logo_geo
eng_logo
ვინ შექმნა მემორიალი ილიას საფლავისთვის...
- +

16 იანვარი. 2017. 03:04


 


როდენის ქართველი ასისტენტი, რომელმაც პარიზში ცხოვრებას სამშობლოში დაბრუნება არჩია მიუხედავად დიდი პერსპექტივისა საზღვარგარეთ, მან სამშობლოში დაბრუნება და მუშაობა არჩია. ცნობილი ფრანგი მოქანდაკის გავლენის ქვეშ მოქცეულმა, საკუთარი ინდივიდუალური გზის პოვნით მოტივირებულმა, საქართველოში პირველი ქართველი პროფესიონალი მოქანდაკის სახელი დაიმკვიდრა.


როდენისა და ნიკოლაძის ქუჩები


ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პრორექტორი, აკადემიკოსი და პროფესორი იაკობ ნიკოლაძე ვერაზე ცხოვრობდა.


ბინა-სახელოსნო მოქანდაკის დაკვეთით აშენდა, რომელშიც შუქი კარგად აღწევდა. ერთხელაც, კარზე დააკაკუნეს. მთავრობიდან იყვნენ. უცხო კაცმა მასპინძელს უთხრა: „ამ ქუჩას თქვენი სახელი უნდა დავარქვათ". „მესიამოვნება, თუ ქუჩას ჩემი მასწავლებლის სახელს დაარქმევთ - ოგიუსტ როდენი", - უპასუხა მოქანდაკემ. კაცმა თავი დაუქნია, მიტრიალდა და წავიდა. მეორე დღესვე ქუჩას ოგიუსტ როდენის სახელი დაარქვეს. მეორე მხარეს, პარალელურად, მოქანდაკის სახლში შესასვლელი ქუჩა იაკობ ნიკოლაძის სახელობის გახდა და მას შემდეგ, მოქანდაკე სტუმრებს თავისთან ასე პატიჟებდა: „მობრძანდით, ჩემი სახელობის ქუჩა #18-ში..."


მეცამეტე შვილი

 

იაკობი ქუთაისში დაიბადა. ის ოჯახის მეცამეტე შვილი იყო. უწინ ბავშვები მცირე ასაკში ხშირად იღუპებოდნენ და არც იაკობის ოჯახი აღმოჩნდა გამონაკლისი - მხოლოდ ოთხი ბავშვი დადგა ფეხზე. იაკობს მამა ადრე გარდაეცვალა. ხატვისა და ძერწვისადმი ინტერესი სკოლის ასაკში გამოუვლენია. პირველად ყვავილი დაუხატავს და ხელი ასე მოუწერია - "ჩემი ნახატი".


დედამ იაკობი ქუთაისის გიმნაზიაში შეიყვანა, შემდეგ უფროსმა ძმამ ბათუმში წაიყვანა, სადაც იაკობი სახელოსნო სასწავლებელში სწავლობდა. ერთი პერიოდი ოდესაში ცხოვრობდა, შემდეგ ისევ ბათუმში დაბრუნდა და იქიდან საფრანგეთში გაემგზავრა. ორი წელი მოსკოვის სტროგანოვის სამხატვრო სასწავლებელშიც გაატარა, მაგრამ როგორც თავად აღწერდა, იქაურმა სწავლების კურსმა და მიმართულებამ არ დააკმაყოფილა. იაკობს საფრანგეთში გამგზავრებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაეხმარა. მომავალი მოქანდაკე განათლების მისაღებად დავით სარაჯიშვილის დანიშნული სტიპენდიით წავიდა.


წერილი დედას

 

იაკობი ბათუმიდან სტამბოლში, იქიდან კი მარსელში მიმავალი გემების ყველაზე იაფფასიანი ბილეთით გაემგზავრა. პარიზში ჩასული იაკობი დედას სწერდა:


„საყვარელო დედა ბატონო!

