logo_geo
eng_logo
ბავშვთა მსხვერპლშეწირვის უდიდესი შემთხვევა ისტორიაში - აღმოჩენა პერუში
- +

2 მაისი. 2018. 16:55

არქეოლოგებმა ჩრდილოეთ პერუში აღმოაჩინეს უზარმაზარი სამარხი, რომელშიც სავარაუდოდ, მსხვერპლად შეწირული ბავშვები არიან დამარხული.

 

კოლუმბამდელი ეპოქის სამარხს ლას-ლიამასს უწოდებენ. შეიცავს 140 ბავშვის ჩონჩხს, რომელთა ასაკი 5-14 წლებს შორის მერყეობდა, როცა ისინი 550 წლის წინ რიტუალურად შესწირეს მსხვერპლად. ამის შესახებ გათხრების ხელმძღვანელები იუწყებიან.

 

ძეგლი თანამედროვე ქალაქ ტრუხილიოს სიახლოვეს მდებარეობს და ასევე მოიცავს 200 ახალგაზრდა ლამას ჩონჩხს. როგორც ჩანს, ისინიც იმავე დღეს შესწირეს მსხვერპლად.

 

სავარაუდოდ, სამარხი ჩიმუს იმპერიის მიერ არის აგებული. მკვლევართა აზრით, ბავშვები მსხვერპლად მას შემდეგ შესწირეს, რაც ელ-ნინიომ საშინელი ამინდი და პერუს სანაპირო ზოლის სასტიკად განადგურება გამოიწვია.

 

„შესაძლოა, ისინი ღმერთებს სთავაზობდნენ ყველაზე ძვირფასს, რაც მათ საზოგადოებას გააჩნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბავშვები არიან, რადგან ისინი მომავალს წარმოადგენენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ ლამები, რადგან ამ ხალხს სხვა ტვირთმზიდავი ცხოველები არ ჰყავდა და ისინი ეკონომიკის ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენდნენ“, - ამბობს გათხრების ხელმძღვანელი, ტრუხილიოს ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი გაბრიელ პრიეტო.

 

ძეგლზე გათხრები 2011 წელს დაიწყო, მაგრამ პირველი შედეგები რამდენიმე დღის წინ „National Geographic“-მა გამოაქვეყნა, რომელიც კვლევას აფინანსებდა.

 

პრიეტოს თქმით, გარდა ძვლებისა, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ეროზიასა და წვიმას გადარჩენილი ნაკვალევები. როგორც ნაფეხურები მიუთითებს, ბავშვები მსხვერპლშეწირვის ადგილზე საკუთარი ფეხით მიიყვანეს ქალაქ ჩან-ჩანიდან.

 

არქეოლოგ ჯონ ვარენოს თქმით, ბავშვების ჩონჩხებს მკერდის ძვლებზე აღენიშნებათ დაზიანებები, რაც სავარაუდოდ, საცერემონიო დანითაა მიყენებული. დაზიანებული მკერდი მიუთითებს, რომ მსხვერპლშეწირვის ჩამტარებელი ქურუმი ბავშვების გულის ამოღებას ცდილობდა.

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგი ჯეფრი კილტერი აღმოჩენას მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ადასტურებს ძველ პერუში ბავშვთა ფართომასშტაბიანი მსხვერპლშეწირვის პრაქტიკის არსებობას.

 

მისი თქმით, ბავშვთა ძალიან დიდმასშტაბიანი მსხვერპლშეწირვები მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც არის ცნობილი, მაგრამ ზუსტი რიცხვის დადგენა ყოველთვის ჭირს.

 

კილტერი ხელმძღვანელობს მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც ანალიზებს ჩაუტარებს ბავშვების ჩონჩხების დნმ-ს და გაარკვევს, ჩიმუს იმპერიის რა ნაწილიდან მოიყვანეს ისინი მსხვერპლად შესაწირად.

 

ადამიანთა მსხვერპლშეწირვას რამდენიმე ამერიკული კულტურა მისდევდა. მათ შორის არის მაია, აცტეკები და ინკები. ამ უკანასკნელებმა მე-15 საუკუნის ბოლოს ჩიმუს იმპერია დაიპყრეს. თუმცა, ბავშვთა მასობრივი მსხვერპლშეწირვა მტკიცებულებებით იშვიათად დასტურდება.

 

ლას-ლიამასის ძეგლი ღარიბთა ქოხმახების ზონაში მდებარეობს და შესაბამისად, არქეოლოგებმა ტერიტორიას საგულდაგულოდ შემოავლეს ღობე, რათა უკანონო მშენებლობისგან დაიცვან.

 

პრიეტოს თქმით, ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პერუს მდიდარი ისტორიის შესახებ ჯერ უამრავი რამ კიდევ არ ვიცით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×