logo_geo
eng_logo
ქუთაისის ოპერის თეატრში ვერდის „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართება
- +

19 დეკემბერი. 2017. 20:54


 

27 დეკემბერი ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) დაბადების დღეა. წლეულს თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება. დაბადების დღეს მუდამ გამორჩეულად ეგებება თეატრი. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ქუთაისის ოპერის თეატრი 27 დეკემბერს 19 საათზე მსმენელს პრემიერაზე მიიწვევს - თეატრის რეპერტუარს ჯუზეპე ვერდის კიდევ ერთი შედევრი - ოპერა „რიგოლეტო" შეემატება.

 

ქუთაისის ოპერის თეატრის ბოლოდროინდელ მოქმედ რეპერტუარში იყო ვერდის მხოლოდ ერთი ოპერა "ტრავიატა" (რეპერტუარშია ასევე რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები", პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება", ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", „დაისი", ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე", ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია", „პირველი სიყვარული", რევაზ ლაღიძის „ლელა",  ივანე გოკიელის „წითელქუდა", სერგეი რახმანინოვის „ალეკო"). შესაბამისად, აქტუალური და ძალიან საჭირო იყო "რიგოლეტოს" (ლიბრეტოს ავტორი - ფრანჩესკო მარია პიავე, ვიქტორ ჰიუგოს დრამის "მეფე ერთობა"-ს მიხედვით) ახალი დადგმა, მისი ახალი სცენური იერ-სახით წარმოდგენა. მოგეხსენებათ, "რიგოლეტო" მსოფლიო სამუსიკო კლასიკის იმ შედევრთა რიგს განეკუთვნება, რომლის რეპერტუარში არსებობა აუცილებელია საოპერო თეატრისთვის. „რიგოლეტოზე" იმუშავა სადადგმო-შემოქმედებითმა ჯგუფმა მრავალგზის ნაცადი რევაზ ჯავახიშვილისა (დამდგმელი დირიჟორი) და მაია გაჩეჩილაძის (დამდგმელი რეჟისორი), თეატრის ახალი მთავარი მხატვრის - თეო კუხიანიძისა და ვახტანგ უშვერიძის (დამდგმელი ქორეოგრაფი) შემადგენლობით.


საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები არმაზ დარაშვილი (მანტუას ჰერცოგი), სულხან გველესიანი (რიგოლეტო), გერმანიაში წარმატებით მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილი (ჯილდა), და ცხადია მასპინძლები - ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები კალისტრატე ხარჩილავა (სპარაფუჩილე), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), ბადრი ადამია (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.


„რიგოლეტოს" საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner