logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: ვეცდებით, ხალხის ნდობა მოვიპოვოთ
- +

17 თებერვალი. 2017. 17:23



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში" რეფორმა აუცილებლად ჩასატარებელია.

 

„პროცესისადმი ნდობაა ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცოტა ვინმეს შეიძლება ინსტიტუციურად აწყობდეს ის პროცესი, რაც ახლა „საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარეობს. ჩვენ ვეცდებით, ეს ნდობა მოვიპოვოთ სულ უფრო მეტი დაწვრილებითი განმარტებებით, ჩვენ ავუხსნით ყველას, რის გაკეთებას ვაპირებთ, რა ნაბიჯებს ვდგამთ და რატომ. ერთადერთი იარაღი, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ადამიანებს ავუხსნათ ჩვენი პოზიცია, ჩვენი ხედვა და დავარწმუნოთ, რომ ეს არის გამოუვალი მდგომარეობა. თუ არ ჩატარდება რეფორმა ახლა, ამის საჭიროება ნებისმიერ შემთხვევაში დადგება ნახევარი წლის ან ერთი წლის შემდეგ ნებისმიერი მენეჯმენტის პირობებში. თუ საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ გვამოძრავებს ერთადერთი მიზანი, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდეს უფრო პოპულარული ტელევიზია და გახდეს ტელევიზია, რომელიც ბევრად უკეთ შეასრულებს თავის, კანონით მინიჭებულ, ფუნქციებს, იმიტომ, რომ მას ეყოლება ბევრად მეტი მაყურებელი, ვიდრე ჰყავს დღეს - ხარისხის შენარჩუნებით, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ნდობის პრობლემა არ დადგება.

 

ახლა საკითხს ასე სვამენ: ხომ არ იმალება ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ზრახვები?.. როდესაც ადამიანები რეალურად დაინახავენ იმ მდგომარეობას, რაშიც არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი" და რეალურად დაინახავენ, რომ ეს მდგომარეობა მოითხოვს ერთიანად ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელსაც სჭირდება თანხა - თანხის მობილიზება კი შესაძლებელია მხოლოდ შიდა რესურსით, სხვა რესურსი ამისთვის არ არსებობს - მე მგონი, აბსოლუტურად ცხადი გახდება ყველასთვის, რომ შესაძლებელია, ჩვენ რომელიმე ნაბიჯი გადაგვედგა ოდნავ უფრო ადრე, ან ოდნავ უფრო გვიან, ან ოდნავ მარჯვნივ, ან ოდნავ მარცხნივ, მაგრამ მთლიანობაში ალტერნატივა ამ პროცესს არ აქვს, სწორედ ეს გვინდა, დავანახოთ საზოგადოებას", - განაცხადა ია ანთაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner