logo_geo
eng_logo
დავით კირკიტაძე: ვადასტურებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფისი ნამდვილად გაყიდა
- +

8 ნოემბერი. 2017. 15:50


„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე ადასტურებს, რომ რუსთავში, სპორტის ქუჩაზე მდებარე პარტიის ოფისი გაიყიდა, თუმცა ამბობს, რომ პირადად ამ საკითხში ჩართული არ ყოფილა და არც მოლაპარაკებები უწარმოებია ვინმესთან.


„პრაიმტაიმთან" საუბრისას კირკიტაძემ ასევე უარყო, რომ შუამავალს ის გარიგების რეალური ღირებულების გასაიდუმლოებას სთხოვდა.


დავით კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობა":


-დიახ, ვადასტურებ, რომ ოფისი ნამდვილად გაყიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ". ეს მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

 

-რამდენად გაიყიდა, თუ საიდუმლო არ არის?


-თანხა საიდუმლო არ არის, ის ასახულია პარტიის ბუღალტერიაში. არ მინდა, არაზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამიტომ ვერ დავკონკრეტდები.


-ჩვენ დაგვიკავშირდა შუამავალი, რომელიც ამბობს, რომ ამ გარიგებიდან მას უნდა შეხვედროდა გარკვეული თანხა, მაგრამ თქვენ ეს თანხა არ მიეცით და დაემუქრეთ, რომ არსად ეთქვა, რეალურად რამდენად გაიყიდა ოფისი... ასეა?


-მე პირადად არავის არ შევხვედრილვარ და არც რაიმე მოლაპარაკება მიწარმოებია. ეს იყო პარტიის ქონება და თანხა გადაერიცხა პარტიას. სხვა დეტალების შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ეს თანხა არ არის გასაიდუმლოებული, ფული მთლიანად შესულია პარტიის საარჩევნო ბიუჯეტში.  



„პრაიმტაიმს" რუსთავში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ამ საქმის შუამავალი გახლდათ, უყვება, რომ დავით კირკიტაძე მას ფინანსური გარიგების გასაიდუმლოებას სთხოვდა.


- მე ჩემი წილი უნდა შემხვედროდა, მაგრამ გადამაგდეს. რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისი სპორტის ქუჩაზე მდებარეობს. არჩევნებამდე ეს ოფისი პარტიამ აზერბაიჯანულ ორგანიზაციაზე გაყიდა 100 ათას დოლარად.

 

-კონკრეტულად, რომელ  ორგანიზაციაზე?


-ეს ოფისი იყიდა ორგანიზაცია „აჰლი ბეითის" ხელმძღვანელმა ნამიგ გუსეინოვმა.


-უშუალოდ თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?


-ამ გარიგებაში ვმონაწილეობდი, გარკვეული თანხა უნდა შემხვედროდა. როცა თანხა მიიტანეს, კირკიტაძემ მითხრა, რომ არ მეთქვა, ოფისი 100 ათას დოლარად რომ გაიყიდა.

 

-რატომ?


-ეგ მაგას ჰკითხეთ, არ ვიცი. გარიგება წარმატებით რომ დასრულდა, თანხას ველოდებოდი, მაგრამ გადამაგდეს. უფრო მეტიც, დამემუქრა, ამ თემაზე არსად მელაპარაკა და არ მეთქვა, კონკრეტულად რამდენად გაიყიდა ოფისი. ასე გამწარებული დამტოვა.

 

-კირკიტაძე იყო თანხას შეპირებული?


-კი, უშუალოდ მაგას ვეკონტაქტებოდი. დათო მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად რომ დასრულდება, შენს თანხას მიიღებო. მე დავაკავშირე კირკიტაძე და ნამიგ გუსეინოვი ერთმანეთს და ჩემი ინტერესი იყო, რომ შუამავლის სახით რაღაც სარგებელი მენახა.


„პრაიმტაიმმა" რუსთავში, სპორტის ქუჩა #2-ში მდებარე ოფისის გასხვისების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრშიც გადაამოწმა. რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ მოქალაქე ნამიგ გუსეინოვმა აღნიშნულ მისამართზე მდებარე 250,70 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უფრო ზუსტად კი 2017 წლის 10 ოქტომბერს შეიძინა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner