logo_geo
eng_logo
„როდესაც, შენ თვალწინ მოკლეს სანდრო გირგვლიანი, კარგი იქნებოდა, წამოგცდენოდა: „მე ვარ სანდრო!“
- +

3 იანვარი. 2017. 16:52




„საქართველოს ადგილი საქართველოშია. ბევრის პრობლემა ის არის, რომ ჰგონია, ჩვენი ადგილი რუსეთ-საქართველო-ჩინეთის დაპირისპირების ეპიცენტრშია, თან ისე, რომ პროცესები ჩვენ ვმართოთ", - განაცხადა პოეტმა, დავით მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.


მისი თქმით, ტრამპის გამარჯვებით უდიდესი ცვლილებები დაიწყება. როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა წარმოაჩინა მედიის უკიდეგანო ფარისევლობა, თუმცა ტრამპმა მისი დამარცხება მოახერხა და ხალხს დაანახა, რომ ის რობოტი არ არის, ცოცხალი ძალაა.


„პოლიტკონიუნქტურის დიქტატურის ეპოქა მთავრდება. ეს იგრძნო ტრამპმა, ის არ არის ზომბად ქცეული. აშშ-ის მედია წინასაარჩევნოდ დაახლოებით ისე მუშაობდა, როგორც 2012 წელს მუშაობდა „კურიერი" და „მოამბე", რომლებიც დღესაც ისეთივე „ობიექტურები" არიან", - განაცხადა მაღრაძემ.


პოეტი ვიზალიბერალიზაციის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ევროპამ დაინახა, რომ ფსევდოღირებულებმა თავისი დრო მოჭამა, თუმცა საქართველოში ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყეს ამ ფსევდოღირებულებისთვის ბრძოლა.


„ჩვენი პოლიტიკოსები იცნობენ ევროპელ პოლიტიკოსებს და მეტს არავის, მაგრამ ევროპაში არსებობს ხალხი, ვინც ქმნის სულიერებას. დიუმა წერს, თბილისი ერთი კვირით თუ ჩამორჩება პარიზის მოდასო, რაც მხოლოდ ნიჭიერების აღმნიშვნელია, მაგრამ მაინც ხომ ჩამოვრჩებოდით მაშინაც და ჩამოვრჩებით ახლაც...

 

სამწუხაროდ, ქართველო საზოგადოების დიდი ნაწილი ფარისევლობამ შეიპყრო. საზოგადოების ერთი ნაწილი მუდამ მზად არის სადღეგრძელოსთვის, ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებისთვის, მართლმადიდებლობისთვის გულზე მჯიღის საცემად, მეორე ნაწილი კი დასცინის სადღეგრძელოებსაც, მართლმადიდებლობასაც და ტრადიციებსაც ისე, რომ არც კი ესმით მათი აზრი... მოკლედ, ერთ მხარესაა ინფორმირებული ცინიკურობა, მეორე მხარეს კი - „ეროვნულ-სარწმუნოებრივი" ყმუილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ქართულ კულტურასთან და არც - ქრისტიანობასთან.

 

იმ ხალხს, ვინც სამართლიანობისთვის მებრძოლებს დღეს მხარედ მოიხსენიებს და, ამავდროულად, 1937 წელს რეპრესირებულებზე გულდათუთქული მოთქვამს, მინდა, ვკითხო: მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე მხარეს წარმოადგენენ თუ არა?

 

ერთ მხარეს იყვნენ ორჯონიკიძე, ბერია, სტალინი და სხვანი, მეორე მხარეს კი ეს ადამიანები... ამათ, ვინც დღეს სხვებს მხარედ მოიხსენიებენ, ჯიბის სტალინის შეეშინდათ და ნამდვილი სტალინი რომ ენახათ, სად აღმოჩნდებოდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ... მათ გასაგონად მინდა გავიმეორო: კარგია, როდესაც თანაგრძნობით ამბობ: „მე ვარ შარლი!" მაგრამ როდესაც, ფაქტობრივად, შენ თვალწინ მოკლეს სანდრო გირგვლიანი, კარგი იქნებოდა, წამოგცდენოდა: „მე ვარ სანდრო", - განაცხადა დავით მაღრაძემ. 




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner