logo_geo
eng_logo
ყველაზე კარგად სამი რამის კეთება გამომდის: საქმის, სისულელეების და ბავშვების...
- +

11 ნოემბერი. 2016. 11:48



დღეს ჩემი მხრიდან იქნებოდა არა მხოლოდ ქალური სოლიდარობისადმი ღალატი, არამედ უსინდისობაც, რომ არ გამეფრთხილებინა ჩვენი აივნის სტუმარი ქალბატონები იმის შესახებ, რომ დღეს აუცილებლად განსაკუთრებულ ფორმაში უნდა მობრძანდნენ... 


დღეს მეც კი ვუღალატე ჩემს საყვარელ ჯინსებს და კიდევ უფრო საყვარელ ნახევრადგარღვეულ უთბილეს და უმყუდროეს თეთრ ჟაკეტს და ქუსლებზეც კი შევდექი.


საქმე კი ისაა, რომ დღეს ჩვენს აივანზე ამობრძანდება, მართალია, უკვე ძალიან გაჭაღარავებული (არა, მისთვის უფრო მოსახდენი სიტყვაა „გავერცხლისფერებული"), სავარაუდოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი, თანაც ცნობილი კინოვარსკვლავი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომლის ნიჭით მოხიბლული იყვნენ მსოფლიო კორიფეები ლუკინო ვისკონტი, მიქელანჯელო ანტონიონი და ჟან-ლუკ გოდარი. კაცი, ვისაც კრიტიკოსები ხუმრობით ეძახიან „ბელმონდოს მგრძნობიარე ქალებისთვის", ხოლო ის თავის თავს მისთვის ჩვეული იუმორით „ყოფილ სექს-ბომბას" უწოდებს. რაღა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ შეუდარებელ ალენ დელონს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1935 წლის 8 ნოემბერს.



მან კინემატოგრაფიაში მოსვლამდე ძალიან საინტერესო და რთული ცხოვრება გაიარა. ახალგაზრდობაში მუშაობდა გამყიდველად მამინაცვალის ხორცის მაღაზიაში, გაზეთების გამავრცელებლად, მტვირთავად, გარსონად პარიზის ბოჰემურ კაფეში, გაიარა სამხედრო სამსახური ვიეტნამში...



მაგრამ... როგორც იტყვიან, ერთხელ ის საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. ალენი შეამჩნია ერთ-ერთმა პროდიუსერმა. თავიდან მას ეჭვი ეპარებოდა ალენ დელონის მომავალში, რადგან, მისი შეფასებით, „ის ზედმეტად ლამაზი და თავის თავში შეყვარებული იყო". საბედნიეროდ, პროდიუსერი შეცდა. ალენს შეხედულებასთან ერთად აღმოაჩნდა არაჩვეულებრივი ნიჭიც და ქარიზმაც, რომელმაც თვითნასწავლ მსახიობს მოუტანა 82 მთავარი კინოროლი, მილიონობით ჰონორარები, მსოფლიო აღიარება და უამრავი თაყვანისმცემელი, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, მანდილოსნებს შორის. ქალებს კი მის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ...



ალენ დელონის თქმით, ყველაფერი, რასაც მან მიაღწია ცხოვრებაში, ხდებოდა მხოლოდ ქალების გამო, რომელთა თვალში მას ყოველთვის სურდა ყოფილიყო საუკეთესო და შეუდარებელი. მისი ყოველი სიყვარული ახალ აფეთქებას ჰგავდა. დელონის თქმით, ყველა ქალი, ვისთანაც მას სერიოზული ურთიერთობა აკავშირებდა, მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი იყო.



რამდენიმე წლის წინ დელონმა გამოუშვა წიგნი-ფოტოალბომი „ქალები ჩემს ცხოვრებაში", რომელშიც გაიხსენა ყველა მისთვის ძვირფასი ქალბატონი. სხვათა შორის, მათი რაოდენობა არცთუ ისე დიდია და დელონი ყველას იხსენებს დიდი სიყვარულით და პატივისცემით. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის ბრიჯიდ ბარდოს, რომელიც მეგობრობს ალენთან, რადგან ორივეს განსაკუთრებულად უყვარს ცხოველები.



უამრავი სერიოზული თუ ხანმოკლე რომანის მიუხედავად, ალენ დელონს ჰყავდა მხოლოდ ერთი ოფიციალური მეუღლე - ფოტომოდელი ნატალი ბართელემი, რომლისგანაც ალენს ჰყავს ვაჟი ენტონი. ამბობენ, რომ ალენი და ნატალი ერთმანეთს გარეგნობით იმდენად ჰგავდნენ, რომ ყველას და-ძმა ეგონა. სამწუხაროდ, ისინი ასევე ჰგავდნენ ერთმანეთს ტემპერამენტით და ალბათ ამიტომაც დაშორდნენ, თუმც შემდგომში მათ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და დღემდე მეგობრობენ.



ალენ დელონის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია დაკავშირებული იყო საოცარ რომი შნაიდერთან, რომელიც, ბევრის აზრით, სწორედ ამ სიყვარულს შეეწირა. მათ ევროპული კინემატოგრაფიის ყველაზე ლამაზ წყვილს ეძახდნენ. ცნობილი ფრანგი მწერლის ფრანსუაზა საგანის მოგონებით, ალენ დელონი რომის ცხოვრებაში ერთადერთი კაცი იყო, ვინც მას უყვარდა გაგიჟებით და ის ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ ალენს ცოლად შეერთო. ალენი კი იმ დროს არ იყო მზად, თავისუფლებას დამშვიდობებოდა და, მისივე თქმით, ვერ შეძლო, ბოლომდე შეეფასებინა ვერც რომი შნაიდერი და ვერც მისი გრძნობა რომისადმი. ის დღემდე დასტირის მას, 3 წლის წინ კი აღნიშნა მათი ნიშნობის 50 წლისთავი...



დელონს ასევე სერიოზული და საკმაოდ ხანგრძლივი, 15-წლიანი ურთიერთობები აკავშირებდა ცნობილ ფრანგ მსახიობთან მირეი დარკთან. დარკი ალენისთვის პირველ რიგში იყო ნამდვილი მეგობარი და, დაშორების მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს ძალიან ფაქიზი და ახლობლური ურთიერთობები.



მის უკანასკნელ სიყვარულს, მასზე გაცილებით უმცროს მოდელს როზალი ვან ბრემენს, რომელმაც ალენისგან ორი შვილი - ალენ ფაბიენი და ანუშკა გააჩინა, მობეზრდა ლოდინი, სანამ დელონი ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტდა მასთან ურთიერთობების დაკანონებას და ბავშვებთან ერთად ჰოლანდიაში დაბრუნდა, სადაც ცოლად გაჰყვა, სხვათა შორის, ალენ დელონის მეგობარს. როზალი იყო ალენ დელონის ცხოვრებაში პირველი და ერთადერთი ქალი, ვინც ალენი მიატოვა.



თავად ალენ დელონი არ მალავს, რომ მასთან ცხოვრება არის ნამდვილი გამოცდა, რადგან ის არის ადვილად ფეთქებადი და მოუთმენელი, რისი ატანაც ბევრს არ შეუძლია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „მე, როგორც მტაცებელი ცხოველი, ბოლომდე მოთვინიერებას არ ვემორჩილები და ამიტომაც ვარ განწირული მარტოობისთვის".



დღეს უკვე 81 წლის ალენ დელონი ცხოვრობს საკუთარ მამულ დუშიში, მდინარე ლუარას გვერდით, საყვარელი კატებისა და ძაღლების გარემოცვაში. განსაკუთრებით უყვარს კატა პუპუსი და ორი ციმბირული ლაიკა - შალვა და ჩარა. ის ამბობს, რომ მათთან თავს გაცილებით წყნარად გრძნობს, ვიდრე ადამიანებთან.



თუმცა ერთ-ერთ თავის უკანასკნელ ინტერვიუში ალენ დელონმა განაცხადა: „მე ვიცი, რომ ადამიანები კვდებიან არა მხოლოდ ავადმყოფობისგან, არამედ მარტოობისგანაც. მე შექმნილი ვიყავი წარმატებისთვის, მაგრამ არა ბედნიერებისთვის. დღეს კი ბედნიერი ვარ მხოლოდ მაშინ, როდესაც საღამოობით ჩემ საწოლში შემოძვრება ჩემი კატა. ასეთ წუთებში ვხვდები, რომ მზად ვარ სიკვდილისთვის"...



აქ განგებ შევწყვეტ ფრაზას, რათა კარგად განიცადოთ და - ტრაგიკული პაუზის შემდეგ - დაგაწყნარებთ, რომ ალენ დელონმა ფრაზა იმით გააგრძელა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ მოვა „ის ბრძენი, დელიკატური ქალი, რომელიც შემოაბრუნებს მას სიცოცხლისაკენ"...



ასე რომ, ტყუილად კი არ გითხარით, გამოიპრანჭეთ-მეთქი და მეც ტყუილად კი არ შევდექი ქუსლებზე, რომლებსაც ბავშვობიდან ვერ ვიტან...


გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და „ქუსლებზე შემდგარ დღეს"!



ავტორი: ლელა ანჯაფარიძე


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner