logo_geo
eng_logo
რა წერია რუის-ურბნისის კრების განჩინებაში, რომელსაც დღემდე საეკლესიო კანონის ძალა აქვს?!
- +

1 მარტი. 2017. 00:17



1105 წელს გაიმართა დიდი საეკლესიო კრება აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფის, დავით აღმაშენებლის ბრძანებით, მრავალ მიზეზთა გამო. ვინაიდან კრების განჩინება ვრცელია, შემოგთავაზებთ საყურადღებო ამონარიდებს:


„პირველ რიგში განვკვეთეთ და მღვდლობის პატივი ჩამოვართვით ისეთ ეპისკოპოსებს, რომლებიც ღირსეულად ვერ ატარებენ მღვდელმთავრობის პატივს და უღირსნი არიან პირველი მწყემსმთავრის ქრისტესი, რადგან სიწმინდის შეხება არაწმინდისგან არ შეიძლება. მათ ნაცვლად დავადგინეთ სხვები, ასაკითაც და საქმითაც სარწმუნონი, რომლებმაც კეთილად გამოაწრთეს ხორცი და დაუმორჩილეს სულს.

 

ქრთამის და საფასურის შესახებ: ასეთი უნდა ჩამოშორდეს ეკლესიას და მას უნდა აეკრძალოს მღვდლობა თავის მაკურთხეველთან ერთად. ამიერიდან ასეთი რამის ჩადენა არავინ გაბედოს. ვინც გაბედავს, შეჩვენებულ იქნეს. ნუ მიიღებენ ნურაფერს ნურასოდეს, ნურც ქრთამს, ნურც ძღვენს. ყოველივე ეკლესიისთვის შეწირული და ერთხელ ღმრთისათვის მიცემული ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი, მინა, სტავრა, სირმით ნაქსოვი, სპილენძი, რკინა, ხე, თიხა, ქვა, - ვადგენთ წმინდა კანონთა მიხედვით, რომ არავის მიეცეს მათი ხმარების უფლება, ტყვეთა გამოსახსნელადაც კი, გინდ უქმად და უხმარად ეწყოს და ფეხით სათელად ეყაროს ეკლესიის საგანძურში.

 

პირველი ან მეორე გვირგვინის კურთხევის შემდეგ ცოლ-ქმარს წმინდა საიდუმლოს ზიარება მართებთ იმ დღეს, რომელ დღესაც იკურთხნენ, თუ რაიმე ზომასგადასული სიბილწით შეპყრობილნი არ არიან. მეორე გვირგვინის მაკურთხეველი მღვდელი სადილზე ნუ მივა ჯვარდაწერილებთან. მეორედ დაქორწინებულ ცოლ-ქმარს პირველი გვირგვინის მსგავსი კურთხევით ნუ აკურთხებენ. ამ დადგენილების დამრღვევი მღვდელი განიკვეთოს.

 

ვადგენთ, რომ ამიერიდან ჩვილი ქალ-ვაჟის გვირგვინი არ ეკურთხოს. თუ მათ მშობლებს საჭიროდ მიაჩნდეთ, დაინიშნონ ისინი ერთმანეთზე და შემდეგ, როცა სრულწლოვანებას მიაღწევენ, იქორწინონ. ქალი 12 წელზე უმცროსი ნუ დაქორწინდება.

 

მონასტერში ნუ მოაწყობენ ერის სავაჭრო შეკრებას, მონასტერში ნურც სხვა სამოქალაქო და ამქვეყნიური წესი შესრულდება. აგრეთვე განვაწესებთ, რომ მართლმადიდებელი მამაკაცი მწვალებელ ან წარმართ დედაკაცს ან დედაკაცი მამაკაცს არ უნდა შეეუღლოს, რადგან ყველა მართლმადიდებელი ღმრთის ტაძარია ჩვენში დამკვიდრებული მისი სულისათვის. რაც შეეხება ორ მამაკაცს, რომლებმაც ერთად იკურთხეს გვირგვინი, ვინ და რა სახელი უნდა მოიგონოს მათთვის, გარდა იმისა, რომ დასცინოს მათ და აბუჩად აიგდოს ასეთი, ჩვენი სჯულისა და კეთილწესიერების, კაცობრივი ქცევისა და ჩვეულების-გარეშე უსჯულოება. ამის გამო ვადგენთ: მათ, ვინც აქამდე ასე არიან კურთხეულნი და მოხუცებულობის ასაკს მიღწეულნი, შევუნდოთ არცოდნის მიზეზით, ხოლო თუ მომავალში სადმე აღმოჩნდებიან ასეთნი, ისინი სჯულიერ ცოლ-ქმრად ნუ ჩაითვლებიან. ამიერიდან ნურავინ გაბედავს ამის ქმნას. თუ სადმე მოხდეს ასეთი რამ, ის ოთხი კურთხეული და ორი მათი მაკურთხეველი მღვდელი, - ექვსივე განკანონებულ იქნენ".


წყარო http://leader.expressinfo.ge

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner