logo_geo
eng_logo
ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხდება ტელეკომპანიის შემოსავლების მიზანმიმართულად შემცირება
- +

15 ივლისი. 2019. 17:50

 

 

„რუსთავი 2“-ის 9 %-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, ნინო ნიჟარაძის სახელით გენერალურ პროკურატურას ხვალ მიმართავს.

 

გიორგი ყავლაშვილი, ადვოკატი:  თავისთავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისს მისაღები გადაწყვეტილება ჩვენთვის რისკის შემცველია. ჩვენ ვშიშობთ და გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შესაძლოა შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩეს, რაც ნიშნავს არხზე ქიბარ ხალვაშის მისვლას. ასეთ შემთხვევაში, საფუძველი ეცლება ნინო ნიჟარაძის სამოქალაქო დავას. მოგეხსენებათ, ჩვენ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს და დომინანტ პარტნიორებს ვედავებით სამოქალაქო წესით და ვითხოვთ თავად კომპანიის და ნინო ნიჟარაძის სასარგებლოდ გარკვეული თანხების დაკისრებას. იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება, ავტომატურად ეს გავლენას იქონიებს ჩვენს სამოქალაქო სარჩელზე და ნინო ნიჟარაძე ვეღარ შეძლებს დავის გაგრძელებას, ვინაიდან არც ნიჟარაძე და არც ის პარტნიორები, ვისაც ჩვენ ვედავებით, აღარ იქნებიან ტელეკომპანიის მფლობელები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა - არხის გენერალურმა დირექტორმა სისხლის სამართლის წესით აგოს პასუხი მის ქმედებებზე, რომელიც კომპანიისთვის იყო ცალსახად დამაზიანებელი. ამიტომაც, მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს. მიუხედავად იმისა, ჩვენ დავრჩებით თუ არა მეწილედ, საგამოძიებო ორგანო ვალდებული იქნება, გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულებრივი ფაქტის არსებობას... ჩვენ გვსურდა ამ წილის გაყიდვა, თუმცა, დომინანტმა პარტნიორებმა არც სხვაზე გაყიდვის უფლება მისცეს და არც თავად შეიძინეს ეს წილი. ჩვენ არ ვაპირებთ, ასეთი დამოკიდებულება დაუსჯელი დარჩეს. მთელი ამ წლების განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდნენ ნინი ნიჟარაძის უგულებელყოფას. ელემენტარულად დირექტორთან გაფორმებული კონტრაქტიც კი არ ყოფილა მეწილესთან შეთანხმებული, კონტრაქტი, რომელიც თურმე გულისხმობს ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის 5-მილიონიანი კომპენსაციის გადახდას.

 

- კონკრეტულად, რა მუხლით ითხოვთ გამოძიების დაწყებას ნიკა გვარამიას მიმართ?

 

- ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს დირექტორის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, თუმცა გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, სხვა კვალიფიკაციაც გამოიკვეთოს.

 

- თქვენ ითხოვდით ტელეკომპანიისგან კონკრეტული დოკუმენტაციის გადმოცემას... თუ მიიღეთ ეს დოკუმენტები?

 

- ეს დოკუმენტები გადმოგვცეს ნაწილობრივ, თუმცა, აქედანაც აშკარა არის, რომ შემოსავლების კლება განპირობებულია მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, თანაც შეგნებულად. „ინტერმედია“, რომელიც ყიდის „რუსთავი 2“-ის რეკლამას, 2014 წლამდე ტელეკომპანიას მზარდი ტენდენციით უხდიდა თანხას, ხოლო შემდეგ გენერალური დირექტორის მიერ მოხდა ფიქსირებულ შემოსავალზე გადაყვანა. ანუ თვის დასაწყისში „რუსთავი 2“ „ინტერმედიას“ წარუდგენდა ფიქსირებულ თანხას, რომელიც უნდა ჩაერიცხა სარეკლამო კომპანიას, თუმცა სინამდვილეში რა სარეკლამო შემოსავალი შედიოდა „ინტერმედიაში“ „რუსთავი 2“-ის წყალობით, ამას უკვე აღარავინ კითხულობდა. ყოველ შემთხვევაში, შემდგომი კონტრაქტებით, ეს საკითხი გამჭვირვალე აღარ არის. ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდებოდა ტელეკომპანიის შემოსავლების შემცირება. პირობითად, თუ ტელეკომპანია 2014 წელს სარეკლამო შემოსავლიდან იღებდა 45 მილიონს და 2015 წელს რეკლამის შემომტანისგან ითხოვ მხოლოდ ფიქსირებულ 32 მილიონს, ცხადია, ეს აჩენს სერიოზულ კითხვებს.

 

- თავად „ინტერმედიას“ უკან ვინ დგას? რატომ უნდა მიეღო „რუსთავი2“-ს მისთვის საზიანო და „ინტერმედიასთვის“ სასარგებლო ფინანსური გადაწყვეტილებები?

 

- „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე და დამფუძნებელი არის ბატონი მიშა მშვილდაძე, რომელიც ამავდროულად გახლავთ „პროესკო ფროდაქშენის“ დამფუძნებელი. ეს კომპანია კი „რუსთავი 2“-ის იურისტ დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად ფლობს ტელეკომპანია „მესამე არხს“. აქედან გამომდინარე, არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ მიემართება „მესამე არხზე“, ამ ტელეკომპანიის გასაძლიერებლად და მე აქვე თქვენს მკითხველს შევახსენებ ბატონ გვარამიას განცხადებას, რომ თუ „რუსთავი 2“ არსებული ფორმით აღარ იქნება მის განკარგულებაში, ტელეკომპანია მთლიანად გადავა სხვა არხზე და იქიდან გავაგრძელებთ მაუწყებლობასო. ანუ, თუ სტრასბურგმა ძალაში დატოვა შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ სქემით აპირებენ „მესამე არხზე“ გადასვლას, არხზე, რომელიც არის პირდაპირ „რუსთავი 2“-ის ფულით გამოკვებილი და თანაც „რუსთავი 2“-ის ფინანსური დაზარალების ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში, აბსოლუტურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩება ჩემი მარწმუნებელი, ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, რომელიც მსგავს მაქინაციებში არ მონაწილეობს. ის ზარალდება ყველაზე მეტად, შესაბამისად, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მივმართოთ პროკურატურას.

 

https://www.primetime.ge/news/1563187545-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%982-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner