logo_geo
eng_logo
ქალი, რომელმაც ჰიტლერს ექვსი შვილი შესწირა - მესამე რაიხის მთავარი სასიყვარულო სამკუთხედი
- +

25 ივნისი. 2017. 02:43



ამ ამბის ფინალური სცენა 1945 წლის 30 აპრილს ფიურერბუნკერში შედგა და მასში მონაწილე ყველა პირი სიცოცხლეს გამოესალმა. მათ სიკვდილი საკუთარი ნებით აირჩიეს, ყველამ, იოზეფ და მაგდა გებელსების ექვსი პატარა შვილის გარდა...

 

 

 

მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ადოლფ ჰიტლერის უახლოესი და ერთგული თანამებრძოლი იოზეფ გებელსი შთამბეჭდავი ორატორული ნიჭით და მწვავე ანტისემიტიზმით იყო ცნობილი, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, მას რაიხსმინისტრის პორტფელი თავისი უნარების დამსახურებით არ მიუღია.


გერმანიის წიგნის მაღაზიებში სულ ახლახან გამოჩნდა და უკვე ბესტსელერად იქცა გებელსის ბიოგრაფია, რომლის ავტორია გერმანელი ისტორიკოსი პიტერ ლონჰერიხი. ავტორის მტკიცებით, გებელსი და მისი ცოლი ჰიტლერს აღმერთებდნენ და მზად იყვნენ, მისთვის სიცოცხლე შეეწირათ, თუმცა თავად ფიურერს მათ მიმართ განსხვავებული გრძნობები ამოძრავებდა: მაგდასთან რომანი ჰქონდა, იოზეფთან კი - დისტანციური ურთიერთობა.


მდიდარ კათოლიკურ ოჯახში დაბადებული გებელსი ყმაწვილობიდან მექალთანე იყო. პირველი საყვარელი 13 წლის ასაკში გაიჩინა. ის ზრდასრული ქალი - მეგობრის დედინაცვალი გახლდათ. შემდეგ იყო ბონის უნივერსიტეტი და საყვარელთა წყება, რომლებთან ურთიერთობას თავის დღიურებში დაწვრილებით აღწერდა.


ლონჰერიხის მტკიცებით, გებელსს პათოლოგიური ნარცისიზმი სჭირდა და გამუდმებით საჭიროებდა, რომ ვიღაცას მისი პერსონით აღფრთოვანება გამოეხატა. ყმაწვილი ისტერიკაში ვარდებოდა, როცა ქალები ღალატობდნენ და ერთი ასეთი შემთხვევის დროს მეგობრის რევოლვერით თავის მოკვლაც კი სცადა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში, სასხლეტზე თითის გამოკვრისთვის გამბედაობა არ ეყო.


მომავალ რაიხსმინისტრს მომავალი ფიურერი „მაინ კამფის" წაკითხვისთანავე შეუყვარდა.


„მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჰიტლერი და ნაცისტური მოძრაობა ყველაფერია, რაც ცხოვრებაში გამაჩნია", - წერდა გებელსი დღიურში და ცდილობდა, ფიურერისთვის საკუთარი ერთგულება დაემტკიცებინა.


მისი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1933 წელს, ხელისუფლებაში მოსული ნაცისტური მთავრობის პროპაგანდის მინისტრად დანიშნეს.


პიტერ ლონჰერიხის თქმით, გებელსი პროპაგანდის გენიოსი არასოდეს ყოფილა და მინისტრის პორტფელი მეუღლის - მაგდასა და ჰიტლერის საიდუმლო კავშირის გამო ერგო, თუმცა ყველა მცდელობის მიუხედავად, ფიურერის უახლოეს გარემოცვაში შეღწევა ვერ მოახერხა.

 

 

პათოლოგიურად ეჭვიანი და ცბიერი მოღალატე


იოზეფ გებელსი და მაგდა კვანდტი ერთმანეთს 1930 წლის ნოემბერში შეხვდნენ და მათ შორის რომანი გაჩაღდა. ამ დროს ქალი ცნობილ მეწარმეზე გათხოვილი იყო, რომელიც იოზეფის გამო მიატოვა. ტანადი, ქერა მაგდა არიელი ქალბატონის ეტალონი გახლდათ და გებელსი ბედნიერების მეცხრე ცაზე იყო, სანამ არ დარწმუნდა, რომ მის ცოლსა და ჰიტლერს რომანი ჰქონდათ.


ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მაგდა მესამე რაიხის არაოფიციალური „პირველი ლედი" იყო, თუმცა მის გარდა, ამავე სტატუსით ჰერმან გერინგის ცოლს ემასაც მოიხსენიებდნენ.


„მაგდას ერთგულებაში დარწმუნებული არ ვარ, რაც მეტისმეტად მტანჯავს", - ჩაწერა გებელსმა თავის დღიურში, როცა მიხვდა, რომ ფიურერმა მაღალი თანამდებობა მხოლოდ მაგდასთან სიახლოვის გამო უბოძა. ერთხელ, ფიურერი გებელსების ოჯახს დაუპატიჟებლად ეწვია და სადილად დარჩა. გებელსი დღიურში წერდა, რომ ეს იყო საშინელი ღამე, როცა ეჭვიანობისგან გული ნაწილებად ეგლიჯებოდა.


ლონჰერიხის ვარაუდით, მაგდამ თავიდანვე გააფრთხილა გებელსი, რომ მასთან ქორწინება ჰიტლერთან კავშირისთვის სჭირდებოდა, რადგან  ფიურერი თვლიდა, რომ ქალები ქმრებს ისტორიის შექმნაში ხელს უშლიან და ოფიციალურ ქორწინებას უარყოფდა.


1931 წელს ჰიტლერი იოზეფ და მაგდა გებელსების ქორწილის მთავარი სტუმარი გახლდათ.


ექვსი შვილის გაჩენის მიუხედავად, გებელსების ოჯახური ცხოვრება ბედნიერი არასოდეს ყოფილა. საბოლოოდ, იოზეფს ნერვებმა უმტყუნა და ჩეხ მსახიობ ქალთან ლიდა ბააროვასთან გააბა ურთიერთობა.


1938 წელს, იოზეფი მაგდასთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებდა, როცა ჰიტლერმა ყველაფერი გაიგო და კატეგორიულად მოსთხოვა, ცოლს არ დაშორებოდა. მაგდასთან შეხვედრები რომ გაეგრძელებინა, ფიურერს მისი შეუბღალავი რეპუტაცია სჭირდებოდა. ქმართან გაყრის შემთხვევაში კი ათასნაირი ჭორი გავრცელდებოდა, რაც ჰიტლერს ხელს არ აძლევდა. რაიხში ისედაც ყველამ იცოდა მაგდასა და ჰიტლერის ურთიერთობის შესახებ, თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, რომ ენაზე კბილი უნდა დაეჭირათ.


ერთი მაღალჩინოსანი ნაცისტი მხოლოდ იმიტომ გაუშვეს საკონცენტრაციო ბანაკში, რომ გაბედა და ქმრის მიმართ მაგდას ერთგულებაში ეჭვი შეიტანა.

 

 

 

 სასიყვარულო სამკუთხედის ფინალი

ამ სასიყვარულო ურთიერთობის ფინალი ბერლინის ბუნკერში შედგა, სადაც მაგდა ჰიტლერს ემუდარებოდა, თვითმკვლელობაზე უარი ეთქვა. ფიურერის გარდაცვალების შემდეგ კი თავისი ექვსივე შვილი მოწამლა და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


დიდხანს კამათობდნენ, ვისი ინიციატივით ამოხოცეს უდანაშაულო ბავშვები, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს მაგდას იდეა იყო, რომელიც გერმანული არმიის დამარცხებით გამოწვეული ძლიერი ნერვული აშლილობისგან იტანჯებოდა.


„მსოფლიო, რომელიც ჩვენი ფიურერის შემდეგ მოვა, არ ღირს იმად, რომ მასში ვიცხოვროთ. სწორედ ამიტომ ჩემი შვილები ჩემთან ერთად იქნებიან. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, რომ ისინი იმ სამყაროში დავტოვო, რომელიც მოდის. იმედია, უფალი გამიგებს, რატომ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო მათი გადარჩენა", - ეწერა მაგდა გებელსის მიერ პირველი ქორწინებიდან დარჩენილი შვილისთვის - ხარალდ კვანდტისთვის ბუნკერიდან გაგზავნილ წერილში.


სანამ თავის 13, 11, 10, 7, 6 და 5 წლის შვილებს ციანიდის მჟავას დაალევინებდა, მაგდა გებელსმა ექვსივეს დასაძინებელი ინექცია გაუკეთა.


ავტორი: ნელი თორდია


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner