logo_geo
eng_logo
ოლეგ მელნიკოვი: არავითარ ბადაშვილს არ შევხვედრილვარ!
- +

26 დეკემბერი. 2017. 02:40



კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი თავისი ყოფილი ადვოკატის, კობა კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. „პრაიმტაიმთან" საუბრისას მელნიკოვი კატეგორიულად უარყოფს, რომ ციხეში ყოფნის დროს მასთან შესული იყო ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელმაც, გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, გათავისუფლების გარანტია მისცა.

 

- რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს, თქვენ პირადად შეგხვდათ გიორგი ბადაშვილი, რომელმაც შეღავათის სანაცვლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოგთხოვათ?

 

- სისულელე და აბსურდია. ეს არის ადვოკატ კობახიძის ფანტაზია. ვნახე, ტელევიზიით გამოდიოდა ეს ნაძირალა და ტყუილებს იძახდა. არავითარ ბადაშვილს არ შევხვედრილვარ. თვალითაც კი არასოდეს მინახავს ეს ადამიანი, ერთი-ორჯერ მხოლოდ ტელევიზორით ვნახე.


- ანუ არ ადასტურებთ თქვენი ყოფილი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას?

 

- არა, როგორ გეკადრებათ. ჩვენთან ციხეში შემოდიოდნენ მხოლოდ გამომძებელი და საქმის პროკურორი. სხვა მე იქ არავინ მინახავს, მით უმეტესბადაშვილი.

 

- და თუკი ეს ტყუილია, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ადვოკატს, რომ მსგავსი ინფორმაცია გაევრცელებინა?

 

- მან საკმაოდ დიდი თანხა აიღო ჩემი ოჯახიდან. როგორც შევატყვე... ერთი სამჯერ იყო ჩემთან მოსული, მესამედ უკვე აცილება მივეცი. შევატყვე, რომ ფულის გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა, ნაღდად არ მინდოდა ასეთი ადვოკატი. ეს არის ფულის გიჟი. ან ფულის გამო სააკაშვილის მხარდამჭერების დაკვეთას ასრულებს, ან თვითონ არის სააკაშილის თავდადებული მხარდამჭერი.


- ანუ ფიქრობთ, რომ მას ფინანსური დაინტერესება ჰქონდა?

 

- დიახ. ის ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამს ისე.


- როგორც ცნობილია, თქვენ გირგვლიანის საქმეზე უკრაინაში საექსტრადაციო პატიმრობის დროსაც დაგკითხეს... მაშინ სრულიად განსხვავებული ჩვენება მიეცით... როგორ მოხდა, რომ საქართველოში ექსტრადირების შემდეგ ჩვენება შეცვალეთ სააკაშვილის წინააღმდეგ?


- როცა უკრაინაში იყვნენ ჩამოსულები, მაშინ სააკაშვილზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა. აქ რომ ჩამოვედი, გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა და ეს ჩემთვის არავის დაუძალებია.

 

- უკრაინაში დაკითხვის დროს სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა?


- არა საერთოდ არ ყოფილა.


ადვოკატ კობა კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოლეგ მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დაასახელა, რაც მასთან საკანში გიორგი ბადაშვილი შევიდა.



 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner