logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: საუბარია არა კულტურის ცენტრზე, არამედ რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე, რომლებიც რუსეთის სავიზო ცენტრში იქნება
- +

29 ნოემბერი. 2019. 14:23

 

„ჩვენი შეხვედრის დროს, გუშინ მოვისმინე ბატონი კარასინისგან მოკლე კომენტარი, რომ რუსული ენის სავიზო ცენტრს, რომელიც თბილისში არსებობს და არის კომერციული სტრუქტურა, აქვს სურვილი გახსნას რუსული ენის კურსები ასევე კომერციულ საწყისებზე“, – ეს განცხადება „ნეტგაზეთთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

 

ზურაბ აბაშიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ გარდა მოკლე კომენტარისა, კარასინს მასთან შეხვედრაზე ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

„მე ვუთხარი, რომ ჩავალ თბილისში და გავარკვევ რა და როგორ არის-მეთქი. ასეთი მოკლე კომენტარი იყო”, – ამბობს აბაშიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

 

მისივე თქმით, ეს არ ყოფილა რაიმე ორმხრივი შეთანხმების საგანი:

 

„არანაირი ორმხრივი შეთანხმება და რაღაც ამდაგვარი არ ყოფილა”, – აცხადებს ქართველი დიპლომატი.

 

მისი თქმით, სავიზო ცენტრი კერძო, კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესთა სექციასთან თანამშრომლობს და გასცემს ვიზებს რუსეთში გამგზავრების მსურველთათვის.

 

აბაშიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს შეაფასოს ამ ნაბიჯის პოტენციური რისკები როგორც რუსეთის რბილი ძალის გავრცელების თვალსაზრისით, ასევე შესაძლო ინციდენტების პროვოცირების კუთხით.

 

„მოდით გავარკვევ ჯერ. ამჯერად ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – უთხრა აბაშიძემ „ნეტგაზეთს“ და დასძინა, რომ ის თბილისში ხვალ ბრუნდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner