logo_geo
eng_logo
ანტონიო გაუდის განსაკუთრებული შემოქმედება - არქიტექტორი, რომელმაც დროს გაუსწრო
- +

3 ივლისი. 2016. 03:18



ამბობენ, რომ 1926 წლის 12 ივნისს ნახევარი ბარსელონა გლოვობდა ანტონი გაუდის, იმ დროისთვის უკვე ძალიან პოპულარული არქიტექტორის გარდაცვალებას. გაუდიმ ფაქტობრივად ახალი ქალაქი შექმნა ბარსელონისგან, ის ქალაქი, რომელსაც დღეს უამრავი ტურისტი სტუმრობს და რომელსაც გაუდის სახლს ეძახიან. ზოგადად ანტონიო გაუდის ხელწერას მოდერნს, არტ-ნუვოს მიაკუთვნებენ რადგან მისი შექმნილი შენობები ეძებენ ახალს, ისე, რომ არ შორდებიან ტრადიციას. ყველა მოცულობა ერთი კონკრეტული კომპოზიციაა და უმცირეს დეტალსაც კი, საერთო ვიზუალში, უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.




წყარო: Casa Vicens



ანტონიო გაუდის ფლორალური მოტივები და მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება დეტალებისა და ბუნების მიმართ შეიძლება მისი ბავშვობით აიხსნას. პატარა ანტონიო რევმატიზმით იყო დაავადებული და თანატოლებთან ერთად არ თამაშობდა. ამიტომ აკვირდებოდა ყველა დეტალს ძალიან დიდი მონდომებით და იღებდა ინსპირაციას ბიო ფორმებისაგან. ზღვაზე გატარებულმა ბავშვობამ განაპირობა ისიც, რომ გაუდის შემოქმედება ქვიშის სასახლეს გავს. ახალგაზრდა არქიტექტორისთვის ისეთი წარმატებული დებიუტი, როგორიც Casa Vicens-აა, რთული წარმოსადგენია. სახლი ესპანურ ბურჟუასა და არაბულ ტრადიციებს აერთიანებს და ამას იაფი საშენი მასალითაც იოლად ახერხებს. გაუდი თითქოს ამ პროექტით სწავლობს ორნამენტის და მორთულობის ძალას არქიტექტურაში და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ხელოსნობამ ვაჭრის სახლი სასახლედ აქციოს. მიუხედავად იმისა, რომ არტ-ნუვოს სტილისტიკა ფასადში არ იგრძნობა, იდეა ნამდვილად მოდერნისტული მოძრაობისა გახლავთ.

 


 

წყარო: Casa Milla


მისი საყოველთაოდ ცნობილი ინდივიდუალიზმიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაუდის შემოქმედება ერთი, განუმეორებელი სტილია და ზოგადად არქიტექტურის თეორიისგან შორსაა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ახალგაზრდა გაუდი იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული იდეით, ნეო-გოთიკით იყო გატაცებული და პირველი პროექტებიც სწორედ ამ იდეებითაა გაჟღენთილი. ახალი კონსტრუქციული საშუალებები და ადრეული არტ-ნუვოს იდეები, ბუნებისგან წამოსული, ტრადიციული მაგრამ მაინც თანამედროვე პროექტების კეთების საშუალებას იძლეოდა. მალე გაუდი მთლიანად გამოვიდა მისი თანამედროვეობისთვის მახასიათებელი ეკლექტიკიდან და მოდერნის დახმარებით საკუთარი იდეები უფრო მკვეთრად წარმოაჩინა.

 


 

წყარო: Casa Batllo


კიდევ ერთი გამორჩეული პროექტია კასა ბატლო. არცერთ მოცულობაში ბუნება ისე არაა ჩაქსოვილი, როგორც ბატლოს სახლში: მასში თითქოს ყველა მისტიური ცხოველია გაერთიანებული, აივნები კი ჩიტის ბუდეებივითაა გადმოფენილი დენად ფასადზე. ყველა დეტალი ისეა გადაწყვეტილი, რომ მნახველი სახლის ბუნებრიობაში დაარწმუნოს. უკუთხო ფასადი კი ისეა გადაწყვეტილი, რომ ტყავით აგებულს გავს. ანტონიო გაუდის შემოქმედებით დეტალებზე, მის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებსა და ხელოსნობის ტექნიკაზე საუბარი ძალიან ვრცლად და დაუსრულებლად შეიძლება. თუმცა, მას არავითარი აზრი არ ექნება რადგან გაუდის არქიტექტურა განწყობის არქიტექტურაა. მოცულობა, რომელიც სივრცეს თვითონ ქმნის, ხოლო მათი კომპოზიცია მთლიან ქალაქს ქმნის. ფორმა, ბუნება და რელიგია ის სამი მთავარი კომპონენტია რაც გაუდის შენობებს კრავდა და ერთი ვიზუალური ლექსიკონის ნაწილს ხდიდა. მისი ისტორია კი არის უბრალოდ ხულიგანი ხელოვანის, გამოუსწორებელი ესთეტისა და ინდივიდუალისტის ისტორია, რომელიც დეტალებისგან ქმნიდა მასშტაბურ შედევრებს.

 


 

წყარო: Sagrada Familia


გაუდი ყველა იმ ადამიანისთვის არის ინსპირაციის წყარო, ვისაც სივრცე აინტერესებს, საკუთარი თავის გამოხატვა სურს და ადამიანის მომავალს რწმენით უყურებს. ალბათ, სწორედ ამ დაუსრულებელი იმედის ნიშანია გაუდის მაგნუმ ოპუსი, საგრადა ფამილიაც.
წყარო: metra.ge

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×