logo_geo
eng_logo
ედმონდ მინაშვილი: პირობას ვდებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მათ სახელებს მსოფლიოს გავაგებინებ!
- +

12 აგვისტო. 2017. 15:11



შინდისის ბრძოლიდან 9 წელი გავიდა. ომში დაღუპული ქართველი გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. „შინდისი"- ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც საქართველოში იღებენ და მისი მიზანია უკვდავყოს გმირულად დაცემული ჯარისკაცების სახელი და სიმამაცე, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყანას შესწირეს. ფილმი, რომელიც მომავალ თაობას მოუთხრობს და ასწავლის, თუ როგორ გიყვარდეს სამშობლო და შეეწირო მას.


11 აგვისტოს მნიშვნელობაზე, ფილმის დეტალებსა და შინაარსზე პროექტ "შინდისის გმირების" ავტორი და ხელმძღვანელი,  მხატვრული ფილმ "შინდისის" პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი „მარშალპრესს" ესაუბრა:

 

„ცხრა წელი შესრულდა იმ ტრაგედიიდან, რომელიც 2008 წელს დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს. კონკრეტულად დღეს გორის რაიონ სოფელ შინდისში, სადაც ქართველი ჯარისკაცები, დღის 3 საათზე მოხდნენ ალყაში, სადაც მტერი იყო ჩასაფრებული, დაიღუპა 17 ქართველი მებრძოლი, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოდნენ მტერს და დაანახეს, ქართული სული, ქართული სისხლი, ქართული გენი. ამ 17 გმირიდან ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, მიშიკო დვალიშვილი, რომელიც 2011 წლის აგვისტოს ჩამოასვენეს სოფელ შინდისში. მის საფლავზე დავიფიცე, რომ შენს სახელს, შენი მეგობრების სახელს, გავაგებინებ სრულიად საქართველოს -მეთქი. ამის შემდეგ დავიწყე ექსპედიცია, მოვიარე ყველა დაღუპულის ოჯახი, ვცხოვრობდი თვეების განმავლობაში მათთან, შევაგროვეთ ინფორმაცია. შემდეგ გადავიღეთ 2 სრულმეტრაჟიანი ფილმი. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიშიკო დვალიშვილი რომ არ დაღუპულიყო, შესაძლოა ეს ისტორია არავის სცოდნოდა.

 

აქ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაწყებული, აშენდა გმირების საპატივცემულო მემორიალი. არის ულამაზესი ტაძარი, რომელიც ბატონმა კახი კალაძემ, საკუთარი სახსრებით, საკუთარი ჯიბიდან, საკუთარი ფონდიდან ააგო ეს ტაძარი. მას დღემდე არსად უხსენებია, რომ ეს ტაძარი მისი დახმარებით აშენდა. დღეს ძალიან დიდი ღონისძიებები გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ბატონი კახი სპეციალურად არ ჩამოვიდა, რადგან საზოგადოებამ ცუდად არ გაიგოს, რომ ამას მე პიარისთვის ვიყენებო. წარმოიდგინეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, არ ჩამოვიდა, რომ ამ საშვილთაშვილო საქმეს საკუთარი პიარისთვის იყენებდა. ეს ძალიან დიდსულოვენებაა მისი მხრიდან. მავანსა და მავანს მსგავსი რამ რომ გაეკეთებინა, დარწმუნებული ვარ, დილიდან აქ იქნებოდნენ და ყველა ჟურნალ-გაზეთს მისცემდნენ ინტერვიუს - აი, მე რა გავაკეთეო. ბატონი კახი წესით აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაც ზემოთ მოგახსენეთ მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო არ ჩამოვიდა... რაც ძალიან დასაფასებელია მისი მხრიდან. ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრის სახელით, (დღეს აქ არიან, ჩემს გვერდით) ყველა დაღუპული გმირის დედის, მამის, ძმების-დების, შვილების, მეუღლეების სახელით მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს აი, ამ საშვილთაშვილო საქმისთვის.

