logo_geo
eng_logo
ხვალ კულტურის სამინისტროში ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
- +

9 იანვარი. 2017. 18:18


 


10 იანვარს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტს ავტორი ვაჟიკო ჩაჩხიანი თავად წარადგენს. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო დაესწრებიან.


„ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" - მსოფლიოში წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ 20 ნამუშევრიდან, სწორედ აღნიშნული პროექტი შეარჩია; ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა.


ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომლებიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ  ადამიანთა წარმოდგენებზე.


პროექტის კურატორია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - ჯულიან ჰეინენი, მწერალი, სპეციალიზირდება თანამედროვე ხელოვნებაზე.  2003 - 2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთერთი კურატორი. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.


2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენა („ვენეციის ბიენალე"). წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს „VIVA ARTE VIVA" (კურატორი კრისტინ მასელი).


ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონით მონაწილეობის მიზნით, არსენალეს ტერიტორიაზე, შენობაში „Artiglierie" განისაზღვრა 115 კვ.მ.ფართობის სივრცე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე გამოცხადდა კონკურსი; მიღებულ იქნა 20 პროექტი, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ განიხილა. კომისიის წევრები პროექტებს ინდივიდუალურად, ფარული კენჭისყრით  4 კრიტერიუმით აფასებდნენ:


კონცეფცია და მისი შესაბამისობა ვენეციის ბიენალეს ძირითად კონცეფციასთან მიმართებაში; პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის  გამოცდილება; ექსპოზიციის  დიზაინი;  ბიუჯეტის შესაბამისობა გამოფენის კონცეფციასა და ექსპოზიციის დიზაინთან მიმართებაში. კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" გახდა.


კომისიის წევრები:

გიორგი გეგეჭკორი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი;

ლილი მამაცაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორი, პროექტის - თანამედროვე ხელოვნების გალერეის კოორდინატორი (წარსულში ვენეციის ბიენალეს ქართული ეროვნული პავილიონის შესარჩევ კონკურსში კომისიის წევრი)

აკაკი რამიშვილი - საერთაშორისო აღიარების ქართველი ხელოვანი (წარსულში ვენეციის ბიენალეზე ქართული ეროვნული პავილიონის მონაწილე ხელოვანი)

ჩარლზ მერევეზერი - თბილისის ისტორიის მუზეუმის ფარგლებში პროექტის - თანამედროვე ხელოვნების გალერეის კურატორი (წარსულში Biennale of Sidney კურატორი, Getty foundation-ის მრჩეველი, Abu Dhabi Museum Island ვიცე დირექტორი)

ბიორნ გელდჰოფი - PinchukArtCentre კურატორი (კიევი), თანამედროვე ხელოვნების ცენტრის YARAT არტისტული და სტრატეგიული დირექტორი (ბაქო), (წარსულში უკრაინის ეროვნული პავილიონის კურატორი).




 

right_banner
არქივი
right_banner