logo_geo
eng_logo
პრინციპული მოსამართლე „ჰეროკრატიიდან", რომელსაც სახელმწიფომ ბინა აჩუქა
- +

23 ოქტომბერი. 2016. 20:20



მსახიობი ბექა გოდერძიშვილი მარჯანიშვილის თეატრში ორი სპექტაკლის რეპეტიციებს გადის. ერთს დიდ სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილი დგამს, მეორეს - გურამ ბრეგაძე მარჯანიშვილის სარდაფში. სცენაზე, ეკრანს მიღმა ცხოვრებასა და ოჯახზე საუბრის გარდა, ის ჟურნალ "გზასთან" "ჰეროკრატიაში" მისი როლის თაობაზეც ლაპარაკობს. შეგახსენებთ, ის მოსამართლე ვახტანგ უზნაძეს თამაშობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:


- არის როლები, რომელსაც ხალისითა და სიამოვნებით თამაშობ და არის ისეთებიც, რომელშიც შენთვის საინტერესო დეტალებს ეძებ, პოულობ და გიყვარდება. "ჰეროკრატიაში" გოგა ხაინდრავამ მოსამართლის როლზე რომ დამამტკიცა, ძალიან გამიხარდა, რადგან ვთვლი, რომ პერსონაჟი ვახტანგ უზნაძე მამაკაცისთვის იდეალური თვისებების მატარებელია. რა თქმა უნდა, ეს არ არის "სრული კომპლექტი". შესაძლოა, მას კიდევ უფრო მეტი კარგი და მისაღები თვისებები ჰქონდეს, მაგრამ მთლიანობაში, როცა კაცს სერიოზული წინააღმდეგობებისა და პრობლემების გადალახვა უწევს, ის კი მაინც თავისი პრინციპების ერთგული რჩება, ეს ძალზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.


- ბევრის აზრით, "ჰეროკრატიაში" მონაწილე მსახიობები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგი არიან. არ მინდა, თქვენს პოლიტიკურ მოსაზრებებზე მესაუბროთ და მესმის, იმასაც მეტყვით, - მსახიობს სხვადასხვა როლის თამაში უწევს და ესეც სწორედ ის შემთხვევააო, მაგრამ იქნებ მაინც დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი აზრი.


- ფილმში უამრავი მსახიობი იყო დაკავებული და ყველასთან შეხვედრამ არ მომიწია. თუმცა, ვისთანაც კონტაქტი მქონდა და ამ თემაზე საუბარი, ყველა კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმ რეჟიმის. საერთოდ, რადიკალური წინააღმდეგი ვარ პოლიტიკასა და ხელოვნებაშიც როგორც ხელაღებით რაღაცის უარყოფის, ისე თავდავიწყებით მიღების. მედალს ორი მხარე აქვს. ხშირად ადამიანები წარსულს მისტირიან. ბევრი მინახავს, ვინც რომელიმე კონკრეტულ მთავრობას ლანძღავს და მერე მისტირიან ხოლმე. ასეთები დღესაც ბევრია. მადლობელი ვარ, რომ პოლიტიკაზე არ ამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ ერთს და ახლაც დავაფიქსირებ ჩემს აზრს: "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ხდებოდა მკვლელობა, გაუპატიურება და წამება. ეს არის ტოტალური რეჟიმის წინა პირობა, დიქტატორული ჩანასახების საწყისი, რაც მოსახლეობასა და ერში თესავს პანიკურ შიშს. მე ამისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. დღევანდელი ან ნებისმიერი სხვა მთავრობის დროს იგივე რომ განმეორდეს, ის იმ წუთშივე უნდა აღმოიფხვრას და ამ ამბის ჩამდენი ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით. რაც შეეხება დანარჩენს: რაღაც პლუსები და მინუსები ყველა მთავრობას აქვს, მაშინდელსაც და ახლანდელსაც.


- გავიგე, მეოთხე შვილს ელოდებით, გილოცავთ...


- ნატალი 7 წლისაა, ანდრია - 6-ის, ხოლო ალექსანდრე 4-ის. ჩემი მეუღლე, ნინი ჭულუხაძე ყოფილი მოცეკვავეა. მეოთხე შვილს თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ველოდებით. ბიჭია. სამივეს და უნდოდა, ჰყოლოდა და ჩემი მეუღლეც ფიქრობდა, რომ გოგო გვეყოლებოდა, მაგრამ ვაჟი აღმოჩნდა.


- გავიგე, სახელმწიფომ ბინით დაგასაჩუქრათ...


- დიახ, აქამდე ქირით ვცხოვრობდით. ეს ლტოლვილთა სამინისტროს დამსახურებით მოხდა. შარშან შევიტყვეთ, რომ დევნილებს ბინებს ურიგებდნენ. ჩემმა სიდედრმა და მეუღლემ აპლიკაცია შეავსეს, რაზეც დადებითი პასუხი მოგვივიდა. ჩემი მეუღლის ოჯახი სამაჩაბლოდანაა, კერძოდ - სოფელი ქურთადან. იქ პაპისეული სახლი ჰქონდათ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაინგრა. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი თბილისში გავიცანით, ერთმანეთის მიმართ გრძნობა მალევე გაგვიჩნდა და დავქორწინდით.



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner