logo_geo
eng_logo
NASA: დედამიწა ახლა უფრო მწვანეა, ვიდრე ოცი წლის წინ
- +

5 მარტი. 2019. 13:42

 

 

რამდენიმე დღის წინ NASA-სგან სასიამოვნო სიახლე შევიტყვეთ, ახლა დედამიწა უფრო მწვანეა, ვიდრე ის 20 წლის წინ იყო. ამაში კი დიდი წვლილი ინდოეთსა და ჩინეთს მიუძღვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და ინდოეთი დაბინძურების კუთხით ხშირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება ხოლმე, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ამ ორმა ქვეყანამ პლანეტის გამწვანებაში უდიდესი როლი ითამაშა.

 

ამ დროის განმავლობაში ჩინეთმა და ინდოეთმა ხეების მასობრივი დარგვის პროგრამები განახორციელა, პარალელურად კი განვითარდა და დაიხვეწა სოფლის მეურნეობა.

 

ინდოეთი ხეების დარგვის კუთხით რეკორდებს ხსნის, მაგალითად, 2016 წელს 800 000-მა ინდოელმა 50 მილიონი ხე სულ რაღაც 24 საათში დარგო.

 

NASA-ს მიერ გავრცელებულ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nature Sustainability-ში გამოქვეყნდა მეცნიერებმა 1990-იან წლებში თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაცია დღეს არსებულ მაღალი გარჩევადობის ფოტოებს შეადარეს.

 

თავდაპირველად მეცნიერთათვის ამოუხსნელი იყო, თუ რამ გამოიწვია პლანეტის გარკვეული რეგიონების ასეთი გამწვანება. უცნობი იყო, ეს დამთბარი პლანეტისა და ატმოსფეროში მომატებული ნახშირორჟანგის ბრალი იყო, თუ უფრო ნალექიანი კლიმატის, რაც მცენარეების ზრდას უწყობს ხელს.

 

აღნიშნული საკითხის დეტალური შეისწავლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ აღნიშნული სიმწვანის უმეტესი ნაწილი ჩინეთსა და ინდოეთში იყო განთავსებული.

 

ცხადია, რომ თუ პლანეტის გამწვანება კლიმატური ცვლილებების გამო იყო გამოწვეული, ამ შემთხვევაში მომატებული მცენარეულობა ქვეყნების საზღვრებით შეზღუდული არ იქნებოდა.

 

ზემოთ მოცემულ რუკაზე დედამიწაზე მცენარეული საფარის ცვლილება ჩანს. როგორც ხედავთ, გამწვანების ტრენდი ჩინეთსა და ინდოეთში განსაკუთრებით აშკარაა.

 

ათწლეულში მცენარეული საფარის ცვლილების კუთხით აშშ მეშვიდე ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვემოთ მოცემულ ცხრილში არ ჩანს, თუ როგორი იყო მცენარეული საფარის რაოდენობა ათწლეულის დასაწყისში.

 

ვგულისხმობთ იმას, რომ ქვეყნებს, რომლებშიც ტყეები და მცენარეულობა არ გაჩეხილა, ზრდის დიდი პოტენციალი არ ექნებათ, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებშიც ტყეების გაჩეხვა მასობრივად მიმდინარეობდა, სურვილის შემთხვევაში, ახალი ხეებისა და მცენარეულობის გაზრდის მეტი შესაძლებლობა აქვთ.

 

 

ჩინეთსა და ინდოეთში 1970 და 1980-იან წლებში ტყის გაჩეხვა მაღალი ტემპებით მიმდინარეობდა. აშკარაა, რომ როდესაც ადამიანები პრობლემების წინაშე ვდგებით, ჩვენ, სურვილის შემთხვევაში, მათი გადაჭრა სწრაფად შეგვიძლია, როდესაც 90-იან წლებში აღნიშნულ ქვეყნებში ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურება პრიორიტეტად იქცა, ორივე ქვეყანამ ამ კუთხით დიდი ცვლილებები განახორციელა.

 

სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ საკუთარი ქცევისა და მიდგომების შეცვლა სწრაფად შეგვიძლია. მომავალ ათწლეულებში ეს უნარი ადამიანებს კიდევ მრავლად დაგვჭირდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×