logo_geo
eng_logo
ჰიტლერის „მერსედესი“, რომელიც ადოლფმა კაუდილიო ფრანკოს აჩუქა
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:47


 

კლასიკური გაგებით, ავტომობილს, რომელსაც ორის ნაცვლად სამი ღერძი აქვს, ორი უპირატესობით გამოირჩევა: მეტი ტვირთამწეობით და მეტი წევით მაშინ, როცა ასფალტი მთავრდება. მაგრამ მას მერე, რაც „დაიმლერმა" Mercedes G 63 AMG 6x6 გამოუშვა, სამღერძიანი ავტომობილის უპირატესობებს კიდევ ერთი შეემატა: მაღალი სტატუსის ფაქტორი.


6-ბორბლიანმა „ბენცმა" მაშინვე მიიზიდა მდიდარი ადამიანები და თანაც იმდენად, რომ მას მერე „დაიმლერს" არაერთმა კომპანიამ მიჰბაძა. ჩვენც ვწერდით 6-ბორბლიანი „ლენდ კრუიზერის", Jeep Wrangler-ის და Ford Raptor-ის შესახებ. ახლა კი, გვინდა, გაგაცნოთ, ანდა, თუკი იცნობდით, უბრალოდ გაგახსენოთ Mercedes G4 (W31), რომელიც 1934-დან 1939 წლამდე იწარმოებოდა და რომელსაც ასევე 6 ბორბალი ჰქონდა.


ამ ავტომობილის მთავარი მისიები სულაც არ იყო ტვირთამწეობა და წევა ოფროუდზე - Mercedes G4 მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში სწორედ სტატუსის განმსაზღვრელი ავტომობილი გახლდათ. ამის დასტური თუნდაც მხოლოდ ის არის, რომ ადოლფ ჰიტლერი სწორედ ამ ავტომობილით სარგებლობდა და სწორედ ეს მანქანა აჩუქა გერმანიამ ესპანეთის კაუდილიო ფრანსისკო ფრანკოს, მონარქიის აღდგენის შემდეგ კი, ეს მანქანა ესპანეთის სამეფო ოჯახის საკუთრება გახდა.



აღსანიშნავია, რომ შესაძლებელი იყო ამძრაობის შერჩევა: მანქანა მოძრაობაში ან მხოლოდ უკანა 4 ბორბალს მოჰყავდა, ანდა ექვსივეს ერთად. იმ დროისთვის, ამძრაობის ასეთი მექანიზმი ერთობ რთული იყო, რის გამოც G4-ის მაქსიმალური სისწრაფე 67 კმ/სთ-ზე იყო შეზღუდული. კაპოტის ქვეშ 5,4 ლიტრი მოცულობის 8-ცილინდრიანი ძრავა მუშაობდა.




მთავარ ფოტოზე სწორედ ესპანეთის სამეფო სახლის ეგზემპლარს ხედავთ, რომელიც 1939 წელსაა გამოშვებული. ამ ეგზემპლარს რესტავრაცია რამდენიმე წლის წინ Mercedes-Benz Classic Center-ში ჩაუტარეს. რესტავრაციას 3 წელი დასჭირდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი უიშვიათესი ეგზემპლარია - გერმანიის საჩუქარი ესპანეთს - უფრო სწორად, ჰიტლერის საჩუქარი ესპანეთს. დღესდღეობით, 57 ეგზემპლარიდან მხოლოდ 3 მიიჩნევა აბსოლუტურად ავთენტურად. არსებობს კიდევ რამდენიმე ეგზემპლარი, მაგრამ ორიგინალის დამადასტურებელი საბუთების გარეშე.



ტექნიკური მონაცემები - Mercedes-Benz G4 (W31)

სულ გამოვიდა 57 ეგზემპლარი (1934-1939)

დღემდე შემორჩენილია 3 აბსოლუტურად ავთენტური ეგზემპლარი

სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5360-6720/1870/1900 მმ

მობრუნების რადიუსი: 17 მეტრი

წონა: დაახლოებით 3 700 კგ.

ტვირთამწეობა: 4 400 კგ.

მაქსიმალური სისწრაფე: 67 კმ/სთ

საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე: 28 ლიტრი (ქალაქში), 38 ლიტრი (ოფროუდზე)

ძრავა: Daimler Benz M24 ან M24 II (8-ცილინდრიანი)

ძრავის მოცულობა: 5.0 ლ., მოგვიანებით 5.4 ლ.

სიმძლავრე: 100 / 110 ცხენის ძალა

ამძრაობა: უკანა (4 ბორბალი) ან სრული (ორი დიფერენციალის ბლოკირება)

გადაცემათა კოლოფი: 4-საფეხურიანი


წყარო: autobild.ge

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner