logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: უმადურობის სინდრომი...
- +

16 აპრილი. 2019. 13:04

 

 

ბატონო ბიძინა, გინდათ, ცინცხალი ანეკდოტი გითხრათ? ამას წინებზე კახეთში ვიყავი, ერთი მოხუცი ქალი ქოთქოთებდა: იმე, ქააა, რაც ივანიშვილი მოიდა, თონეში პური აღარა დგება, სუ ცვივა. ადრე, მიხოს დროს როგო იყო, თონეში პური არა ცვიოდა-მეთქი? არაო, ეგეთი რამე არ მახსომსო.

 

ხედავთ, რა დონემდე მიიყვანა „რუსთავი 2“-მა და „ნაცმოძრაობამ“ ჩვენი „მოაზროვნე“ გლეხობა?

 

მეორე ანეკდოტსაც გეტყვით ისევ კახელების მაგალითზე: რთველი ახალი დაწყებული იყო, ერთი მომიჯნე მოეთრა, პლანებში აიარ-ჩამოიარა, ყურძენი შეათვალიერა, ამ კვირის ბოლოი უნდა დავკრიფო, მაგრამ რა გამოა, არ ვიცი, არ მამწონსო. რა სჭირს-მეთქი? რავი, რაც ივანიშვილი გამოჩნდა, გეგონება, ვაზი დაბერდა, ხეირიანად აღარ ისხამსო. კი ავუხსენი, კაი გვარიანად აჟუილებ, ივანიშვილი რა შუაშია-მეთქი, მაგრამ მაინც ვერაფერი გავაგებინე, თავის „ნაციონალურ“ აზრზე დარჩა.

 

ამნაირი ანეკდოტების მოყოლა ბლომად შემიძლია... თუმცა ამჯერად ესეც საკმარისია. შეიძლება ბევრს ეწყინოს, მაგრამ სიმართლე ჯანის სისაღეა, მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მთელი საქართველო თქვენ შემოგბღავით, ფული გაქვს და გვარჩინეო. გაივლი ბირჟაზე, სხედან მუტრუკები, არაფრის გამკეთებლები. მოიკითხავ, გამოელაპარაკები და ეგრევე იწყებენ - აბა, ივანიშვილმა რა გაგვიკეთა? არადა, ბევრი რამე კეთდება - გზა, წყალი, კვალი, ინტერნეტი, სკოლა, ბაღი, ამის ცენტრი, იმის ცენტრი, სკვერი... რომელი ერთი ჩამოვთვალო? შარშან ზაფხულს წნორი-დედოფლისწყაროს მაგისტრალი გაკეთდა, თუ მანამდე მისვლა-მოსვლას საათნახევარი სჭირდებოდა, ახლა 15 წუთის ამბავია. მიხოს დროს წნორში ყველა გზა ჩანგრეულ-გაპარტახებული იყო, ახლა გასივსივებული გზებია. იქაურები მაინც იძახიან - გზები ვჭამოთო? სხვათა შორის, მარტო ამ ორ რაიონში ამდენ გაკეთებულზე სიტყვა არავის დაუძრავს, არსად არაფერი გაშუქებულა. „ნაციონალები“ დადიან, დაწანწალებენ, ხალხს აბოლებენ და ლამის „მოაზროვნე“ გლეხობა დააჯერონ, რომ ყველაფერი მიხოს დროს გაკეთდა და არა ახლა. გამოგიტყდებით, ჩვენი მოსახლეობა (ნაწილზე ვამბობ) უფრო ჭკვიანი და განათლებული მეგონა. საამისო საფუძველიც მქონდა - კომუნისტების პერიოდში ნებისმიერი წიგნი არ რჩებოდა გაუყიდავი, მაღაზიებში რიგები იდგა ხოლმე. ვფიქრობდი, ერს, რომელიც ამდენ წიგნს კითხულობს, წინ ვერაფერი დაუდგება-მეთქი. თურმე სად ვბანაობდი? ეტყობა, წიგნის ყიდვა უბრალოდ მოდაში იყო, ზოგს მწნილის ქილაზე დასაფარებლად უნდოდა, ზოგს კიდევ თაროების შესავსებად. უთუოდ ასე იყო, თორემ აბა, ამ მცირე დროში ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი მასა ამნაირად გამოშტერებულიყო? გეუბნებით, ბოლო დროს ისეთებიც მხვდებიან, რომლებიც მოურიდებლად ლაპარაკობენ: კი, მიხოს დროს გვაწამეს, ცოლები გაგვიუპატიურეს, ჩვენც ზედ მიგვაყოლეს, ქონება წაგვართვეს, ღამის სამ საათზე ყველაფერი გადაგვაფორმებინეს, ციხის კედლები გვახეხინეს, მაგრამ მაინც ის დრო ჯობდაო. ვააახ, კაცოოო, მიკვირს და მომავალშიც გამიკვირდება, ესენი თუ მაზოხისტები არ არიან, რანაირად უნდა სჯობდეს ის დრო ამ დროს?!

 

წინა წერილში გითხარით, პირველი შეცდომა მაშინ დაუშვით, როცა თქვენ აკეთებდით და წითელ ლენტებს სხვები ჭრიდნენ-მეთქი. დიახ, სწორედ ამ შეცდომის წყალობაა, რომ დღეს გაკეთებულიც კი სააკაშვილს მიეწერება.

 

ახლა კი მოგახსენებთ მეორე შეცდომაზე: როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდით, თქვენს ხელქვეით მინისტრებსა თუ თანაპარტიელებს გამოუცხადეთ, რეკლამა საჭირო არ არის, საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოსო. შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში რეკლამა მართლაც არ არის საჭირო, მაგრამ ეს ის საქართველოა, სადაც სააკაშვილი ლამის ყოველდღე უყრიდა ფეიკ-საკენკს მოსახლეობას და მოსახლეობაც დიდი სიამოვნებით კენკავდა. ტიპი ტრიბუნას დაათრევდა, კუბოს სახურავი გეგონებოდათ, სოფელ-სოფელ დადიოდა, გაზის ბალონს მოატანინებდა, ვიღაცის ღუმელზე მიუერთებდა, აანთებდა და იყო „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთი ამბავი, ამა და ამ სოფელში ხელისუფლებამ გაზი გაიყვანაო. იქაურები კი რჩებოდნენ გაღიმებულნი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს ხომ სჯეროდა, რომ მიხო საქმეს აკეთებდა? ალბათ თქვენც გახსოვთ, თბილისის აეროპორტი თემურ ალასანიას მეცადინეობით და გიული ალასანიას მონდომებით თურქებს რომ გადაულოცეს, გაქანდა მიხო და ძველი აეროპორტი ხელახლა გახსნა. თან ნინო ბურჯანაძეც წაიყოლა. გადმოდგა, იქაქანა, იბოდიალა, აქ ვენახები უნდა გავაშენო, უცხოელი სტუმრები რომ ჩამოვლენ, ეგრევე შეაწვდიან ხელსა და პირსაც გაისველებენო. მერე, ისაო, ჩვენი აეროპორტი მსოფლიოში საუკეთესოა, მიუნხენისა და მადრიდისა ამასთან შედარებით ქოხებიაო. როცა მორჩა, ბურჯანაძე ეუბნება: მიშა, ამდენი ტყუილი როგორ თქვი, სად ჩვენი აეროპორტი, სად - მიუნხენისაო? მიხომ ჩაიკისკისა თავისებურად, რას ამბობ, ნინო, საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი თუ დაფრინავს უცხოეთში, 85 პროცენტმა არაფერი იცის, ჩემ ნათქვამს ყველა იჯერებსო. დაიჯერეს... შეიძლება 85-მა არა, მაგრამ 50-მა პროცენტმა ნამდვილად აკენკა მიხოს მიერ გადმოყრილი სისულელე. მეტიც, საზოგადოების ამავე ნაწილმა დეგენერატებისთვის განკუთვნილი სიმღერა - „მიშა მაგარია“ ჰიტად გაიხადა.

 

ბატონო ბიძინა, არ იფიქროთ (და არც არავინ იფიქროს), თითქოს მე ყველაფერში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას ვამტყუნებ. არა, აქამდე ვსაუბრობდი უმადურობით, უსაქმურობით, დაუნახავობით დაავადებულ მედროვეებზე. ასეთები კი, სამწუხაროდ, თქვენს გარშემო, თქვენს გარემოცვაშიც ბლომად აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, როცა პოლიტიკაში გამოჩნდით, პირველივე დღეებიდანვე წუხდით, ჩვენს საზოგადოებას ანალიზის უნარი აქვს დაკარგული და ეს უნარი უნდა დავუბრუნოთო. მცდელობაც გქონდათ, შექმენით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“, რომლის ეგიდითაც უნდა მოგემზადებინათ ექსპერტები და გადაგემზადებინათ ჟურნალისტები. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, ეს კარგი საქმე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩაიშალა. მახსოვს, ბევრმა იუკადრისა, რატომ უნდა მოგვამზადოთ და „რეიზა“ უნდა გადაგვამზადოთ, რა გვჭირს სამაგისოო? ვერ დაგიმალავთ, რამდენი სასიკეთო საქმეც წამოიწყეთ, იმდენჯერ დილეტანტები და ფულის მოყვარული მედროვეები შემოგეხვივნენ, ხოლო ვისაც ჭკუა ეკითხება (ეკითხებოდა), განზე დარჩა. პრინციპში, თქვენიც კარგად მესმის, მედროვეთა ტექნოლოგიები სპეციალურ შესწავლას და გაანალიზებას ითხოვს, ეს ცალკე დარგია, ცალკე მეცნიერებაა. 2012 წლის გაზაფხულზე თქვენ ასევე საუბარი წამოიწყეთ, ქართულ პრესას უნდა დავეხმაროთ, გავაძლიეროთო. კი გამიხარდა, არიქა, გაზეთებსაც ეშველებათ, ცოტა მოღონიერდებიან-მეთქი, მაგრამ „ქართული ოცნების“ კარიბჭესთან ეგრევე გაჩნდნენ ე.წ. მედიაექსპერტები თავიანთი უდღეური პროექტით, ანუ ფულის საკეთებელი „გენგეგმით“. როგორც ვიცი, მაშინ ამ ჯეელებმა 300 ათასი ლარი თუ დოლარი წაიღეს, რამდენიმე „კალიასკა“ იყიდეს, ვიღაცებს ჟურნალ-გაზეთები ჩაულაგეს, სოლოლაკში აატარ-ჩამოატარეს და ამით დამთავრდა. თან არეკლამებდნენ, მოძრავი ფოსტალიონების ინსტიტუტი შევქმენითო. ვაღიარებ, თქვენ მუდმივად კეთილშობილური მიზნები გამოძრავებთ, მაგრამ თითქმის ყოველთვის სამი მიზეზი გიშლით ხელს ამ მიზნების განხორციელებაში: პირველი - მედროვეები, მეორე - არაპროფესიონალთა დოღი, მესამე - თქვენივე ნდობა ორივე კასტის მიმართ, სანამ მიხვდებით, ვისთან გქონდათ საქმე. საერთოდ, ნებისმიერი ნორმალური ადამიანის ცხოვრებაშიც ასეა, ჩვენ ხშირად ვდგებით იმედგაცრუებისა თუ ღალატის წინაშე, ხშირად განვიცდით და გვტკივა, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, ეს ტკივილი მაინც იაფი გვიჯდება.

 

ბატონო ბიძინა, ვინც პირადად არ გიცნობთ, ყველას რობოტი ან ფულის ტომარა ჰგონიხართ, რომელმაც ავტომატურად უნდა არჩინოს მთელი საქართველო. დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობა რომ გქონდეთ, მთელი საქართველოს რჩენაზეც არ იტყოდით უარს, მაგრამ მომკალით და ვერ ვხედავ მადლიერებას, ვერ ვხედავ მადლობის მთქმელ ადამიანებს, პირიქით, ვისაც, თუნდაც ერთი თბილი სიტყვა უნდა დასცდენოდა, ყველა ბოღმას ანთხევს. კარგი, გადავდოთ უმადურობასთან დაკავშირებული საკითხები, ისევ საქმეს მივუბრუნდეთ... სხვათა შორის, მორიდებით მინდა გირჩიოთ, მიუხედავად ჩაშლილი პროექტებისა, იქნებ მაინც იფიქროთ ბეჭდური მედიის თემაზე. როდესაც თქვენ თქვით, პიარი არ გვინდაო, ერთი ხანობა ეს ინოვაციადაც კი ჩაითვალა, მაგრამ „ნაციონალებმა“ ჩირგვებიდან თავები წამოყვეს, ჩალაგებული ბარგი ამოალაგეს, პოლიტიკაში შემობრუნდნენ და ე.წ. საინფორმაციო მანქანაც ააგუგუნეს. თავიდან ცოტა უჭირდათ, მერე საშუალო დონეზე გადავიდნენ, ახლა კი მთელი ძალებით გიტევენ თქვენ და „ქართულ ოცნებას“, მთავრობას, საკანონმდებლო ორგანოს და ასე შემდეგ. დღეს ქვეყანაში დიდი საინფორმაციო ომია გაჩაღებული, შეიძლება თქვათ, „ნაციონალებისა“ აღარავის სჯერა, ამ საქმესაც ტყუილად შესჭიდებიანო... ეს რომ ასე არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებმაც გვაჩვენა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“, ასევე ხელისუფლება ვერ გასცდა „ნიუსის“ დონეს. ბოლო დროს ვხედავ რამდენიმე ექსპერტს, მაგრამ ისინიც მხოლოდ „ნიუსის“ ფორმატში მუშაობენ. ვერ ვხედავ მწერალ  ჟურნალისტებს, თუნდაც პროზაიკოსებს, რომლებიც ბეჭდურ მედიაში შექმნიან ერთგვარ იდეოლოგიურ ხაზს. დღეს ზოგი ფიქრობს, რაღა დროს გაზეთია, ყველა ინტერნეტშია შემძვრალი, იქიდან იღებს ინფორმაციასო. ესეც დიდი შეცდომაა, ჯერ ერთი, საქართველოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებმაც ალღო ვერ აუღეს კომპიუტერს, ან ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე და მეორეც - რეგიონებში უფრო სანდო და დამაჯერებელია ბეჭდური მედია. სხვათა შორის, „ნაციონალებმა“ ამაზეც იზრუნეს და ტელევიზიებთან ერთად პრესაც თავიანთ ჭკუაზე „მოაყომარეს“. მართალია, ნიჭიერი მწერალი ჟურნალისტებით და პუბლიცისტებით არც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა, მაგრამ ეს საქმე დემაგოგიის მაღალ დონეზე მაინც აქვთ განვითარებული. დღეს „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად სჭირდება იდეოლოგია, რომელიც საფუძვლად დაედება სწორი ანალიზი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რატომ ხდება, როგორ ხდება და რისთვის ხდება. სამწუხაროდ, ჩვენში სატელევიზიო სივრცე გადაიქცა დაბალი დონის რინგად, სადაც გონებაჩლუნგნი ერთმანეთს ჯიჯგნიან. რაც შეეხება გაზეთებს, აქაც კატასტროფული მდგომარეობაა - წერა-კითხვის უცოდინარნი გადასულნი არიან მხოლოდ ანგარიშსწორებასა და მავანთა ჩაძირვა-ლანძღვა-თათხვაზე. სამწუხაროდ, ბეჭდური მედიის თემაზე საუბარი აქ უნდა შევწყვიტო, შეიძლება ზოგმა იფიქროს, ზედელაშვილი რაღაც თავისას სთავაზობს და თან სათქმელს ბოლომდე არ ამბობსო. თქვენ თვითონ გადახედეთ, გააანალიზეთ, ჩემი აზრია, რომ სამწერლო სფეროს აშკარად სჭირდება დახმარება.

 

ბატონო ბიძინა, რაკი გაზეთი და ტელევიზია ვახსენე, ბარემ ერთ საკითხსაც შევეხები: შარშან პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა ენის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. მე პირადად ვიცნობ ბატონ გიორგის, უდავოდ ნიჭიერი კაცია, მაგრამ იქნებ მოიკითხოთ, რას აკეთებს ეს დეპარტამენტი, ან რისთვის შეიქმნა და რაში იხარჯება თანხები? მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, ახლა კი ეშველა ქართულ ენასო, არც ალიბეგაშვილი მინახავს და არც დეპარტამენტს გაუკეთებია რამე განცხადება. ეს იმ დროს, როცა საქართველო წალეკა უცხოენოვანმა აბრებმა და ლამის ბოლომდე წაიბილწა მშობლიური ენა. გარდა ამისა, თითქმის ხელახლაა დასაწერი ჩიქორთული ქართულით დაწერილი სასკოლო სახელმძღვანელოები. როგორც ჩანს, ესენი, ეს ახლადშექმნილნი წამოწვნენ მხართეძოზე და მიეცნენ საღათას ძილსა. ჰო, საღათას ძილზე გამახსენდა და მომდევნო წერილში მოგიყვებით, როგორ ფშვინავენ ნებიერად რეგიონებში მერები და მათი მოადგილეები, რომლებიც ავტომატურად „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებადაც ითვლებიან. სჯობდა, ეგენი თავმჯდომარეებად კი არა, პირდაპირ რესტორნების დირექტორებად გაგვემწესებინა, მაინც იქ სხედან დღე და ღამე, ჭიქას არ აგდებენ ხელიდან. 

 

პატივისცემით, გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×