logo_geo
eng_logo
ვინ ქმნის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს – „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში
- +

22 დეკემბერი. 2016. 22:25



საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ დარბაზში, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა გახსნა.


გამოფენა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის", ასოციაცია „ანიკას", მედიაჰოლდინგ „კვირას" და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია. წარმოდგენილი იყო კოლეჯ „სპექტრის" სტუდენტებისა და ასოციაცია „ანიკას" ბენეფიციარების მიერ დამზადებული სათამაშოები. მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთები, ოთახის სანათები, საათები და სხვადასხვა აქსესუარი.


„ანიკას" აღსაზრდელებმა გამოფენის მიმდინარეობისას ფერადი საღებავებით მოხატეს „სპექტრის" სტუდენტების მიერ შექმნილი ხის ნაკეთობები. წარმოდგენილი ნამუშევრები სიმბოლურ ფასად გაიყიდა, შესული თანხა კი, ასოციაცია „ანიკას" ბენეფიციარებს გადაერიცხებათ.


ღონისძიებაზე სტუმრებმა "კვირას" თანამშრომლის, კახა გოგიჩაშვილის მიერ გადაღებული ვიდეოც იხილეს, სადაც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შექმნის პროცესი იყო ასახული.


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის თქმით, გამოფენა მოეწყო სივრცეში, რომელიც ადაპტირებულია უნარშეზღუდულთათვის და ეტლით მოსარგებლეს საგამოფენო დარბაზში შესვლა პირდაპირ ქუჩიდან, სხვის დაუხმარებლად შეუძლია. იქვე არის სამკითხველო დარბაზი, რომელიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.


მირიან ხოსიტაშვილის ინფორმაციით, მანამდე იქ ნატოს საინფორმაციო ცენტრი იყო განთავსებული და შენობიდან მათი გადასვლის შემდეგ, დარბაზმა პირველ გამოფენას უმასპინძლა.

 

„ეს მეტად ორიგინალური გამოფენაა. საკმაოდ ლამაზი და საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები დღეს იშვიათია საბავშვო მაღაზიებში", - განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.


როგორც „სითი კვირას" მედიაჰოლდინგ „კვირას" გენერალურმა დირექტორმა, ქეთევან ხოსიტაშვილმა განუცხადა, ის მოიხიბლა იმ ნამუშევრებით, რომელიც ბენეფიციარებმა წარმოადგინეს.


„მსგავს აქტივობაში ჩართვა თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია და ვიმედოვნებ, რომ ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრებით ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან. კარგი იქნება, ეს სათამაშოები სერიულ წარმოებაში ვიხილოთ", - განაცხადა ქეთევან ხოსიტაშვილმა.


ასოციაცია „ანიკას" გამგეობის წევრმა, ირაკლი სეფერთელაძემ კი აღნიშნა, რომ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით საქართველო არ არის განებივრებული და სასიხარულოა, რომ ეს იდეა გაჩნდა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ქართულ ოჯახებში ბავშვები ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით ითამაშებენ.


კოლეჯ „სპეტრის" დირექტორ მათე ტაკიძის თქმით, საჭიროა საქართველოში ხის სათამაშოების წარმოება განვითარდეს და ამით ბიზნესი დაინტერესდეს.


„ამის პოპულარიზაცია დაწყებულია და ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო",- განაცხადა ტაკიძემ.


გამოფენის ორგანიზატორებმა ღონისძიება შობა-ახალი წლის მოახლოებას განგებ დაამთხვიეს, პატარა მეგობრების გასახარებლად, რათა ისინი მოახლოებულ დღესასწაულს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით შეხვდნენ.


ორგანიზატორები მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გეგმავენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დღის ცენტრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.


"სპექტრის" სტუდენტებმა ფოტორეპორტიორ გოგა ჩანადირს სიმბოლური საჩუქარი, მათ მიერ შექმნილი ხის ფოტოაპარატი უსახსოვრეს. კომპანია „ზედაზენმა" კი "ანიკას" ბენეფიციარებს და "სპექტრის" სტუდენტებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.


 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner