logo_geo
eng_logo
„ნოსტალგია მრავლობით რიცხვში” - საქართველო ვასილე ბოტნარუს პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
- +

8 დეკემბერი. 2016. 21:45



9 დეკემბერს , 17:00 საათზე,  საქართველოს ხელოვნების სასახლეში ცნობილი  მოლდოველი  ჟურნალისტის და მხატვრის ვასილე ბოტნარუს პერსონალური გამოფენა Nostalgia, pluralia tantum" -  „ნოსტალგია მრავლობით რიცხვშიგაიხსნება.


გამოფენაზე წარმოდგენლი იქნება შერეული ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრები.


ვასილე ბოტნარუ - მოლდოვაში ცნობილი მხატვარია,  თავისი მოღვაწეობა გრაფიკაში მელნის გამოყენებით დაიწყო, შემდეგ თავის ნახატებში გამოიყენა ყავა და ღვინო.


გამოფენის სახელწოდებას ავტორი განმარტავს შემდეგნაირად:


„თითოეულ ადამიანში ერთდროულად ცოცხლობს წარსულიც და მომავალიც. აწმყო ჰგავს ქვიშის საათის იმ მონაკვეთს, რომლის მეშვეობითაც  ქვიშა გადადის კლეფსიდრას ზედა თასიდან ქვედა თასში. ჩვენში გადახლართულია მოგონებები და ოცნებები. ჩვენ ვაკეთილშობილებთ და სინათლით ვავსებთ იმ  ადგილებს და მოვლენებს, რომლებიც  შეადგენს  ჩვენი მოგონებების ვიტრაჟს. აწმყოს განუხორციელებული ოცნებები იხლართება რათა განხორციელდნენ მომავალში".


ვასილე ბოტნარუ დაიბადა 12 იანვარს 1957 წელს სოფლის მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი კიშინიოვში და მოსკოვში (ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის  სახელმწიფო უნივერსიტეტი). მუშაობდა ბეჭვდით მედიასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის სამუშაოზე. ამჟამად, ვასილე ბოტნარუ   რადიო ჟურნალისტიკით არის დაკავებული. იგი გახლავთ რადიო „თავისუფლების" კიშინიოვის ბიუროს ხელმძღვანელი და  ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის  ლექტორი.


სტუდენტობის წლებში გატაცებული იყო გრაფიკით. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს მიღებული აკადემიური განათლება ამ სფეროში, იგი  მხატვართა საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ორიგინალური და განსაკუთრებული მხატვარი, რომელიც ცნობილია თავისი ღვინით ხატვის ტექნიკით.


მისი ნამუშევრები არაერთხელ წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ მოლდოვურ და უცხოურ პრესაში, არამედ მრავალი მოლდოველი ავტორის პოეზიის კრებულებშიც. ვასილე ბოტნარუს ნამუშევრები გამოფენილი იყო რუმინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, კანადაში, ჩინეთში, ლატვიაში და ესტონეთში. 2016 წელს მან რუმინელ და მოლდოველ მხატვრებთან ერთად წარმოადგინა  თავისი ნამუშევრები ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში.


ღონისძიების ორგანიზატორები არიან  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მოლდოვას რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, მოლდოვას რესპუბლიკის საელჩო აზერბაიჯანსა და საქართველოში და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.


 


 

right_banner
არქივი
right_banner