 

პირველად თქვენს სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, კარგად ვარ. დღეს ჩამოვედი პარიჟში - მარსელიდან. სტამბოლიდან გამოვედი ოთხშაბათს და სამშაბათს მარსელში ჩამოვედი და მეორე დღეს აქა... ოთახი ვიქირავე მეოთხე სართულზე, 15 ფრანკად. ე.ი. ექვს მანათად თვეში.

 

სადილი, ვახშამი, ყავა (აქ ჩაი არ არის, როგორც სტამბოლში) სულ 70 ფრანკად. ე.ი. ოცდარვა მანათად თვეში. შეიძლება ეს ძვირი იყოს, მაგრამ ვეცდები იაფიანი ვიშოვო. სახლის ქირა წინდაწინ გამომართვეს, სადილის კი თვის დამლევში უნდა მივცე...

 

აქ სულ სამი წელიწადი დავრჩები. თქვენ იცით, როგორ არ დამივიწყებთ. რა არის, რომ ერთი წერილი ვერ მომწერეთ. სხვა რა მოგწეროთ, დედა. მალევე მოგწერთ პარიჟის ვითარებას... მხოლოდ ვიტყვი, რომ აქ სამოთხე ყოფილა. შენი მორჩილი შვილი იაკობი".


როდენთან პარიზში


მის სტუდენტობას ფუფუნებაში ნამდვილად არ გაუვლია. თუმცა, იაკობმა პარიზის ხელოვნების აკადემია რომ დაამთავრა, საფრანგეთიდან წამოსვლა არ უნდოდა. ფიქრობდა, რომ თავის საქმეში ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა. იაკობის და საფრანგეთში, კემულარიაზე იყო გათხოვილი და ერთხანს სიძესთანაც ცხოვრობდა. მას პარიზის კაზმული ხელოვნების აკადემიაში საკმაოდ ცნობილი მხატვრები ასწავლიდნენ: ალექსანდრე ფალგიერი, ანტონ მერსიე, თუმცა, როდენმა ყველა დაჩრდილა...


იაკობმა მცირე ხანს იტალიაშიც იცხოვრა, რის შემდეგაც, მუშაობას საფრანგეთში, როდენთან იწყებს. თუმცა, მანამდე იაკობი ორ მოქანდაკესთან მივიდა და მათ მუშაობაში დახმარება შესთავაზა. არ მიიღეს, რადგან ბევრი ასისტენტი ჰყავდათ. ცნობილია, რომ როდენს ყოველთვის ერთი ასისტენტი ეხმარებოდა და ეს საკმაოდ რთული მისია იყო. მკაცრ და თავისებური ხასიათის შემოქმედთან ერთ თვეს თუ გაძლებდი, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. რუსეთის სათვისტომოს თავმჯდომარე გოლუბევის დახმარებით, იაკობმა როდენის გაცნობა შეძლო. მან უთხრა, ბაღში გასულიყო და ქვაზე მისი რომელიმე ნამუშევარი გადაეტანა. იაკობმა როდენის "იოანე ნათლისმცემლის თავი" ამოარჩია, მარმარილოში თვე-ნახევარში გამოაქანდაკა და აკადემიაში მიუტანა. როდენს ნამუშევარი მოეწონა და უთხრა, თუ დილით ადრე ადგომა შეეძლო, მასთან ვილაში მისულიყო და ასისტენტობა გაეწია. როცა იაკობი მეორე დილას, თავისი ინსტრუმენტებით როდენთან მივიდა, კარი გაიღო და იქიდან გამოვიდა კაცი, რომელიც როდენს ეხმარებოდა. იაკობს უფიქრია, - ალბათ ცოტა ხანში მეც ამგვარად გამიშვებსო, მაგრამ ასე არ მოხდა. იაკობმა მასთან წელიწადი და სამი თვე გაატარა, შემდეგ თვითონ გადაწყვიტა წამოსვლა და ამის მიზეზი ილიას მკვლელობა იყო. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს უნდა გადაეწყვიტათ, თუ ვინ დადგამდა ილიას გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე ძეგლს. ამ შეკრებას დავით სარაჯიშვილიც ესწრებოდა. მას უთქვამს, საფრანგეთში ახალგაზრდა მოქანდაკე რომ გვყავს, ეს ნამუშევარი მას დავუკვეთოთო. ასეც მოხდა და მთაწმინდის პანთეონში, ილიას საფლავის მონუმენტური ნამუშევარი „მწუხარე საქართველო" იაკობს დაამზადებინეს. დავით სარაჯიშვილი საფრანგეთში რომ ჩადიოდა, თურმე, იაკობსაც მოინახულებდა ხოლმე და იმ პერიოდში იაკობს მისი ბიუსტიც გაუკეთებია.


