logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ კადრების გავრცელების უკან სააკაშვილი დგას
- +

27 მარტი. 2016. 13:53


რატომ ატყდა 16 მარტის პარლამენტის სხდომაზე მიკროფონების სროლა, ვინ ცდილობდა ნაციონალების გადაბირებას, რა კითხვებს უნდა გასცენ მაჭავარიანმა და ბარამიძემ პასუხი? - ამ თემებზე „ახალ თაობას" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კარლო კოპალიანი ესაუბრება.


- მართალია, ხშირად აკეთებთ მწვავე განცხადებებს, მაგრამ ჩხუბით არ ჩხუბობთ ხოლმე, 16 მარტის პარლამენტის სხდომაზე კი დამიზნებით ესროლეთ მიშა მაჭავარიანს მიკროფონი. რამ გაგაბრაზათ ასე ძალიან?


- რამ გამაბრაზა და მაგათი ყელყელაობა ამოვიდა ყელში. სხვა მხრივ დამეთანხმებით, რომ იშვიათად ხდება, რომ ვიღაცამ წყობილებიდან გამომიყვანოს. 16 მარტის სხდომაზე საოცარი რამე მოხდა - ვიდეოკადრების გავრცელების თაობაზე, რამაც წყობილებიდან გამომიყვანა და ვესროლე კიდევაც მაჭავარიანს მიკროფონი.


ნაციონალებს ვთხოვ, რომ გაჩერდნენ, ადამიანური ლაპარაკი მათ, სამწუხაროდ, არ ესმით და რა ვქნათ, კაკო ბობოხიძის ენაზე ველაპარაკოთ და დედ-მამის სული ვუტრიალოთ ყოველდღე? ნორმალური ლაპარაკი ამათთან არ გამოდის. გამოდის ამათი ერთ-ერთი უნამუსო ლიდერი ბოკერია და ამბობს, ამ კადრების გამავრცელებელი ბიძინა ივანიშვილიაო. ამას იმ კაცზე ამბობს, რომელიც ეკლესიებს აშენებს და მთელი ეს წლები ეხმარებოდა ხალხს. თურმე ამ კაცმა მოთხარა მიშა სააკაშვილის დამარხული „ბოჩკები", რომ რაღაცები გამოექვეყნებინა.


- რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული, რომ ივანიშვილი არაფერ შუაშია?


- იმიტომ, რომ ვიცი, რა ადამიანიცაა, მაგ კაცს სხვისი პირადი ცხოვრება მილიონი წელი არ დააინტერესებს. ამ საშინელებებს იღებდნენ ეს ავადმყოფები, რომლებმაც ადამიანის სახე სულ დაკარგეს. მოგიშლიან ადამიანს ნერვებს და მერე უკვირთ, რატომ ისროლა მიკროფონიო.


- ზემოთ თქვით, ნაციონალებს ქაოსი უნდათო. პარლამენტში უკვე დაიწყეთ ერთმანეთის ცემა-ტყეპა, ქუჩაშიც ხომ არ გადავა ეს პროცესი?


- 16 მარტს რაც მოხდა, ამას ეძახით ცემა-ტყეპას? ქუჩაში კიდევ ვინ ვის უნდა დაუპირისპირდეს. ნაციონალებს უკვე საკუთარი ოჯახის წევრებიც აღარ უჭერენ მხარს. ეს თავადაც იციან, მაგრამ ის გადარეული რომ ჰყავთ ოდესაში, ის აძალებს, არიეთ სიტუაციაო. ესენიც რაღაცებს ფაფხურობენ, მაგრამ არ გამოუვათ. ხალხი ამათ რომ აღარ ჰყავთ, იმედია, ყველა დარწმუნდით. ხომ ნახეთ, გაზპრომის ამბავზე რამდენიმე ასეული ადამიანი გამოიყვანეს მხოლოდ. სხვა დროსაც იგივე მოხდება. ჩემი წყობილებიდან გამოსვლა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ქაოსია. მათ გამოხდომებს ძალიან მშვიდად ვხვდებით და ერთი სული გვაქვს, ოქტომბერი როდის დადგება.


- ოქტომბრის დადგომას რატომ ელოდებით ასე მოუთმენლად?


- ოქტომბერში არჩევნებია და ესენი პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრებიან. ახლა ის მაინტერესებს, გარეთ როგორ ივლიან ეს უბედურები? ამათ უამრავი საზიზღრობა აქვთ ჩადენილი და ქუჩაში თავისუფლად სიარული გაუჭირდებათ.


- სიარული გაუჭირდებათ ქუჩაშიო, ამბობთ, მაგრამ ჯერჯერობით, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ყელყელაობენ...


- მათი ყელყელაობის მიზეზი ვერაფრით ავხსენი. ეს ჩვენი ლოიალობის ბრალია. შესაძლოა, ვიღაცა ავტორიტეტად მიგვაჩნდეს და ამათი გადმობირება გვინდოდა. მაგრამ რას ლაპარაკობთ, ვინ უნდა გადმოვიბირო? რაღა ეგენი და რაღა კანნაცვალი გველები. გველები იცით, რამდენჯერ იცვლიან კანს? გველი გველია, იმას გინდა ლურჯი მაიკა ჩააცვი და გინდა - რაიმე სხვა. მაგარ რაღაცას გეტყვით. „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე არასდროს ჰქონია ხმების 20%-ზე მეტი. არჩევნებზე სულ გაყალბებულ შედეგებს დებდნენ. ასეთი ხალხის გადმობირება რაში გვჭირდება? 10 ნაციონალის გადმობირების გამო, შეიძლება მოსახლეობის 50%-ის მხარდაჭერა დავკარგოთ. ამის გამო კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათთან ლოიალობისა. ჩვენი ამომრჩეველი იმით გავანაწყენეთ, რომ ამათთვის თავზე ხელის გადასმას გადავყევით. ამ ხალხს ვერაფრით მოვეფერები და ვერც მათ გადმობირებაზე ვიზრუნებ.


- ისე გაცხადებით საუბრობთ მათ გადმობირებაზე, დავალება ხომ არ გაქვთ ვინმესგან?


- არა, რა დავალება? თავიდან იყო ასეთი მოლოდინები, რომ შეიძლებოდა, გონზე მოსულიყვნენ. აზრზე მოსვლის მაგივრად, ხომ ხედავთ, რას სჩადიან, საშინელი კადრების გავრცელება დაიწყეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ კადრების გავრცელების უკან სააკაშვილი დგას, ნაციონალები თვალებს აფახულებენ, თურმე მიშამ ეგ ფირები „ბოჩკაში" ჩადო და სამეგრელოს ტყეებში დაფლა. ჩვენც დავიჯერეთ ეს ზღაპარი. თურმე საწყალ მიშას და მერაბიშვილს „ფლეშკის" ფული არ ჰქონიათ, რომ ეყიდათ და ეს ფირები იქ ჩაეწერათ. ამ სიბინძურეში მათი ხელი ურევია და ამისთვის ოქტომბერში ხალხისგან პასუხს მიიღებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×