logo_geo
eng_logo
ენდი უორჰოლი - ადამიანი, რომელმაც ხელოვნება და ბიზნესი გააერთიანა
- +

30 აპრილი. 2016. 14:15


ენდი უორჰოლი 1928 წლის 6 აგვისტოს დაიბადა. წარმოშობით სლოვაკს თავიდან  ანდეკ ვარჰოლა ერქვა. პატარა ანდეკი არცთუ იშვიათად ხდებოდა სკოლაში დაცინვის ობიექტი. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი 15 წლის ასაკში დაობლდა.

თუმცა ისტორია მას ამერიკულ ლეგენდას უწოდებს, იგი იყო მხატვარი, ავანგარდისტი, კინოხელოვანი, მწერალი, მუსიკალური პროდიუსერი და გამომცემელი, პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.


ანდეკის გამოჩენა, სარეკლამო ბიზნესში თავიდანვე წარმატებული იყო,  თუმცა უნიჭიერესი ხელოვანი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ამერიკული ცხოვრების სტილმა, თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლომ - „კოკა-კოლამ" გახადა.


სწორედ სარეკლამო ბიზნესში ყოფნის დროს შეიცვალა ანდეკმა თავისი სლოვაკური სახელი და გვარი.  ანდეკ ვარჰოლა ენდი უორჰოლად იქცა. ეს უწყინარი შეცდომის შედეგად მოხდა, როდესაც ერთ დღეს ანდეკის  შექმნილ ერთ-ერთ ბანერზე შეცდომით მიაწერეს სახელი და გვარი, თუმცა იგი ამ ყოველივემ სულაც არ გააბრაზა, პირიქით, მას იმდენად მოეწონა ბანერზე დაშვებული შეცდომა, რომ  მის მერე საზოგადოებას ენდი უორჰოლად წარუდგა.


1962 წელი, ნიუ-იორკი. სიდნეი ჯენისის გალერეაში ისტორიული გამოფენა ეწყობა, სახელწოდებით „ახალი რეალისტები". ამ გამოფენის ერთ-ერთი მთავარი გმირი ენდი უორჰოლიც იყო, რომლის შემოქმედებასაც ზოგი ახალი ხელოვნების დასაწყისად მიიჩნევდა, ზოგი კი,  მის საბოლოო დეგრედაციად, თუმცა უორჰოლს კრიტიკა არ აღელვებდა, ის ამითაც კი ყველასგან გამორჩეული ადამიანი იყო.


ასევე, 1962 წლიდან დაიწყო ცნობილი ადამიანების პორტრეტების პოპ-არტების კეთებაც. მის „კალამს" ეკუთვნის მერილინ მონროს, ელიზაბეტ ტეილორის, მიკ ჯაგერის, მაიკლ ჯექსონის, ბრიჯიტ ბარდოს და სხვათა კიჩური პორტრეტები.


ამ ყველაფრის პარალელურად, დააარსა ფაბრიკა, რომელსაც მან „Factory" დაარქვა .


Factory - ეს იყო ადგილი, სადაც შეიქმნა პოპ-კულტურის რეალობა და ლეგენდები. აქ თავს იყრიდნენ 60-იანი წლების ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი სახეები. ისინი ჭორაობდნენ, კითხულობდნენ ლექსებს, უსმენდნენ ყველანაირ მუსიკას, სვამდნენ უზომო რაოდენობის ყავას, ეწეოდნენ... ყველაფერს...


აქვე იღებდა ის ექსპერიმენტალურ ფილმებსაც, რომელთა რაოდენა 150-ს აღწევს, თუმცა მათი უმრავლესობა საზოგადოებისთვის უცნობია.

 

ჩემი ყველა ფილმი ხელოვნურია, როგორც ყველაფერი ამქვეყნად და მე არ ვიცი, სად მთავრდება ხელოვნური და სად იწყება რეალური", - ამბობდა იგი.


„პოპ-არტის მეფეს" უწოდებდნენ, ამერიკული კინო-ანდეგრაუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, 60-იანი წლების ნიუ-იორკის ავანგარდული და ბოჰემური ცხოვრების „ტონის მიმცემი", თუმცა,  მთელი ცხოვრება მარტოობისგან იტანჯებოდა... და როდესაც პირველად აღიარა, მარტოსული ვარო, ყველას მის გვერდით მოუნდა ყოფნა - დიდსაც და პატარასაც, ქალსაც და კაცსაც, ჭკვიანსაც და სულელსაც...


მთელი ამალა შემოიკრიბა გარშემო. მის გვერდით ყოფნაზე ოცნებობდა ყველა - ცნობილი თუ დამწყები Art-ისტი... ახალი ფავორიტები ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ძველები დეპრესიაში ვარდებოდნენ, ზოგიერთი თავსაც იკლავდა, უცვლელი მხოლოდ ენდი უორჰოლის მაგნიტური ძალა რჩებოდა... ყველა ილტვოდა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად...


ეს იყო საშინელი შეჯიბრი, ზოგჯერ სისხლიანიც, დანებითაც დარევიან მისი ფანები ერთმანეთს. ენდი კი  ტკბებოდა ამით და არაფერს იმჩნევდა. თავად ადვილად ივიწყებდა მეგობრებს და სიყვარულს, რადგან სინამდვილეში არავინ უყვარდა, საკუთარი თავის გარდა. ის ხომ  მარტოსული იყო ...


იგი აღნიშნავდა ხოლმე,  ყველანაირ შიშს მოევლება ალბათ, გარდა... სიკვდილის შიშისა, რაც 1968 წლის შემდეგ უფრო და უფრო გაუმძაფრდა. ეს ის წელია, როცა ენდი ვალერი სოლანისმა, „საშინელმა ფემინისტმა ქალმა", რომელიც მის სტუდიაში მხატვრად მუშაობდა და ენდის რამდენიმე ფილმშიც იღებდა მონაწილეობას, სერიოზულად დაჭრა უორჰოლი . სოლანისი საკუთარი ნებით ჩაბარდა სამართალდამცავებს. მან პოლიციასთან თქვა:

- იმიტომ ვესროლე, რომ  ენდის ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა ჰქონდა!


სიკვდილის პანიკური შიში უორჰოლის შემოქმედებაში, ერთ-ერთ მთავარ მოტივად ჩამოყალიბდა, რაც განსაკუთრებით მის ნიღაბ-პორტრეტებში აისახა თვალნათლივ. ტირაჟირებული სახეები სხვა არაფერი იყო, თუ არა უსიცოცხლო, გაყინული ნიღბები, რომლებიც არა ნამდვილ ადამიანებს, არამედ ფეტიშად ქცეულ ვარსკვლავებს წარმოსახავდნენ. იგი უარყოფდა სიკვდილის თეორიას და არც დედის და არც საყვარელი ქალის დაკრძალვაზე არ წასულა, მეტიც, მათ სიკვდილს მეგობრებსაც კი უმალავდა.


ამ საოცრად ნიჭიერ და უცნაურ ადამიანს ბევრი გატაცება და ჩვევა ჰქონდა, ადამიანებს თუ მარტივად იშორებდა ცხოვრებიდან, საოცარ მიჯაჭვულობას განიცდიდა ნივთების მიმართ . მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო:

ტელევიზორი - რომელიც სახლში რამდენიმე ჰქონდა და ყველას ერთდროულად უყურებდა. ბოლომდე განუხორციელებელი დარჩა ოცნება, ჰქონოდა საკუთარი ტელეგადაცემა, რომელსაც დაარქმევდა „არაფერი განსაკუთრებული".


ტელეფონი - რომელზეც საათობით საუბრობდა და ყოველ დილას ამით იწყებდა.


მაგნიტოფონი - რაზეც იწერდა თავის საუბარს, მათ შორის, სატელეფონოსაც... „უკვე ათი წელია, რაც მე და ჩემი მაგნიტოფონი დავქორწინდით, როცა ვამბობ „ჩვენ", ვგულისხმობ ჩემს თავს და ჩემს მაგნიტოფონს... ამიტომაც დავქორწინდი მასზე, ამიტომაც ვეძებ ისეთი ადამიანების კომპანიას, რომელთაც მაგნიტოფონივით ტვინები აქვთ".


ენდი უორჰოლი 1987 წელს 22 თებერვალს გარდაიცვალა, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების შემდეგ. წმინდა პატრიკის კათედრალში 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო პოპ-არტის უდიდესი წარმომადგენლის პანაშვიდს.

1994 წელს, პენსილვანიაში, მის მშობლიურ ქალაქ პიტსბურგში გაიხსნა ენდი უორჰოლის მუზეუმი.


მისი ცნობილი ციტატაა: „მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი, თუნდაც 15 წუთით".


ალბათ თითოული ჩვენგანი სხვადასხვანაირად გაიგებს მის სიტყვებს, თუმცა ერთი ყველამ დანამდვილებით ვიცით, რომ ენდი უორჰოლი ისტორიას დარჩა როგორც მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი და პოპ-არტის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დღეს კი ჩვენ მის ნამუშევრებს თითქმის ყველგან შევხვდებით. ენდი უორჰოლი კი იყო ადამიანი, რომელმაც ხელოვნება და ბიზნესი გააერთიანა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×