logo_geo
eng_logo
რუსუდან რიგვავას 16 ივნისს 55 წელი შეუსრულდებოდა
- +

24 მაისი. 2019. 14:02

 

 

რუსუდან (რუსიკო) რიგვავა

16 ივნისს 55 წელი შეუსრულდებოდა.

 

მშობლების ნებიერა, ტოლ-ამხანაგების საიმედო დასაყრდენი, თანამდგომი და თანამგრძნობი, მკურნალი (სულისა თუ ხორცისა) - ასეთი საგზლით დადიოდა ამ ცოდვილ მიწაზე, სიცოცხლეს შეჰხაროდა და მის გარშემო მყოფთ ამავე მუხტით გვავსებდა.

 

ადვილი არ იყო ვიქტორია სირაძისა და სერგო რიგვავას შვილობა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება სამშობლოს ბედზე და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას მიუძღვნეს და შესაბამისად, დიდი პატივითა და ავტორიტეტით სარგებლობდნენ საზოგადოებაში.

 

რუსიკო ყოველმხრივ ერიდებოდა მშობლების გავლენისა და ავტორიტეტის გამოყენებას, ემძიმებოდა ეს ტვირთი.

 

ამიტომ იგი ადრეული ასაკიდანვე ცდილობდა თვითდამკვიდრებას საზოგადოებაში, თავის ტოლ-ამხანაგებში.

 

უპირველესად, მას მიაჩნდა, რომ ქვეყნად ყოვლისშემძლე და დაუმარცხებელი ძალა სიკეთე და სიყვარულია. მას შეეძლო უშურველად გაეცა, რაც ჰქონდა, რათა ბედნიერება მიენიჭებინა მის გარშემო მყოფთათვის.

 

თითქოს გრძნობდაო წუთისოფლის ხანმოკლეობას, რომელიც განგებამ დაუდგინა და ჩქარობდა თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის აღსრულებას.

 

ადრეულ ასაკში დაოჯახდა, თავისი ცხოვრება დაუკავშირა ცნობილი მკურნალის პროფესორ ზურაბ ჭილაძის ოჯახის ღირსეულ შვილს - ალეკო ჭილაძეს. მალე ვაჟიშვილიც, ზუკა ჭელიძე შეეძინათ.

 

მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე საკავშირო დახელოვნების ინსტიტუტის ორდინატურაც გაიარა.

 

23 წლის ასაკში, დისერტაციის ბრწყინვალედ დაცვის შემდეგ, მისმა ოპონენტმა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ლეგენდარულმა ქალბატონმა მარიამ გრიგალაშვილმა სიხარულით გვაუწყა, რომ დღეს ექიმთა ლაშქარს ერთი ღირსეული წევრი შეემატა, რაშიც ჩემი მოკრძალებული წვლილიცააო.

 

რუსიკო ბოლომდე იხარჯებოდა ოჯახში, საზოგადოებაში, სამეგობროში, სამსახურში.

 

„დამფრთხალი შვლის ნუკრისთვალება“, როგორც მას სიყვარულით უწოდებდნენ, ადამიანებისთვის მინიჭებული სიხარულით ხარობდა, რადგან მიაჩნდა, რომ სწორედ მადლი და სიყვარული დაკლებოდა მის დაბნეულ სამშობლოს (90-იანი წლების დასაწყისი) დამოუკიდებლობის გზაზე რომ შემდგარიყო და ვერც შემდგარიყო... ქარტეხილები აზანზარებდა...

 

ამ რთულ ვითარებაში, რუსიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას ბზარი გაუჩნდა, გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო, რომელიც მისი გადაწყვეტილებით, მოსკოვის იმ კლინიკაში უნდა ჩატარებულიყო, სადაც რუსიკო სასწავლო პრაქტიკას გადიოდა.

 

იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ოპერაციის მოსამზადებლად იყო საჭირო, ჩვენმა კეთილმა ფერიამ საოცარი სითბო და სიყვარული მიანიჭა პაციენტებს: ვის - ოპერაციის წინ ამხნევებდა, ვის - ოპერაციის შემდგომ პერიოდს უმსუბუქებდა...

 

მაგრამ მისთვის ოპერაცია საბედისწერო აღმოჩნდა, ექიმთა და ახლობლების ყოველგვარი ცდის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ეს შოკისმომგვრელი შედეგი მოულოდნელი იყო ყველასთვის, ვინც რუსიკოს იცნობდა; ვერ აგვეხსნა, სიკეთით, სიქველით, სიყვარულით, სილამაზითა და სხვა ღვთიური ნიჭით აღსავსე ადამიანის ასეთი აღსასრული.

 

დატოვა ფრთამოტეხილი მეუღლე, დედის ალერსით გაუმაძღარი ვაჟიშვილი, გულმოკლული ძმა, დაზაფრული მეგობრები, ხოლო სახელმწიფოს მშენებლობაში დამაშვრალ მშობლებს სიცოცხლე სასჯელად უქცია.

 

25 წელი გაილია იმ ავბედითი დღიდან, ჩვენო რუსიკო! ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა შენ სანუკვარ სამშობლოში. ზოგი - უკეთესობისკენ, ზოგი უარესობისკენ...

 

შენი ზუკა, რომელიც მამამაც ადრე მიატოვა და შენ მოგაშურა, კარგი ვაჟკაცი დადგა, არასოდეს არ უღალატია ჭილაძეების, სირაძე-რიგვავების ოჯახების ფასდაუდებელი ტრადიციებისათვის, მაგრამ მშობლების სითბოს მოკლებულს სევდის დაღი არ მოშორებია.

 

გვჯერა, მის მიერ შერჩეული გულისსწორი, მის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.

 

მალე შვილიშვილები აჟღურტულდებიან შენი და ალეკოს საფლავთან, რომ იებით მოგილოცონ ყოველი დღესასწაულის დადგომა. რათა იხაროს თქვენმა სულებმა.

 

ჩვენო დაუვიწყარიო, საყვარელო რუსიკო, ეს წელი ხომ შენი ძვირფასი დედიკოს საიუბილეო წელიცაა. აუჰ, რა სილამაზეს და სიყვარულს მოჰფენდი ამ დღეს!..

 

უფალმა სხვაგვარად ინება, შენ მაქედან მიულოცავ.

 

ჩვენ კი, მიუხედავად დიდი მონდომებისა, ამ თარიღის რამენაირად აღნიშვნისათვის მისგან კატეგორიული უარი მივიღეთ. იქნებ არც არის გასაკვირველი, რადგან ვიცით, რომ შენს შემდეგ მისთვის არავითარი ღირსშესანიშნავი თარიღი, გარდა შენთან დაკავშირებული თარიღებსა, არ არსებობს. მისი ყოველდღიური საქმიანობის ძირითად ნაწილს კი შენი და ალეკოს საფლავებზე მოსვლა და თქვენი სულებისათვის ლოცვა შეადგენს.

 

უფალმა უსმინოს.

მარადიულ ნათელში იყოს თქვენი უმანკო სულები...

აწ და მარადის.

მეგობრები

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×