logo_geo
eng_logo
ამით პროკურატურა და უშიშროება უნდა დაინტერესდნენ!
- +

1 აპრილი. 2019. 18:03

 

წინამდებარე გვერდზე დაბეჭდილი დოკუმენტებით, რომელთა ფოტოპირებიც კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა, ქართული საგამოძიებო ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ, რადგან, შესაძლოა, საქმე სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხებოდეს.

 

რა კავშირი აქვს რუს ოკუპანტებთან და დონბასელ სეპარატისტებთან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს ?

 

ერთი შეხედვით, თითქოს, დაუჯერებელია, მაგრამ ამ საბუთების მიხედვით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ოლქის სეპარატისტული ორგანიზაციის წევრი გამოდის.

 

 კერძოდ, „დონბასის მოხალისეთა კავშირმა“, რომელიც რუსული ბანდფორმირების ლიდერმა ალექსანდრე ბოროდაიმ 2015 წელს ჩამოაყალიბა, გიგა კობალაძეს ამ ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა N10251 და სამკერდე ჯვარი გადასცა.

 

„დონბასის მოხალისეთა კავშირს“, რომელიც უკრაინაში შეჭრილ რუს აგრესორებსა და მათ სეპარატისტ მხარდამჭერებს აერთიანებს, საკუთარი წესდებაც გააჩნია, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციაში გაწევრიანება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

 

 ჩვენთვის უცნობია, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს გიგა კობალაძეს აქვს თუ არა რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა, როგორც წყარო გვეუბნება, უკრაინის სპეცსამსახურებისთვის ცნობილია, რომ იგი ნამდვილად „დონბასის მოხალისეთა კავშირის“ წევრია  და „ჰუმანიტარული ჯვარიც“ აქვს მინიჭებული.

 

აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო მხოლოდ იმ პირებს გადაეცემათ, რომლებიც უკრაინაში რუსი აგრესორებს ფინანსურად და „ჰუმანიტარულად“ ეხმარებიან, ანუ იარაღით, საბრძოლო მასალით, სპეციალური აღჭურვილობითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.

 

- კი მაგრამ, სად უკრაინაში შეჭრილი რუსი აგრესორები, დონბასელი სეპარატისტები, მათი იარაღითა თუ მედიკამენტებით მომარაგება და სად საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის თავმჯდომარე კობალაძე? - განცვიფრდება მკითხველი, თუმცა, ფაქტია, რომ სანდო წყაროს მიერ ჩვენთვის გადმოცემული საბუთების ფოტოპირები სწორედ კობალაძის რუს ოკუპანტებთან და დონბასელ სეპარატისტებთან მჭიდრო კავშირზე  მიუთითებენ.

 

ჩვენ რედაქცია ვართ და არა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ფოტოების მიხედვით დოკუმენტების ავთენტურობა დავადგინოთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ საგამოძიებო ორგანოებმა, რომელთა ყურადღების მიღმაც აღნიშნული საკითხი  არაფრით უნდა დარჩეს.

 

დიახ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ, ეხმარებოდა თუ არა კობალაძე რაიმე ფორმით უკრაინაში რუს ოკუპანტებს?

 

თუ იგი დონბასელ სეპარატისტებს თუნდაც მედიკამენტებით ამარაგებდა, რა სახსრებით აკეთებდა ამას - საკუთარი თუ იმ ქართველი ავტორების ფულით, რომელთა უფლებების დაცვის ასოციაციასაც ხელმძღვანელობს?

 

კობალაძე, რომელიც საჯარო გამოსვლებით ღიად ილაშქრებს რუსეთის წინააღმდეგ, ფარულად უკრაინაში რუს ოკუპანტებს ხომ არ ეხმარება  და პუტინის რეჟიმის ინტერესების სასარგებლოდ ხომ არ ირჯება?

 

მოკლედ, ჯერი ქართველ სამართალდამცავებზეა და მათ აქტიურად უნდა იმოქმედონ, რადგან, როგორც მინიმუმ, ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა, რომ ქართველ ხელოვანთა უფლებების დაცვა რუს ოკუპანტებთან შესაძლო კავშირის მქონე ადამიანს არ ჰქონდეს მინდობილი.

 

P.S. გიგა კობალაძესთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, დავუთმოთ ტრიბუნა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მივცეთ.

 

 

ბაჩო კოკაია

 

 

 

 


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×