logo_geo
eng_logo
ტანგო-ველური ჟინი, ფარული ბრძოლა, ძლიერი ლტოლვა თუ უბრალოდ ცეკვა?!
- +

3 მაისი. 2016. 15:41

 

 

ტანგო მეცხრამეტე საუკუნის პირმშოა. მის სამშობლოდ არგენტინა ითვლება, თუმცა მისი წარმოშობის შესახებ არა ერთი სხვა ვერსიაც არსებობს .ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ის ესპანეთში "დაიბადა", ზოგი კი ცეკვის სტილს, აფრიკული ტომების შემოქმედებას უკავშირებს. არსებობს  მოსაზრება, რომელიც ტანგოს დაარსებას მეთხუთმეტე საუკუნით ათარიღებს. თუმცა დღემდე უცნობი და დაუზუსტებელია  როდის და სად წარმოიშვა  ტანგო.


ტანგოს შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ორი ლეგენდა:


პირველი: XIX საუკუნეში, ბუენოს-აირესში მსოფლიოს ყველა კუთხიდან თავს იყრიდნენ თავგადასავლების მაძიებლები, ავანტიურისტები და უბრალოდ ხალხი, ვინც საკუთარი თავის პოვნას ცდილობდა წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში. ერთ დღესაც, როდესაც, ერთ-ერთი ბარის წინ ორ მამაკაცს შორის ჩხუბი მოხდა, გამოჩნდა პოლიცია. არეულობის თავიდან ასაცილებლად მუსიკოსებმა, რომლებიც იქვე ქუჩაში იყვნენ, არ შეწყვიტეს  დაკვრა და ხელჩართული ჩხუბი, საცეკვო სანახაობად გადააქციეს.




 არსებობს მეორე ლეგენდა, რომლის მიხედვითაც  ტანგო მეზღვაურებისა და მეძავეების ცეკვად მიიჩნევა. თუმცა აქაც დომინირებს ის მოსაზრება, რომ ტანგო თავდაპირველად მამაკაცების ცეკვა იყო. ეს კი შემდეგით აიხსნება. მეძღვაურებს, რომლებიც თვეების განმავლობაში ოკეანეში იყვნენ გასულები, სურდათ ქალთან ცეკვის დროს თავი მაქსიმალურად წარმოეჩინათ, სწორედ ამის გამო ისინი ერთმანეთან რეპეტიციას გადიოდნენ,  რომ ხმელეთზე, მათი ცეკვა უნაკლო ყოფილიყო.



ასეა თუ ისე, ამ ცეკვამ მთელი მსოფლიო დაიპყრო და ყველა ქვეყნიდან თავისებური მანერები აითვისა. მაგალითად, სწორედ ევროპაში დამკვიდრდა წესი, რომ ცეკვისას ქალმა და მამაკაცმა ერთმანეთს თვალებში არ უნდა უყურონ.თავდაპირველად ამ ცეკვას ეროტიკული ხასიათი ჰქონდა და ბევრ ქვეყანაში იკრძალებოდა კიდეც, როგორც "აღვირახსნილთა ცეკვა". თავიდან ეს ცეკვა ეგრეთ წოდებული "ბინძური ცეკვების" ნუსხაში შედიოდა და სანამ ელიტურ სალონებში ტანგოზე ბოდავდნენ, ცენზურას, როგორც ჩანს, არ ეძინა. პაპმა ბენედიქტე მეთხუთმეტემ ტანგო უღირს, აღვირახსნილ ცეკვად გამოაცხადა და აკრძალა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო - ტანგო დაანგრევს ოჯახებს და მოკლავს კეთილგონიერებას.

 



არგენტინაშიც კი  60-იან წლებში ტანგო აკრძალეს და ის მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა იქაურ კულტურას. ასეთი მიდგომა 1907 წლიდან შეიცვალა, მაშინ, როცა ტანგომ პარიზში მოხვედრის შემდეგ ეროტიკული სტატუსი საერთოდ დაკარგა, პირიქით, იგი არისტოკრატულ წრეებში ყველაზე გავრცელებულ ცეკვად იქცა, რის შემდეგაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.


დიდი შეზღუდვების მიუხედავად ტანგომ არანაკლებ მოიკიდა ფეხი საქართველოშიც , ამას კი  ისტორიაც გვამცნობს, რომლის თანახმადაც 1930 წლიდან აქტიურად იმართებოდა ყოველკვირეული ტანგოს ფესტივალი მუშთაედის ბაღში.


ტანგოს მელოდია არა ერთ ინსტრუმენტზე ჟღერს, თუმცა დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული აკორდეონია. ეს ტანგოს მეფედ წოდებული კომპოზიტორის, ასტორ პიაცოლას დამსახურებაა, რომელიც გასაოცარ მელოდიებს სწორედ ამ ინსტრუმენტზე ქმნიდა.




ტანგოს უკვდავსაყოფად ორი მონუმენტია აღმართული. ერთი 1998 წელს დაიდგა პატარა არგენტინულ ქალაქ ვილია-ჰესელში. მერე იყო 3,5-მეტრიანი ქადაკება - სკულპტორ ესტელა ტრებინოს ქმნილება, ბუენოს-აირესში.

 

 

 

ყოველ წელს ბუენოს-აირესში ტანგოს ფესტივალი იმართება და ამ დროს ხაზინა ნახევარი მილიარდით ივსება. ბუენოს-აირესში ტანგოს მსოფლიო მუზეუმია. ის 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა.


2009 წლის 30 სექტემბერს ტანგო, ჩინურ დამწერლობასთან და აზერბაიჯანელ პოეტ-აშიკებთან ერთად, იუნესკოს არამატერიალური საგანძურის ფონდში შევიდა.


ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში იმართება ტანგოს ფესტივალები,  სწორედ 2015 წელს ბუენოს-აირესში ჩატარებულ ტანგოს ფესტივალზე გამოჩნდა გერმანელი და იტალიელი  ქალთა წყვილი, რომლებმაც  მსგავსი არატრადიციული ტანგოს შესრულებით გამოიჩინეს თავი.


არაერთი გამონათქვამი არსებობს ტანგოზე. მათ შორის :


ტანგო ეს არის, სევდიანი ფიქრი, რომელიც შეგიძლია იცეკვო.

ტანგო ეს გარითმული საუბარია.

ტანგო ეს საიდუმლოა, რომელსაც ცეკვავს ორი.

ყოველი ტანგო, გამომშვიდობებაა.

გული არ ფეთქავს, გრძნობები გარეთ გამოდის , როგორ გავარჩიოთ ვის რა უნდა?! ტანგო ხომ  სულის ლამაზი ტკივილი .


 


მსოფლიოში ათასობით მიმდევარი ჰყავს ტანგოს, რომელთა ასაკი შეუზღუდავია. მას ცეკვავენ საბავშვო სტუდიების აღსაზრდელები და საკმაოდ ხანდაზმული ადამიანებიც. საქართველოში მრავლად არიან ტანგოს მოხალისე მოცეკვავეები მათი ასაკი 4 წლიდან იწყება და ყველაზე ხანდაზმული კი 80 წლისაა.


უფრო კონკრეტულად კი, ეს არის ცეკვა, სადაც შეიგრძნობ შენი სხეულის ყველა ნაწილს, სადაც ხართ მხოლოდ შენ, მუსიკა, პარტნიორი და პარკეტი. სადაც შეგიძლია იყო შენ და მხოლოდ შენ! გამოავლინო შენი ინდივიდუალიზმი ან უბრალოდ დაიკარგო მუსიკის ჰანგებში.

და მაინც, ისმის მარადიული კითხვა  -  რა არის ტანგო?

ველური ჟინი, ფარული ბრძოლა, ძლიერი ლტოლვა თუ უბრალოდ ცეკვა?!


 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×