logo_geo
eng_logo
რისთვის ჩაიყვანეს ლევან წულაძე გურიაში და ვის ეცვა ყვითელი ბოტასი?
- +

21 მაისი. 2016. 11:57



რეჟისორი ლევან წულაძე კურიოზებს იხსენებს:

ზაფხულობით გურიაში ხშირად ვისვენებდი. ერთხელ, მერვეკლასელი ვარ და სოფელში მოდის დეპეშა. გურიაში დეპეშა იშვიათად მოდიოდა: ერთი დეპეშა სამამულო ომის დაწყების დროს მოვიდა, მეორე - ომის დამთავრებისას და კიდევ მაშინ, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა. მამიდები ავიშვიშდნენ, ტირიან, არის ერთი ამბავი. - შენ წაიკითხე, ჩვენ არ შეგვიძლიაო, - მეუბნებიან. დეპეშას ვკითხულობ: ,,ლევან, ჩამოდი. მამა". მამაჩემი არ იყო ხელმარჯვე კაცი. არაჩვეულებრივი ბიძაშვილი ჰყავდა, ძმაკაცი ბიჭიკო დოლიძე, რომელთან ერთადაც გაიზარდა და ისიც არ იყო მაინცდამაინც ხელმარჯვე. მახსოვს, ვიდრე გურიაში წამოვიდოდი, მანამდე თქვეს, - კარის საკეტი უნდა გამოვცვალოთო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ამის გამო გამომიძახებდნენ? მამიდებმა ამიღეს ბილეთი, ჩამსვეს მატარებელში, ტირილით გამაცილეს, ჩანთით გამატანეს 15 ხაჭაპური, დედლები და სხვა ნობათი. ყველაფერი მატარებლის მგზავრებს შევთავაზე. თბილისში ჩამოვედი და არ ვიცი, ვიტირო თუ რა ვქნა? მივედი სახლში, სახეზე კი შეკითხვა მაწერია: რა მოხდა, მამა?" ვხედავ, მთელი სახლი მოფენილია ინსტრუმენტებით - საკეტს ცვლიან, ახალი უნდა დააყენონ. კარი საერთოდ მოხსნილია. რატომღაც, პეტლებიც" მოუხსნიათ. ყველგან ბიჩოკი" ყრია. ეტყობა, ორი ღამე გაათენეს. ზაფხულია. ტრუსებში სხედან მამა და ბიჭიკო. ძალიან შეწუხებული სახეები აქვთ. არც გამარჯობა" მითხრეს, არც სხვა რამე. - რა მოხდა? - ვეკითხები. კარის საკეტზე მიმითითეს. ვინტები" კი მოუხსნიათ, მაგრამ საკეტში გასაღები იყო ჩარჭობილი. ამოვიღე გასაღები და საკეტიც ამოვარდა. მამამ ამაყად გამომხედა: იცის და რა გინდა, ქნა!" ორი დღე აღნიშნავდნენ იმას, რომ მამას ბიჭი მოვესწარი და ასეთ რთულ" საქმეს გავართვი თავი.





უცხოეთში ყოფნისას, მსახიობებიდან მინიმუმ სამი მაინც, მაშინვე ქალაქში იკარგება. მაგალითად, ვეუბნები: ახლა ყველა მივდივართ მარჯვნივ, და აუცილებლად, ორი მიდის მარცხნივ. პირველ გასტროლზე ლონდონში ჩავედით. ბესო ბარათაშვილი, შესანიშნავი მსახიობი და ადამიანი, ჩვეულებრივ ყოფაშიც ძალიან ნიჭიერია. ჯერ სასტუმროდან გახედა ქალაქს, თვალი დაადგა რაღაც შენობას და თქვა, - აი, იქ უნდა მივიდეთ, 70%-იანი სეილი" იქნება. მივედით და ასეც აღმოჩნდა. ქალაქში საღამოს ჩავედით, ჰაიდ-პარკის წინ ვცხოვრობდით. დილით ბესო უკვე ლონდონელია", ჰაიდ-პარკში მოლზე წამოწოლილი გვხვდება. ფეხსაცმელიც გაუხდია - ფეხის თითებს ზანტად ათამაშებს. უკვე იქაურია, ღამე ხომ გაათენა?! უფასო მგზავრობის ბარათი გვქონდა და ამ ოხერს, მთელი ღამე უვლია, მოუვლია ყველაფერი. დილით, 2-3 საათი დრო გვაქვს. - სა მიხვალ, ბიჭო, ლევანა? - ბუკინგემის სასახლე მინდა ვნახო. ბესომ ამიხსნა: აქ გამოივლის 94 ნომერი ავტობუსი, მიხვალ ჰაიგეიტამდე, იქ დაგხვდება ნომერი 103 ან 218, ეტყვი მძღოლს და გაგიყვანს. უთხარი, რომ ჩემგან ხარ. ბესო ცოლშვილიანი კაცია და ფულის უყაირათოდ ხარჯვა არ უყვარს. ერთხელ, ინგლისში ერთთვიანი გასტროლის დროს, გარკვეული თანხა დაგვიგროვდა და ბესოს შევუჩნდი: შენს თავსაც ხომ უნდა მიხედო და ისიამოვნო-მეთქი? კარგიო, - დამეთანხმა. დილას ეცა მაღაზიებს და ძვირადღირებული ტანსაცმელი იყიდა. საღამოა, პატარა ქალაქში ვართ და ყველანი სასტუმროსთან ვსხედვართ. უცებ, კები გაჩერდა, რომელიც ტაქსიზე ორჯერ ძვირი ტრანსპორტია. გადმოდის მძღოლი, აღებს კარს და, ჯერ ყვითელი ბოტასი გადმოდის, მერე - სიგარა და ბოლოს, ბესო მარტინით" ხელში. ჯიბიდან ფულს ორი თითით იღებს და მძღოლს გადაუგდებს. მოდის ამაყად და ქედმაღლურად, ჩვენ პირდაღებული ვუყურებთ. - ჭოლა, ვისკის დალევ? - არ მინდა, მაქვს... არ უნდა, ეფექტი გაიფუჭოს. მივიდა ბარმენთან და - ვისკი, ფლიიზ", - ეუბნება. ბარმენი ეკითხება, რომელიო? - ე, ბიჭო, დაასხი, რას მეკითხები? ბარმენი ჯიუტი აღმოჩნდა: რომელი ვისკი გნებავთ და დიდი, საშუალო თუ პატარა ჭიქით? როგორც იქნა, ხელებით ახსნის შემდეგ, ვისკი დაუსხეს. ზის მაღალ სკამზე და ამ ყვითელბოტასიან ფეხს აქანავებს. ბარმენს ეუბნება: ხურდას არ მაძლევ, ბიჭო? მისცეს ხურდა. ბესო დიდსულოვნად გაიძახის, - დაიტოვე! ეს იყო მისი პირველი გაუბედავი ნაბიჯები. დღეს ბესო ბარათაშვილი გამობრძმედილი მოგზაურია", - ამბობს ლევან წულაძე.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×