რამდენიმე წლის წინ, იტალიაში ვილა ბორგეზე იაკობის შესრულებული რუსთაველის ბიუსტი დადგეს; შემდეგ ბათუმში, ზღვისპირა ქალაქის განახლებისას, იგივე ნამუშევარი გაიხსნა - მხოლოდ, შოთა რუსთაველის ბიუსტი აქ მოოქრული სახითაა. ასევე, ბათუმში დაიდგა მოოქრული და ზომებში გაზრდილი „მოცეკვავეს" ფიგურა, რომელიც იაკობ ნიკოლაძემ პარიზში, 1905 წელს შექმნა.

 

შემოქმედება

 

XIX-ს ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, ნიკოლაძემ პირველმა შემოიტანა ევროპული სულისკვეთება და საფუძველი ჩაუყარა ქართული ქანდაკების განვითარებას. მისი ნამუშევრების ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, უფრო დიდი ნაწილი კი სახელოსნოში, სადაც მოქანდაკის შექმნილი ქანდაკებები, ბიუსტები, პორტრეტები და სხვადასხვა ფიგურაა.


მართალია, ის არაერთი ძეგლისა და ფიგურის ავტორია, მაგრამ მაინც პორტრეტისტად ითვლება. 1897 წელს ნიკოლაძე შოთა რუსთაველისა და ალექსი-მესხიშვილის პორტრეტულ გამოსახულებებს ქმნის, რის შემდეგაც, ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მოქანდაკის საუკეთესო ნამუშევრებს შორის არის რამდენიმე პორტრეტი-ბიუსტი, მათ შორის: XII საუკუნის ქართველი მოაზროვნისა და პოეტის - ჩახრუხაძის, აკაკი წერეთელის, ილია ჭავჭავაძის, ეგნატე ნინოშვილის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი და სხვა.


ოჯახი და სიცოცხლის ბოლო წლები...

 

იაკობ ნიკოლაძე გონებამახვილი და არტისტული ხასიათის ყოფილა. მის ფოტოებს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, თუ როგორ პოზირებს ყველა ფოტოზე: ქანდაკებასავით დგას და ჩამოყალიბებული აქვს კომპოზიცია.


იაკობის პირველი მეუღლე სალომე სულხანიშვილი გახლდათ, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა: თეონა, ირაკლი და მაია. სამწუხაროდ, ვაჟი მცირე ასაკში გარდაიცვალა. მოგვიანებით, ის გერმანელ ქალბატონზე დაქორწინდა, რომელთანაც ტყუპი ეყოლა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლე ამ შემთხვევაშიც ხანმოკლე აღმოჩნდა. სამი გარდაცვლილი შვილის მამა მთლიანად მუშაობაზე გადაერთო. სურდა, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე აღეზარდა ქანდაკების სფეროში.


სიცოცხლის ბოლო წლებში იაკობს ფილტვები აწუხებდა. აკადემიის სტუდენტები მოსანახულებლად ხშირად აკითხავდნენ და ხურმა მოჰქონდათ, - ფილტვებისთვის კარგიაო. ერთხელ სტუდენტებს მისთვის ხაშიც მოუტანიათ. მეუღლე იაკობთან ოთახში შესულა, რომ ჩაცმაში დახმარებოდა. საწოლზე წამომჯდარმა მოქანდაკემ მეუღლე გვერდით გასწია და ფანჯარას გახედა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა, მერე თვალი დახუჭა და სული დალია.

 

იაკობ ნიკოლაძე 1951 წლის 10 მარტს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდაზე, ილიას საფლავის წინ დაკრძალეს.

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner