logo_geo
eng_logo
ბეგი სიორიძე: „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი ან თუნდაც დამფინანსებელი არასოდეს ვყოფილვარ!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 20:34



გურულები თავიანთ სიმკვირცხლეს, ტრადიციულად, პოლიტიკაშიც ავლენენ და გამონაკლისი არც კარსმომდგარი თვითმმართველობის არჩევნებია. კერძოდ, „ქართული ოცნების" ფავორიტ ბეგლარ (ბეგი) სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე (კოტე) შარაშენიძეს შორის ოზურგეთის მერობისათვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული და ოპონენტები ერთმანეთისათვის მწვავე პოლიტიკური ბრალდებების წაყენებასაც არ ერიდებიან. ისიც აღსანიშნავია, რომ შარაშენიძე „ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც მმართველი პარტიიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც ოზურგეთის მერობაზე დამოუკიდებლად კენჭისყრა გადაწყვიტა.


- ბატონო ბეგი, კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში ოზურგეთისთვის არაფერი გაგიკეთებიათ და მოსახლეობა თქვენ მიმართ უკიდურესად უარყოფითად არის განწყობილი. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

- შარაშენიძის ამ განცხადებაზე პასუხის გაცემაც კი აბსურდად მიმაჩნია, მაგრამ თქვენი გაზეთისადმი პატივისცემის ნიშნად გიპასუხებთ: დაინტერესდით, როგორი ოზურგეთი დაგვიტოვა კოტე შარაშენიძემ და შემდეგ დღევანდელ ოზურგეთში გაიარეთ. დიახ, 36 მოასფალტებული ქუჩა, რეკონსტრუირებული და განახლებული ქალაქის ცენტრი, სოციალური საცხოვრისი 51 უსახლკარო ოჯახისთვის, 40-ზე მეტი გადახურული კორპუსი, ქალაქის სტიქიისგან დაცვის სისტემა, რომელიც ახლომდებარე მდინარეებზეა განთავსებული და კიდევ უამრავი პროექტი - აი, ეს არის პასუხი შარაშენიძის უსირცხვილო განცხადებებზე!


რაც შეეხება მოსახლეობას, ჰკითხეთ ოზურგეთელებს და თავად გეტყვიან, როგორ შეფასებას აძლევენ ჩემს სამწლიან საქმიანობას. შესაძლოა, კოტე შარაშენიძემ თავის ირგვლივ უავტორიტეტო ადამიანების მცირე ჯგუფი შემოიკრიბოს, მაგრამ ოზურგეთის მოსახლეობა ასეთი კაცის გვერდით არასდროს დადგება!


- შარაშენიძე ასევე ამბობს, რომ თქვენ წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყავით და ყველაფერს აკეთებდით, რათა 2012 წლის 1 ოქტომბერს ოზურგეთში „ქართულ ოცნებას" არჩევნები წაეგო. ამ ბრალდებაზე რა პასუხი გაქვთ?

 

- არაერთხელ აღმინიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესში ვიყავი, თუმცა, არასდროს ვყოფილვარ შორს ჩემი ოზურგეთელებისგან. „ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩემს კავშირს ვერავინ დაამტკიცებს, რადგან ამ პარტიის წევრი ან თუნდაც დამფინანსებელი არასოდეს ვყოფილვარ.


საერთოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი კოტე შარაშენიძემ საკუთარ თავს მოჰკითხოს! დიახ, კაცი, რომელიც „ქართული ოცნების" წევრობით ამაყობდა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან და კანდიდატებთან ერთად აწყობს ხელისუფლებაში მოსასვლელ გეგმებს. სიმართლე გითხრათ, შარაშენიძისგან ეს არც მიკვირს, რადგან მისნაირ კაცთან ოზურგეთში სხვა არც არავინ ითანამშრომლებდა.


- თუმცა, შარაშენიძის განცხადებით, მას თქვენთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს და არჩევნებში დაგამარცხებთ. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

 

- კოტე შარაშენიძე „ქართულმა ოცნებამ" გარიცხა, ამიტომ ახლა ოცნების საკუთარი ვერსია აქვს მოფიქრებული გულის დასამშვიდებლად. იოცნებოს, ამისთვის კიდევ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, 21 ოქტომბერს კი მთელი ოზურგეთი „ქართულ ოცნებასთან" ერთად დამსახურებულ გამარჯვებას ვიზეიმებთ!

 

 

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner