logo_geo
eng_logo
„თუ დადასტურდა უფლებამოსილების გადამეტება, თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს, თუმცა, ზვიად რატიანსაც მოუწევს ახსნა-განმარტება“
- +

25 დეკემბერი. 2017. 10:00


„იმ შემთხვევაშიც, თუ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ზვიად რატიანის მხრიდან, პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და უფლებამოსილების გადამეტება ამით ვერ გამართლდება, თუმცა, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც არის დასადასტურებელი, ამიტომ ვამბობ, რომ ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ორ სხვადასხვა მიმართულებასთან კავშირი", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.


„ეს სამწუხარო ფაქტია. არ მინდა კონკრეტულ დეტალებში შესვლა და მარტივად აგიხსნით თუ რატომ. ვფიქრობ, ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ნდობა სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის, პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილი იყო, რომ მსგავსი ექსცესი და ინციდენტი არ მომხდარიყო. ვერ ვიტყვი ზუსტად იქ რა მოხდა. ამისთვის არსებობს სასამართლო და პროკურატურა. თუმცა, ვფიქრობ, მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ ამ სტიგმიდან, როდესაც სუბიექტურად, ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, არ არის სწორი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით, ეს იყო ჩვენი ძირითადი მოტივი, რატომაც ვფიქრობთ, რომ უნდა მივცეთ საშუალება სასამართლოს და პროკურატურას დეტალურად განიხილონ ეს საკითხი. ჩვენი პოზიციაა- ვიქნებით მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, რაც ნიშნავს ამ ბალანსის დაცვას", - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, თუ დადასტურდება  პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ეს ფაქტი იქნება დეტალურად გამოძიებული პროკურატურის მხრიდან და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს.

 

„თუმცა, ამავე დროს, ბატონ ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და იმ ახსნა განმარტება, ან თავის დაცვა - იყო თუ არა მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფა ან წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენთვის სწორედ ეს არის მკაცრი და სამართლიანი, ამავ დროს, ობიექტური მიდგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სტიგმაა, როდესაც დეტალების გაურკვევლად ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს კონიუნქტურიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ამ სტიგმიდან გამოსვლა უნდა ვცადოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ზვიად რატიანის პოზიციას იცავენ, არიან ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გვჭირდება  რეფორმების გასატარებლად, რომლებიც მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე და საზოგადოების ამ ნაწილის გარეშე რეფორმის გატარება, უბრალოდ რთული იქნება. ჩვენც ვცდილობთ და ვპირდებით ყველას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები და ობიექტურობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი", - განაცხადა გახარიამ.


მისივე თქმით, თუ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და უფლებამოსილების გადამეტება ამით ვერ გამართლდება.

 

„უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც არის დასადასტურებელი ამიტომ ვამბობ, რომ ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ორ სხვადასხვა მიმართულებასთან კავშირი. ერთი საქმე გახლავთ პოლიციელის შეურაცხყოფა და არ დამორჩილება, რომელიც უნდა იყოს განხილული შესაბამისი იურიდიული პროცედურებით სასამართლოში, მეორე მხრივ, პროკურატურამ უნდა ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია. შესაბამისად, ჩვენ დეტალურად უნდა განვიხილოთ ერთიც და მეორეც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მსგავსი მიდგომაა ობიექტური, რომელსაც ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ აღვადგინოთ ეს ხიდები სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის, სხვანაირად მერწმუნეთ, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების იმ ნორმების და იმ სტანდარტების დამყარება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც  ყველას გვინდა", - აღნიშნა გახარიამ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner