაც ეროვნული მოძრაობის ბევრი მოღვაწის სიცოცხლე შეიწირა, მიღწეულია - 1990 წლის 28 ოქტომბერს, 70 წლის მანძილზე პირველად, მრავალპარტიულად, დემოკრატიული გზით არჩეულმა უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქვეყნოდ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.

 

აღსრულდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნება. ხორცი შეისხა წინაპართა ოცნებამ. მქუხარე ტაში აზანზარებდა უზენაესი საბჭოს შენობას, ქართველი ხალხიც ერთიან აღფრთოვანებას მოეცვა, რადგან ეს იყო სისხლით, მსხვერპლით, თავგანწირვით მოპოვებული დამოუკიდებლობა.

 

უბრალო სტატისტიკად ნუ წარმოვადგენთ და გავიხსენოთ 31 მარტის რეფერენდუმის მონაცემები: კენჭისყრაში მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკის 3.326.100 ამომრჩეველი. შეკითხვას, - „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - დადებითად უპასუხა 3.295.493 ამომრჩეველმა, ანუ 99.08 პროცენტმა.

 

ეს უბრალო სტატისტიკა არ არის, რადგან 31 მარტის ისტორიულმა მოვლენამ - საყოველთაო რეფერენდუმმა რეალურად გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რადგან ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ახლანდელი განდგომილი მხარეების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის - ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. ამ ფაქტმა კრემლის დიდი გაღიზიანება გამოიწვია, რადგან 31 მარტის რეფერენდუმს წინ უსწრებდა იმავე წლის 17 მარტის რეფერენდუმი, რომლითაც საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ, და რომელშიც საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო.

 

სამოცდაათი წლის შემდეგ საქართველო კვლავ დაადგა სახელმწიფოს ეროვნული მოწყობის გზას. შესაბამისად, შეიქმნა ახალი სტრუქტურები. ეს თავისთავად რთული პროცესი სხვადასხვა ვარიაციით ყველა სახელმწიფომ განვლო. მაგრამ მდგომარეობას ამძაფრებდა ის რეალური ვითარება, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფებოდა. სრული დამოუკიდებლობის მიღწევას თან სდევდა ცნობილი დრამატული მოვლენები.

 

რეფერენდუმამდე და მის შემდეგაც ეკლიანი გზა გამოიარა ქვეყანამაც და მისმა ლიდერმაც, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული მსოფლიო მიესალმა რეფერენდუმის შედეგებს. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების 102-ე კონგრესის პირველ სესიაზე სენატის მიერ სენატორ ჰელსის ინიციატივით 1991 წლის 9 აპრილს მიღებული N94 რეზოლუცია, რომელშიც ვკითხულობთ: „31 მარტის რეფერენდუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ქართველი ერი უძველესი, განსაკუთრებული და ინდივიდუალური თვისებების მქონე ერია, რომელიც სათავეებს ქრისტეს შობამდე იღებს“. ამასთან, ამ რეზოლუციით აშშ სენატი „ადასტურებს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თვითგამორკვევის მოთხოვნას, რომელიც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე ქვეყნების საბოლოო აქტიდან გამომდინარეობს...“ („ქართული დიპლომატია“. თსუ გამომცემლობა, 2002 წ.).

 

საბჭოთა კავშირი ამ ორგანიზაციის მონაწილე ქვეყანა იყო. ამიტომ სენატი საბჭოთა მთავრობისგან მოითხოვდა „აღიაროს ქართველი ხალხის ნება და სცნოს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ლეგიტიმურობა.“

 

ეს იყო საქართველოსთან დაკავშირებული პირველი რეზოლუცია, რომელიც აშშ სენატმა მიიღო. მიუხედავად აშშ-ს მკვეთრი პოზიციისა და კატეგორიული ტონისა, რუსეთი პირველსავე ეტაპზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ახალფეხადგმული სახელმწიფოს წინსვლას და არც რეფერენდუმის შემდეგ აპირებდა პოზიციების დათმობას. ეროვნული უმცირესობების თემა ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად.

 

როგორც უკვე ვთქვი, ქართულ რეფერენდუმს წინ უსწრებდა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი - საბჭოთა იმპერიის შენარჩუნების ერთ-ერთი და, როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი ეტაპი. ვითარებაში კარგად გარკვეულმა დემოკრატიულმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ რეფერენდუმს, თუმცა აფხაზეთის ის გარკვეულ ნაწილში მაინც მოეწყო. შედეგად მივიღეთ ქართველ და აფხაზთა ინტერესების პოლარიზების პროვოცირება. და ეს იმ დროს, როცა გაუქმებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე უკვე დაწყებული იყო შეიარაღებული კონფლიქტი.

 

წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, და იმდენად დახვეწილად (თუმცა, ხანდახან ხისტად) მოქმედებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს - ზვიად გამსახურდიას ერთდროულად უწევდა რამდენიმე ურთულესი პრობლემის გადაწყვეტა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს ლიდერის მიმართვას კავკასიელი ხალხებისადმი დადებითად გამოეხმაურნენ. საერთო-კავკასიური სახლის იდეის პრაქტიკული ხორცშესხმა სწორედ საქართველოდან უნდა დაწყებულიყო, მით უფრო, რომ 31 მარტს თუ საქართველოს მომავლის საკითხი წყდებოდა, სექტემბერში საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმს სომხეთი ატარებდა.

 

უკვე დევნილობისას, ზვიად გამსახურდიამ საგანგებოდ მიმართა კავკასიის პოლიტიკურ ელიტას გროზნოში, 1993 წელს გამართულ ვახშამზე:

 

„საქართველომ პირველმა აღმართა დამოუკიდებლობის დროშა კავკასიაში, თუმცა ჩვენი ბრძოლა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს მეგობრობა ყველა ქვეყანასთან და პირველ რიგში ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. მეგობრობა კი შესაძლებელია მხოლოდ თანასწორებს შორის, მეგობრობა შეუძლებელია ბატონსა და მონას შორის“.

 

სალომე ზურაბიშვილმა კი 2018 წლის 16 დეკემბერს, ინაუგურაციაზე წარმოთქვა: „მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება!“

 

ორი ლიდერის პოზიციები 15-წლიანი ინტერვალითაც კი ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ორიენტირი და მიზანი არ შეუცვლელია, - ჩვენთვის დღესაც უმნიშვნელოვანესია ყველა მეზობელ ქვეყანასთან მეგობრობა და კავკასიაში პოზიციების გაძლიერება.

 

ამიტომაც მიმართავდა ზვიად გამსახურდია მთელი ქვეყნის მოსახლეობას და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს: „დღეს წინანდელზე მეტად არის საჭირო ჩვენი ხალხებისთვის დამახასიათებელი ერთიანობა, მოთმინება და გონივრული ნაბიჯები ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მხოლოდ ჩვენ, ერთად, თუ გამოვავლენთ სოლიდარობას, სურვილს, გავუგოთ ერთმანეთს დიალოგის გზით, შევძლებთ ავაშენოთ ჩვენი დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო“. (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ N61(81), 30 მარტი, 1991 წელი).

 

ლიდერი გამოფხიზლებულ საქართველოს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. მას ჰქონდა ამის საფუძველი. და განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდა აფხაზი ხალხისადმი: „თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში“. (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ N48(68), 12 მარტი, 1991 წელი).

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 9 აპრილს გამოცხადდა. ესეც სიმბოლურია, რადგან, ფაქტობრივად, 1989 წლის 9 აპრილს გადაწყდა საქართველოს ბედი. ამ დღემდე კი იყო მრავალწლიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის უმთავრესი მიზანიც - საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა - მიღწეულია.

 

ამ მოძრაობას მე-20 საუკუნის დამლევს სათავეში ედგა ზვიად გამსახურდია, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას და რასაც შეეწირა კიდეც, რადგან არასოდეს გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც საქართველოს ზნეობრივი აღორძინების გზად, რწმენაში განმტკიცების გზად, ქრისტეს გზად მიაჩნდა. სწორედ ამაში ხედავდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ერის გადარჩენას და სწორედ ამ გზაზე მიუძღოდა თავის მრავალტანჯულ ერს.

 

ამ გზაზე შემდგარი საქართველო აუცილებლად გადარჩება. დღეს კი, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან 28 წლის შემდეგაც, საქართველოს აიძულებენ, ისევ გზაგასაყარზე დადგეს, თუმცა არჩევანი უკვე გაკეთებულია. ეს არჩევანი გულისხმობს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ამ არჩევანს შეეწირა არაერთი ადამიანი საქართველოში - ისინი, რომლებსაც დრო ქმნიდა და ისინიც, რომლებიც დროს ქმნიდნენ. მათ შორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

 

„ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“ და „მძაფრმა ქარტეხილმა“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლეც შეიწირა, მაგრამ ვერაფერი დააკლო გმირის სახელს, გმირისა, რომელმაც დრო შექმნა.

 

 

ბონდო მძინარაშვილი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×