logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: ე.წ. რეიდები კრიმინალის პრევენციის კარგი ფორმა არაა, მაგრამ უკიდურესობის შემთხვევაში გამოიყენება
- +

28 დეკემბერი. 2017. 10:10


 

„სპეციალური შემოწმების ოპერაცია, ე.წ. რეიდები კრიმინალის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კარგი ფორმა არ არის, მაგრამ ეს ერთ-ერთი ფორმაა, რაც უკიდურესობის შემთხვევაში გამოიყენება",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა  გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.


„გამოცდილება ცხადყოფს, რომ წლის ბოლოს, ახალი წლის პერიოდში კრიმინალი იმატებს ხოლმე. ასეთ დროს შესაძლოა, ეს ფორმა გამოიყენო. რა თქმა უნდა, ამას პერმანენტული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სპეციალური შემოწმების ოპერაცია შედეგიანი და ეფექტური იყო, რასაც რეიდებისას ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთებიც აჩვენებს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიმოქცევაში ამ რაოდენობის იარაღი და ნარკოტიკი იქნებოდა და მისი ამოღება მოხდებოდა.

 

ამ შემთხვევაში ოქროს შუალედი ესაა, თორემ სპეციალური შემოწმების ოპერაცია მისასალმებელი და კრიმინალთან ბრძოლის ყველაზე კარგი მექანიზმი რომ არ არის, ამას ყველა ვაღიარებთ. ამას თავად შს მინისტრიც ამბობს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, კრიმინალთან ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ ასე არ ხდება.


„კრიმინალთან ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებით ხდება. სადაც ნაკლები სიღარიბე, უმუშევრობა და უთანასწორობაა, კრიმინალის მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია დაბალი. ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამოსწორების, პრობლემების დაძლევის გარეშე კრიმინალთან უბრალოდ, ეფექტურად ვერ ვიბრძვით, რადგან დანაშაულის ჩადენის მიზეზი ძირითადად, სწორედ ამ უთანასწორობითაა ხოლმე განპირობებული.

 

რაც მთავარია, სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად დაგროვილი დოვლათი უნდა გადანაწილდეს, თორემ თუ არ გადანაწილდა, ეს უთანასწორობის ზრდის ერთ-ერთი საფუძველი იქნება და შესაბამისად, იგივე მოხდება", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner