logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ეგ გულები ცოტა მიძარ-მოძარით და... გაგვატარეთ, თუ შეიძლება!
- +

10 მაისი. 2019. 02:31

 

 

მე არც სტალინისტი ვყოფილვარ და არც „მამავ, ძვირფასო"-ზე მიტირია, ეგ ჩვენი მშობლების თაობა იყო, მაგრამ გოგლა ლეონიძის ამ ლექსზე მაშინ ხომ ვტიროდი, როცა ვისწავლე და ახლაც ეგრეა. რა ვქნა, ასეა, ეგაა განსხვავება ჩემსა და ჩემი შვილის თაობას შორის - იტიროს და გულისცემა აუჩქარდეს კი არა, შეუძლია გაკვირვებულმა გკითხოს - რა გჭირს, დედა, დამიბერდი, რა გატირებს? ეს ცრემლები უპირველესად ჩვენი ობლად გაზრდილი მშობლების თანაგრძნობის ცრემლებია, დიდ სამამულო ომში დაღუპული 350 ათასი ქართველი მეომრის და სამშობლოს სახელით თავდადებული ბიჭების ხსოვნის ცრემლები და რა, ძნელია ახლა ამისი გაგება? ეგ გულები ცოტა მიძარ-მოძარით, თორემ ცარიელი რომ გაქვთ, იმიტომაც გიყანყალებთ და ათასი სიბინძურე იბუდებს მაგ ფუღუროში... საბჭოთა სიმბოლიკა და დროშების ფრიალი და მოსკოვები და ლენინგრადები ის დროა, რომელშიც გავიზარდე და სულ მეხსომება, მაგრამ მტრის და მოყვარის გარჩევაც ვიცი და ნუ გადაგვაყოლეთ დროს, რომელშიც დავიბადეთ...

 

... ეს ლექსი კი ჩემთვის და ჩემი თაობისთვის მარადიულია და გაგვატარეთ, თუ შეიძლება!!!

 

****

1949 წ. ნოემბერს, ტამანის ნახევარკუნძულზე

ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი.

ლევანი რქმეოდა...

 

ღიმილის ბიჭი ვიყავი,

ბეჭზედ არწივი მეხატა,

ცხრამეტი წლისა შევსრულდი,

ოცი არ გადამეხადა,

 

სამშობლოს დროშა მეჭირა,

მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა, ქართველი

რომ გამხდარიყო ხიზანი,

 

დავკარი, ვიყავ მართალი,

ვით ჩემი ტყვიის მიზანი...

ნუ დაიდარდებ, დედაო,

მწარე სიკვდილის სევდასა.

 

დღეო, გადიდდი, გადიდდი,

შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო,

რაც მე სიკვდილით გაწყინე;

 

მე შენი ძუძუს ნათელი

საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი,

მაგრამ დაგხურე შუქური,

 

სამშობლოსათვის დავთხიე

სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.

მე არ დამკარგავს სამშობლო,

სულ ვეხსომები ლევანი,

 

სანამდის საქართველოში

იწურებოდეს მტევანი...

მტერთან ჩემ სიკვდილს ნუ იტყვით,

დამალეთ ჩემი სამარი,

 

თუ მტერმა გკითხოს, უთხარით,

კრემლშია, სტალინთან არი!

და თუ სტალინმა მიკითხოს,

უთხარ, არ ვიყავ ჯაბანი,

 

იქ ვდგევარ, სადაც ნათობენ

სტალინის მამაპაპანი!

ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,

პირზე მაყარეს ვარდები,

 

დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს

დამხურეს მუზარადები.

თუ გაუჭირდა სამშობლოს,

კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,

 

ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,

ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.

არ დაიდარდო, დედაო,

ნუ მიეცემი სევდასა.

 

დღეო, გადიდდი, გადიდდი,

შვილი ეყრება დედასა!

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×