logo_geo
eng_logo
რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი - რა უნდა ვიცოდეთ შესაძლო საფრთხეების და მათი პრევენციის შესახებ
- +

11 აგვისტო. 2017. 01:00



აგვისტოს პაპანაქებაში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსამდე ადის. გაუსაძლის ხვატს ადამიანები კონდიციონერის დახმარებით უმკლავდებიან, სახლებში და სამუშაო ადგილებზე გრილ მიკროკლიმატს ქმნიან, თუმცა ნაკლებად იციან იმ საფრთხეების შესახებ, რასაც კონდიციონერი იწვევს. გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების და ამერიკის თორაკალური საზოგადოების ნამდვილი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე:


- ზაფხული მართლაც წარმოუდგენელია კონდიციონერის გარეშე. ამ მოწყობილობას დიდი შეღავათი მოაქვს, მაგრამ მრავალი პრობლემაც ახასიათებს. უპირველესი გახლავთ გარეთ არსებულ ცხელ ჰაერსა და კონდიციონერით გაგრილებული ოთახის ჰაერს შორის ტემპერატურის მკვეთრი სხვაობა! ოთახში ნორმალურ ტემპერატურად ითვლება 25 გრადუსი. ზოგადად, მიღებულია, რომ გარე და შიდა ტემპერატურა ერთმანეთისგან 4-6 გრადუსზე მეტად არ უნდა განსხვავდებოდნენ, მაგრამ როცა გარეთ 43 გრადუსი სიცხეა და ოთახში ტემპერატურას 20 გრადუსამდე ვაციებთ, ეს სხვაობა მთელი რიგი ორგანოების და სისტემების დაავადებებს იწვევს: პირველ რიგში, სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ასევე, სინუსიტებს, ტონზილიტებს, შარდსასქესო სისტემის ინფექციებს, რომლებიც ქალბატონებში ძირითადად, ცისტიტით ვლინდება. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა განაპირობებს ჰერპესის გამწვავებას, ნევროლოგიურ პრობლემებს, მწვავე კუნთოვან სპაზმითი ხასიათის ტკივილებს, ასევე, თავის, წელის არეში ტკივილებს. კონდიციონერიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნა ხმის დაკარგვასაც იწვევს. კონდიციონერთან დაკავშირებულ საფრთხეთა შორის ყველაზე საშიში მაინც ბაქტერია ლეგიონელით ინფიცირება და მისგან გამოწვეული პნევმონია გახლავთ!


- როგორ გარემოში ვრცელდება ლეგიონელოზი?


- ლეგიონელა ბაქტერიების ატიპიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის გავრცელებულია ისეთ ადგილებში, სადაც სიახლოვეს არის წყალი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს. რომაელი ლეგიონერებს, რომლებიც ლაშქრობისას ტბის თუ მდინარის პირას ბანაკდებოდნენ, ეს სენი ხშირად ემართებოდათ და მისი სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა-ლეგიონერების დაავადება! ეს ინფექცია სეზონურია, ზაფხულობით ვრცელდება. მართალია, მისი სიმპტომები - საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ხველა, მაღალი სიცხე, წონაში კლება და ინტოქსიკაციები - იგივეა, რაც სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებს და პნევმონიებს ახასიათებთ, მაგრამ, ლეგიონელოზი გაცილებით აგრესიული ფორმით მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ბაქტერია ლეგიონელას გავრცელებისთვის საუკეთესო სივრცე ყოფილა კონდიციონერი, განსაკუთრებით, დაბალი ხარისხის, იაფფასიანი კონდიციონერი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ არეგულირებს ტემპერატურას, ცივი ჭავლის მექანიზმს, რათა ცივი ჰაერის ნაკადი ადამიანს პირდაპირ არ ეფრქვეოდეს. თუ კონდიციონერის ფილტრები რეგულარულად არ იწმინდება, მით უფრო, თუ შენობაში კონდიცირების ცენტრალური სისტემაა დამონტაჟებული, პროცესის გენერალიზაციის, ანუ განვრცობის დიდი საფრთხე არსებობს. როგორც წესი, ლეგიონელოზით დაავადებულები აღწერენ, რომ ხანგრძლივად უწევთ ყოფნა და მუშაობა ისეთ ოთახებში, რომელიც კონდიციონერების საშუალებით გრილდება. ხოლო თუ ასეთ ოთახებში ადამიანები მჭიდროდ სხედან, ინფექციის სწრაფად ვრცელდება ხდება ხოლმე. ლეგიონელოზის გარდა, კონდიციონერს უკავშირებენ სხვადასხვა ალერგიულ და კანის დაავადებებსაც.


- როგორ უნდა ავიცილოთ ეს დაავადებები?


- პირველ რიგში, ვიზრუნოთ, რათა შენობის გარეთ და შიგნით ტემპერატურათა სხვაობა 4-6 გრადუსს არ აღემატებოდეს. მაგრამ როცა გარეთ 43 გრადუსი სიცხეა, ოთახში თუნდაც 37-39 გრადუსი არ დაგვაკმაყოფილებს. მთავარია ვიცოდეთ, რომ დაუშვებელია, 43 გრადუსიდან ადამიანი პირდაპირ შედიოდეს ისეთ გარემოში, სადაც 20-25 გრადუსია. საუკეთესო გამოსავალია, გარედან შენობაში შესულებმა პირდაპირ კონდიციონერიან ოთახში არ ამოვყოთ თავი და ადაპტაციის მიზნით, მცირე ხნით შევყოვნდეთ სადმე მოსაცდელში, სადაც მეტნაკლებად გარდამავალი ტემპერატურა იქნება. ამგვარად ავირიდებთ ქრონიკული რესპირაციული დაავადებების, სიცივის ალერგიის, ბრონქოსპაზმის თანხლებით მიმდინარე დაავადებების - ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდების გამწვავებასაც. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი გახლავთ მსოფლიოში წელიწადში 4-5 მილიონი ადამიანის დაღუპვის მიზეზი, რომელსაც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება განაპირობებს!

 

- უხარისხო კონდიციონერი კიდევ რა პრობლემას განაპირობებს?


- უხარისხო კონდიციონერი იწვევს ჰაერის გამოშრობას და დეიონიზაციას, თუმცა ამ ვერსიის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ რადგან ზაფხულში ტენიანობა ისედაც მაღალია, კონდიციონერი ამ მაჩვენებელს პირიქით, არეგულირებს, რადგან ზედმეტად ნესტიან ჰაერს აშრობს.. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ცივი ჰაერის ნაკადი პირდაპირ ადამიანისკენ არ იყოს მიმართული. ასეთი ზემოქმედება უამრავ რესპირაციულ დაავადებას იწვევს, ამიტომ უბრალო კონდიციონერებს მარეგულირებელი აქვთ, თუმცა თანამედროვე ეპოქაში იყიდება შედარებით ძვირადღირებული, მაგრამ ისეთი "ჭკვიანი" კონდიციონერები, რომლებიც ბაქტერიოციდული თვისებებით არიან აღჭურვილი, იმავდროულად, ავტომატურად არეგულირებენ იონიზაციის პროცესს, ტენიანობას და ჰაერის ნაკადსაც. ალბათ სჯობს, სიძვირესა და ჯანმრთელობას შორის არჩევანი უკანასკნელის სასარგებლოდ გავაკეთოთ.

 

- შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა დაიძინოს ოთახში, სადაც კონდიციონერი ჩართულია?


- ღამით კონდიციონერის დატოვება კატეგორიულად აკრძალულია! არსებობს მოწოდება, რომ როცა კონდიციონერი დახურულ სივრცეში მუშაობს, პერიოდულად ის გამოირთოს და ოთახი განიავდეს. ეს აუცილებელია, რათა ოთახში საჭირო რაოდენობით იონები შემოვიდეს და ტენიანობაც აღდგეს. აღნიშნული საკითხი გაცილებით მწვავედ დგას იმ ქვეყნებში, სადაც ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, მაგალითად, არაბეთში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ჩვეულებრივი კონდიციონერების მოხმარების ინსტრუქციაში ხშირად შეხვდებით მითითებას, რომ მიზანშეუწონელია გამოყენება ჰაერის გასაგრილებლად, თუ გარეთ ტემპერატურა 45 გრადუსს აღემატება, ან გასათბობად, როცა გარეთ ტემპერატურა -5 გრადუსზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევებში კონდიციონერი შეფერხებით მუშაობს. თუმცა, არსებობს მაღალტექნოლოგიური კონდიციონერები, რომლებიც გათვლილია ისეთ ქვეყნებზე, სადაც მაღალი ტემპერატურა ჩვეულებრივი მოვლენაა. თანამედროვე კონდიციონერებს ეს ნაკლებად ეხება, ექსპლოატაცია ფრეონის გამოყოფას განაპირობებს და მისი დაგროვებისგან დაზღვევის მიზნით, ისევ და ისევ, ოთახის პერიოდულად განიავებაა აუცილებელი.


- როგორ მოვუაროთ კონდიციონერს?


- კონდიციონერის შეძენისას კარგად უნდა გავეცნოთ მის პარამეტრებს. უპირველესად, ყურადღება მივაქციოთ, რომ კონდიციონერის სიმძლავრე შეესაბამებოდეს იმ ოთახის ფართობს, სადაც მის დაყენებას ვაპირებთ. კონდიციონერის მთავარი შემადგენელი ნაწილია ფილტრები, რომელთა ხარისხზე პირდაპირ არის დამოკიდებული კონდიციონერის ღირებულება. კონდიციონერი ჰაერს გარედან იღებს და თუ ფილტრი დაბინძურებულია, იგი თავად ხდება ბაქტერიების რეზერვუარი და მათი გავრცელების წყარო! ამიტომ ფილტრები ხშირად უნდა შეიცვალოს, უკიდურეს შემთხვევაში, მტვერსასრუტით გამოსუფთავდეს და სპეციალური ხსნარებით გაირეცხოს! ფილტრების ცვლის თუ რეცხვის სიხშირე კონდიციონერის მუშაობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. თუ ძვირადღირებული კონდიციონერის შეძენის საშუალება არ გვაქვს, რომელიც ტენიანობას, ტემპერატურას, ჰაერის ნაკადს და იონიზაციას ავტომატურად არეგულირებს, დაავადებებისგან დაზღვევას ოთახის ხშირი განიავებით მოვახერხებთ. თუ კონდიციონერს სწორად შევარჩევთ და მოვეპყრობით, ის ჩვენი მტერი კი არა, მეგობარი გახდება და წარმატებით გამოვიყენებთ როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში!













 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner