logo_geo
eng_logo
დღეს მურმან ლებანიძის დაბადების დღეა!
- +

14 ნოემბერი. 2017. 19:23



პოეტი მურმან სოლომონის ძე ლებანიძე 1922 წლის 14 ნოემბერს აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში დაიბადა. 1940 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე წავიდა, იბრძოდა ჯერ კავკასიონის უღელტეხილზე, შემდეგ - ყუბანში.

1943 წელს ჭრილობების გამო დაბრუნდა თბილისში და 1945 წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში. 1948 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.

1945 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად ფრონტზე დაწერილი ლექსებისათვის. 1946 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1975-95 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1975-78 წლებში - ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პ/მგ მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე (1978-94), 1994 წლიდან თავმჯდომარე. იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე.


1950 წელს ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნა. გამოცემული აქვს ორიგინალურ თუ თარგმნილ ნაწარმოებთა ოთხმოც კრებულზე მეტი. პოეტის მთავარი წიგნებია: „რჩეული" (1972), „ანისის აღება" (1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი" (1974), „რჩეული ლირიკა" (1977), „რჩეული" (1979): საბავშვო წიგნები „ბიჭები" (1963), „ოთხი დრო" (1964), რჩეულ თხზულებათა ორტომეული (1989); „უკვდავი ყვავილები" _ კიპლინგის, ბერნსის, რუსული პოეზიის, იაპონური პოეზიის, ძველეგვიპტური ლირიკის რჩეული თარგმანები (1988), „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ!" (1981).


1970-72 წლებში შექმნილი ნაწარმოებებისათვის „ისტორიული პოემისათვის" 1973 წელს ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1992 წელს წიგნისათვის „ჩემს გალაქტიონს მე ვკითხე ერთხელ" მიენიჭა გ. ტაბიძის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1995). 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

1995 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მურმან ლებანიძე 2002 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner