logo_geo
eng_logo
ქალმა მქარგველებმა ნაქარგი და ხელნაკეთი ნივთები სასტუმრო „მუზას“ საგამოფენო დარბაზში წარადგინეს
- +

8 მარტი. 2019. 20:10

 

გაზაფხულის შემობრძანების აღნიშვნისა და ქალთა დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიების ჩატარების სურვილმა 50-მდე ქალბატონი გააერთიანა, რომელთაც ნაქარგი და ხელნაკეთი ნივთები სასტუმრო „მუზას“ საგამოფენო დარბაზში წარუდგინეს საზოგადოებას.

 

გამოფენა „საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების ასოციაციამ“ წარმოადგინა, რომელიც 2013 წლიდან არსებობს და საქართველოში ამ დარგის პოპულარიზაციას ეწევა.

 

ასოციაცია აქამდე სხვადასხვა ქალაქებში აწყობდა გამოფენებს. სწორედ ახლა, თბილისში პირველად წარმოადგინა - სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნაქარგები, მათ შორის, მულინეს ძაფებითა და ლენტებით შესრულებული (ჯვრული, ნაცური), ასევე ულამაზესი ხელნაკეთი სამკაულები, ჩანთები და სხვა აქსესუარები.

 

„მე და ჩემი მეგობარი თამუნა ხორავა წლებია ერთად მოვდივართ. სწორედ მასთან ერთად გადავწყვიტე, რომ ხელსაქმე წამოგვეწყო. აქ მისი დამსახურებით მოვხდი, რომელიც ტყავის სამაჯურებს, საყურეებსა და სხვადასხვა ნივთებს აკეთებს. ასევე მეც მაქვს წარმოდგენილი სხვადასხვა ნივთები - ჩანთები, ბრელოკები და ა.შ.“,  - აღნიშნა მქარგავმა თამუნა ვარდოსანიძემ.

 

„გამოტანილი მაქვს 4 ნაქარგი - 3 არის ლენტით შესრულები და ერთია ჯვრული ნაქარგი. ჩემი ნახატებით ბევრი ინტერესდება, თუმცა შეკვეთებს არ ვიღებ, ჯერჯერობით, საკუთარ შემოქმედებით პროცესში ვარ“, - აღნიშნა ასოციაციის წევრმა მაია არაყიშვილმა.

 

„ხელსაქმე ჩემი ჰობია. მიუხედავად იმისა, რომ ბანკირი ვარ, ხელსაქმე მეტად მომწონს და გადავწყვიტე, სწორედ ამ მხრივ მოვახდინო ჩემი თავის რეალიზება. ვცდილობ, რომ ყველა, დიდ-პატარა, დავაინტერესო ამ საქმიანობით. თუკი სურვილი ექნებათ, ნებისმიერს დავეხმარები ამ საქმის შესწავლაში, ვინაიდან ეს საქმე უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელია“,  - აღნიშნავს მქარგავი ნანიკო ავლოხაშვილი.

 

„წარმოდგენილი ნამუშევრები ასოციაციის სახელითაა გამოფენილი. აქ არიან ქალბატონები და პატარა გოგონები, რომლები შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნიან. პირადად ჩემთვის, ქარგვა ჩემი სულის ნაწილია, დიდ სიყვარულს ვდებ თითოეული ნაქარგის შექმნაში. შემდეგ ფიქრობ, რა მოგწონს, როგორ ხედავ ამა თუ იმ ამ ნახატს და შემდეგ უკვე გინდა წარუდგინო საზოგადოებასაც შენი ნაშრომი. აუცილებელია, საზოგადოებამ შეგიფასოს და ნახოს შენი, როგორც შემოქმედის საქმიანობა. ასოციაციის სახელით შემდეგ გვაქვს კიდევ ერთი გამოფენა. თითოეული ჩვენგანი - მქარგველები, ვეფერებით ერთმანეთის ნამუშევრებს და ვაზიარებთ ემოციებს“,  - განაცხადა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარინა ლაგვილავამ.

 

„გამოფენაში უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას, პირველი დიდი გამოფენა ბათუმში გვქონდა, მანამდე კი თელავშიც იყო, ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებული. ხდება, ჯვრული ქარგვისა და ლენტებით ქარგვის პოპულარიზაცია. ვცდილობთ, რაც შეგვიძლია უკეთესად წარმოვაჩინოთ ჩვენი შემოქმედება“,  - განაცხადა მქარგველმა სოფიკო მარუქაშვილმა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები და ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯები. ჩვენი მიზანია, ხელსაქმის მეტი პოპულარიზაცია მოხდეს“, - განაცხადა მქარგველმა მეგი მახარაშვილმა.

 

„ნასიამოვნები ვარ, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი გვესტუმრა და დაათვალიერა ჩვენი ნამუშევრები. ჩვენი ასოციაცია ახლახან ჩამოყალიბდა, თუმცა, ისე დიდი ხანია ვფუნქციონირებთ. ჩემი ნამუშევრები ჩემი სიმშვიდის წყაროა. რომ არ ვქარგო, სხვანაირად არც შემიძლია“, - განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა მაკა შერმადინმა.

 

„დღევანდელი დღე არის უბედნიერესი, რადგან გამოფენილია 50 ქალის ხელით შესრულებული სურათები, რომელშიც მათი გული და ემოციაა ჩადებული. ჩვენ უნდა დავაფასოთ ამ ქალბატონების ხელები. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო“,  - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან კობიაშვილმა.

 

„მე თვითნასწავლი მქარგველი ვარ, 15 წელია ვქარგავ. ასევე მაქვს ხელნაკეთი ნივთები. ჩემი საქმიანობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ქარგვის პროცესი ძალიან დიდ სიმშვიდეს მანიჭებს. უბრალო ნემსითა და ძაფით ვქმნით ყველა ამ სილამაზეს“,  -განაცხადა მქარგველმა ნანა კარგიშვილმა.

 

„საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების ასოციაცია“ მიზნად ისახავს, კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს ხელსაქმეს საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×