logo_geo
eng_logo
სოსო ვაშაკიძე: კიდევ გაგიმეორებთ - სხვისი მოღალატე თქვენც გიღალატებთ!!!
- +

4 აპრილი. 2019. 19:17

 

 

ერთი ქალაქელი კაცის ფიქრები - სულით პატარა კაცებს!!!                                                

 

უმადურების, ჩასაფრებულების, დამკვირვებლების, ენის მიმტანების და მომსმენების გასაგონად: ჩემი განვლილი ცხოვრება ხელისგულზე დევს, სამშობლოსთვის და მეგობრებისთვის არასდროს მიღალატია, არც იმ საქმისთვის, რაც მებარა.

 

ვიმეორებ: არასდროს!

 

და თუ სიმართლე გითხარით პირისპირ, ისევ სათქვენოდ, არ მოგეწონათ? ცივი წყალი დალიეთ! 

 

60 წელი არც ბევრია და არც ცოტა, თან როცა საკუთარი ქვეყნის ჩარხის ტრიალმა თვალწინ ჩაგიარა. განსაკუთრებულია ბოლო 30 წელიწადი - სცენაზე, პარტერში თუ კულისებში მოძრავი პერსონაჟებით, ფლიდებით, აგენტებით, გულუბრყვილო მამულიშვილებით... ბევრი ვნახე, ბევრი განვიცადე, როგორც იტყვიან, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემ თავზე... იყო ყოფითი გაჭირვება: არა შუქი, არა წყალი, კვების პროდუქტებზე ტალონები, პურის რიგები, განუკითხაობა და „ბეზპრიძელი“, თუმცა მართალი თუ იყავი, იმ სიმართლეს დაამტკიცებდი, შეიძლება სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, მაგრამ მაინც დაამტკიცებდი.                                                       

 

2003 წლის ვითომ რევოლუციამ შვა მართვადი „ნაცბოზბანდა“- ხროვა, რომელიც აწარმოებდა ღირსების შელახვით ადამიანთა განადგურებას, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე ამტკიცებდნენ, რომ სხვაგვარად ქართველებთან მოქცევა შეუძლებელია, რადგან ისინი არიან უვარგისები, მავნებლები, ზარმაცები... ამგვარად, 9-10 წელი სვეს და წრუპეს ქართული გენოფონდის სისხლი... შემსრულებელებზე დღეს ამბობენ, ჩვენი გუნდის წევრები არიანო.

 

2012 წლის 1 ოქტომბერს ფარდა აეხადა ბოროტებას, ბოროტმოქმედებს, გამოუჩნდნენ მფარველები ოკეანის გაღმიდან, მეზობელი ქვეყნიდან, თუმცა გვარიანად გაფარჩაკებული და შეშინებულები იყვნენ... ცნობისათვის: 2013 წლიდან ველოდებით ს/ს საქმის-074220615801-ის დასრულებას წართმეულ ქონებაზე... 2019 წლის გაზაფხულია, ჯერ აჯაფსანდალის სეზონი არ დამდგარა, თუმცა ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია შემოდგმულია დიდი ქვაბით და თუხთუხებს. არადა, როგორც გამოცდილი კულინარები ამტკიცებენ, აჯაფსანდალისთვის ყველა ინგრედიენტი ცალ-ცალკე უნდა მოთუშო. ზუსტად ასე ითუშებიან ეკრანებზე, მერე ითიშებიან და ტივტივებენ, საკუთარი ნებით შეწოვილ ცხიმებში ზედმეტად გაზეთილები...                        

 

„კეკელა და მარო“ ორნი იყვნენ და ასე შემორჩნენ ქართულ ფოლკლორს. ნაცბოზბანდის დროინდელი ზონდერები უწყვეტი სტაჟით, 2003 წლიდან რომ იწყება მათი შრომითი ბიოგრაფია, ამდენ ხანს გატრუნულ-ჩასაფრებულები გამომზეურდნენ და ამოტივტივდნენ მაღალ ანაზღაურებად თანამდებობებზე და არა მარტო ორი, როგორც „კეკელა და მარო“, არამედ ბევრი ერთად! ადეიშვილ-მერაბიშვილის მეთოდიკით შეუდგნენ მუშაობას. ისეთ ზებუნებრივ რჩევებს აძლევენ თავიანთ ხელმძღვანელებს. ვშიშობ, ბატონმა მასკმა არ შეიტყოს, თორემ მათნაირ მრჩევლებზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდება, არადა, ჩვეულებრივი  ზონდერები არიან, ზოგიერთს რომ ჰკითხონ გუნდის წევრები არიანო...                                    

 

P.S. ადრეც გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ: სხვისი მოღალატე თქვენც გიღალატებთ!!!

 

საიდან მოხვედით ან რატომ მოხვედით, ჭორაობის და ფულის თვლის გარდა რამე თუ გაგიკეთებიათ?!

 

 

სოსო ვაშაკიძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×