 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მხატვრულ ფილმს ვიღებთ, სახელწოდებით „შინდისი". დიდი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ქასთინგით შერჩეული მსახიობები, რომლებიც ამ გმირების როლს შეითავსებენ. ოთხის თვის განმავლობაში ვარჩევდით მსახიობებს. 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ისინი გავაგზავნეთ თელავის სამხედრო ბაზაზე, რომ ეგრძნოთ თუ რა არის ჯარის ცხოვრება. უფრო მარტივად შევიდნენ როლებში, უფრო გახსნილები არიან, ეს ყველაფერი კი უფრო გასაგები იქნება მაყურებლისთვის, რომ რეალურ გმირებად აღიქვან ეს ბიჭები. სიმბოლურად დღევანდელ დღეს მოუწიათ სამხედრო ბაზის დატოვება. მე ეს ბიჭები ბაზიდან პირდაპირ შინდისში წამოვიყვანე, მოვიყვანე აქ, სადაც ეს ტრაგედია მოხდა.

 

ამასთან, აქ ჩამობრძანებული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ბატონი ლევან იზორია თითოეულ მათგანს უშუალოდ შეხვდა, მ მადლობა გადაუხადა ბიჭებს გვერდით დგომისთვის და უთხრა, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული საკუთარ თავზე.

 

მე მინდა თავდაცვის სამინისტროს და ასევე კერძოდ, ბატონ ლევან იზორიას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ უპრეცენდენტო დახმარებას გვიწევს ამხედრო ტექნიკით. ასევე ამ ბიჭების ცხოვრება იქ სამხედრო ბაზაზე ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველანაირად გვიდგას გვერდში თავდაცვის სამინისტრო, განსაკუთრებით ბატონი ლევან იზორია, ძალიან დიდი მადლობა მას.

 

დღეს აქ გვქონდა თეატრალური ღონისძიებები, ასევე მობრძანდა მეუფე, რომელმაც პარაკლისი გადაიხადა და მანაც დალოცა მთელი გადამღები ჯგუფი. მთელმა ღონისძიებამ ძალიან ამაღელვებლად ჩაიარა. ოჯახის წევრებმა, დედებმა, მამებმა ჩაიხუტეს ის მსახიობები, ზოგმა ამოიცნო რომელი მსახიობი განასახიარებს თავიანთ შვილებს, ძალიან მგძრნობიარე და პატრიოტული დღე იყო.

 

მე ძალიან მეამაყება, რომ 11 აგვისტო სოფელი შინდისში იქცა შეკრების ადგილად, სადაც ტკივილის და სიყვარულის ერთობლივი გაზიარება ხდება. დღევანდელი დღე არის ქართველი მებრძოლების გმირობის დღე და ეს ერთი მხრივ, გასახარებელია, მეორე მხრივ, კი თითოეული ჩვენგანის უდიდეს ტკივილი და ტრაგედიაა. თითოეული ქართველი მებროძოლის და მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრი, რომლებმაც სამშობლოსათვის ბრძოლას, გმირულად შესწირეს საკუთარი სიცოცხლე.

 

საბოლოო კი მინდა ვთქვა, პირობას ვდებ ერისა და ქვეყნის წინაშე, რომ ეს მხატვრული ფილმი - "შინდისი" იქნება ყველა ქართველისთვის საამაყო. დღესაც ამ ბიჭების მემორიალთან დავიფიცე და ეს პირობა დავდე. ეს არ იქნება ფილმი, რომელიც დარჩება თაროზე და მტვერი შეჭამს. ეს იქნება ყველა ქართველისთვის, მომავალი თაობისთვის საამაყო კლასიკა.

 

ჩემთვის შინდისი არის ადგილი, სადაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი დავკარგე, რომელიც ჩვენი თანამედროვე გმირია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაგებინო მათი სახელები, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ პირობას შევასრულებ", - განაცხადა ედმონდ მინაშვილმა „მარშალპრესთან" საუბარში.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner