logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „მასტერას“ ჰქონდა მცდელობა, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან ამ ფირებით ევაჭრა
- +

25 მარტი. 2016. 12:11


„მასტერა" და მეგის ქარდავა ფარული ჩანაწერებით ვაჭრობას ცდილობდნენ" , -ამ სათაურით გაზეთი „რეზონანსი" აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ მამუკა არეშიძესთან.


„მასტერას" ექსტრადირების საკითხი ბევრად ადრე იყო დაყენებული. ზუსტად საქართველოს მოთხოვნით დააკავეს იგი 2014 წელს. მას მერე ორი წელი გავიდა. პროკურატურა ამბობს, რომ დგებუაძეს ჩანაწერებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს და იგი ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეა დაკავებული. თუმცა მე გეტყვით იმას, რომ 2013 წელს, როცა დგებუაძემ ჰოლანდიას თავი შეაფარა, მას ჰქონდა მცდელობა, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან ამ ფირებით ევაჭრა. მე ის ქალაქიც ვიცი, საიდანაც იგი ხელისუფლებასთან კონტაქტობდა - ბრიუსელი. როგორც ჩანს, ეს კონტაქტი მისთვის ნაყოფიერად არ დასრულდა და მასთან არ ივაჭრეს. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის და მერე უკვე საქართველომ მისი გადმოცემაც მოითხოვა. ასე რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი პირდაპირ კავშირშია ამ ფირების საქმესთან. როგორ ჩაუვარდა ხელში ჩანაწერები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.


ფირებით ვაჭრობის ერთი მცდელობა „მასტერას" ჰქონდა ბრიუსელიდან და მეგის ქარდავას - სოჭიდან. როგორც ჩანს, ვაჭრობა არც მასთან შედგა. ეს ჩემთვის ჯერ კიდევ 2013 წელს იყო ცნობილი. რასაკვირველია, ისინი მთელ ხელისუფლებას არ დაუწყებდნენ ვაჭრობას. კონკრეტულ პიროვნებებთან კონტაქტობდნენ - გვარები არ ვიცი. ეს ინფორმაცია მაშინ ძალოვანი სტრუქტურებიდან შევიტყვე. ეს ვაჭრობა სულ რომ არ ყოფილიყო, დგებუაძე შსს-ს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან იმდენად დაახლოებული იყო, რომ გამორიცხულია, დაწვრილებით არ სცოდნოდა, რა ხდებოდა ჩანაწერებთან დაკავშირებით. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, იგი ჩანაწერებზე ყველაფრის საქმის კურსში იყო... იგი მნიშვნელოვანი ინფორმატორია ახალაია-მერაბიშვილის წინააღმდეგაც - ამ ადამიანმა ყველაფერი იცოდა, რაც მაშინ შსს-ში ხდებოდა", - ამბობს არეშიძე გამოცემასთან საუბრისას.


ჟურნალისტის შეკითხვაზე - „მასტერამდე" საქართველოს პროკურატურამ მაღალჩინოსნების ექსტრადაციის საკითხში არაერთხელ განიცადა კრახი. რატომ დადგა ახლა განსხვავებული შედეგი? უკეთ მოინდომეს?" - მამუკა არეშიძე პასუხობს:


„კეზერაშვილის თემას მოგიყვანთ. მაშინ პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა. ჯერ ერთი, კეზერაშვილის საქმეზე საფრანგეთში ფარატინა ფურცელი გააგზავნეს. გარდა ამისა, მაშინ უფრო მეტი ბრალი კეზერაშვილის ერთ-ერთ ნათესავს ჰქონდა წაყენებული, რომელიც დაკავების მომენტში კეზერაშვილთან ერთად იყო. ფრანგ სამართალდამცავებს ამ ნათესავის უკანონო ქმედებებზე იარაღით ვაჭრობის საქმეში უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, ვიდრე კეზერაშვილზე. ისიც ვიცი, რომ ისინი გაოცებულებიც კი იყვნენ, რადგან ინფორმაცია მათ საქართველოდან კეზერაშვილზე მიუვიდათ და არა მის ნათესავზე. თანაც, როგორც აღვნიშნე, კეზერაშვილზე აბსოლუტურად უსუსური დოკუმენტი გაგზავნეს. მავანს შეიძლება ეს არაპროფესიონალიზმად მოეჩვენოს, მაგრამ მე დავამატებდი, რომ არაპროფესიონალიზმთან ერთად ეს „მეხუთე კოლონის" ქმედების შედეგიც იყო, რომელიც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში მაშინ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლა. თუმცა, ახლაც არის", - ამბობს არეშიძე.

 

პოლიტოლოგი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე აცხადებს, რომ ამ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების სამიზნე საქართველოს ხელისუფლება გახლდათ:

 

„ჩანაწერები პირველ რიგში ურტყამს ხელისუფლების რეიტინგს. ეს ჩანაწერები კონკრეტული პირების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. არც ის მგონია, რომ იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლის წარმომადგენელზეც ჩანაწერი იყო, ამით სერიოზული დარტყმა მიადგა. აქედან გამომდინარე, სამიზნე სხვა იყო, პირველ რიგში კი, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდა. საზოგადოებამ ხელისუფლებას ბრალად წაუყენა არა ის, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გავრცელდა, არამედ ის, რომ მან თავის დროზე „მეხუთე კოლონა" არ ამოძირკვა, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებში მოქმედებდა. ასევე ის, რომ არ გასამართლდნენ ის პირები, რომლებიც ამ ტიპის ვიდეოდოკუმენტების შექმნაში იყვნენ დამნაშავენი. ასეთი სულ 40-50 კაცი იყო და ხელისუფლებამ მათი სახელები და გვარებიც გადასარევად იცოდა და დანაშაულის ხარისხიც. რაც შეეხება იმას, თუ ვის წისქვილზე დაასხა ჩანაწერებმა წყალი, შემიძლია ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობის" წისქვილზე დაასხა, ასევე, საქართველოს მტრების - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. აქ ხელისუფლების ავკარგიანობაზე კი არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელება ქვეყანაში არასტაბილურ მდგომარეობას ქმნის და მოქალაქეებში დაუცველობის გრძნობას აჩენს. საბოლოოდ კი, ხელისუფლებასა და ხალხს შორის კავშირი ირღვევა. ეს კი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

 

თავიდანვე ხელისუფლებამ ეს „მეხუთე კოლონა" არ ამოძირკვა იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლებისათვის ამის გაკეთება რთული იყო. მაშინ მიხეილ სააკაშვილივით უნდა მოქცეულიყვნენ, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შსს-ს რიგებიდან უმრავლესობა გაუშვა. მე, მაგალითად, ვიყავი მომხრე, რომ ამ ხელისუფლებასაც ყველა გაეშვა და პასუხისმგებლობაში მიეცა ის პირები, რომლებიც ამგვარ საქმეებში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ხელისუფლებისათვის კი, როგორც ჩანს, ამის გაკეთება რთული აღმოჩნდა. ეს ადამიანები სტრუქტურებში დარჩნენ და თავიანთი პატრონების დავალებას ასრულებდნენ. პატრონებს იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანზე საქართველოდან გაქცეულ მაღალჩინოსნებს კომპრომატები ჰქონდათ. სწორედ ამ კომპრომატების მეშვეობით მართავდნენ ამ ხალხს. ხელისუფლებაში არ გაითვალისწინეს, რომ ადამიანები, რომლებიც კომპრომატებით იმართებიან და ერთხელ უკვე გაყიდული არიან, მეორედაც იმავეს გააკეთებენ და მივიღეთ შედეგი, რომელიც გვაქვს.

 

ჩანაწერების გავრცელების გაკონტროლება ძალიან რთულია, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, საზოგადოება სწორად იქცევა, როცა ხელისუფლებას მწვავე რეაგირებას და ამ პროცესის ლიკვიდაციას სთხოვს, მაგრამ ამ სიტუაციის ლიკვიდაცია ძალიან რთულია. როგორც ირკვევა, ეს ჩანაწერები სპეცსამსახურების თანამშრომლებს მაშინვე გაუმრავლებიათ და ისინი ისეთი ხალხის ხელში აღმოჩნდა, რომელზეც ამას არავინ ელოდა. ჯამალაშვილისა და ღურწკაიას დაპატიმრებამაც ცხადყო, რომ ეს ჩანაწერები ისეთი ხალხის ხელშიც კია, ვისაც ამასთან პირდაპირი შეხება, წესით, არ უნდა ჰქონოდა. ასე რომ, ამის ლიკვიდაცია ურთულესია. ჯერ ერთი, ჩანაწერები ბევრია და მეორეც, ვის სად უნდა სდიონ, მსოფლიოს რომელ კუთხეში?

 

რა თქმა უნდა, თემის კიდევ უფრო გააქტიურებას ველოდები და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ - მომავალ წლებშიც. სანამ ის ადამიანები, რომლებიც ამ ვიდეოებზე არიან ასახული, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში აქტიურები იქნებიან, ამ ვიდეოებით შანტაჟი მანამდე გაგრძელდება. შეიძლება, არ გამოაქვეყნონ, მაგრამ ამ ადამიანებს ყოველთვის დააშანტაჟებენ ფულის მოთხოვნისა თუ დავალების შესრულების მიზეზით. ესაა საშინელი მემკვიდრეობა, რომელიც ქვეყანას „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუტოვა", - ამბობს მამუკა არეშიძე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×