logo_geo
eng_logo
პაატა მაცაბერიძე: იმიტირებული სარჩელის ფორმა, რომელიც მსესხებელს ეგზავნება, მის დაშინებაზეა გათვლილი
- +

18 იანვარი. 2018. 10:19


 

„იმიტირებული სარჩელის ფორმა, რომელიც მსესხებლებს კომპანიების მიერ ხშირად ერთი ფურცლის სახით ეგზავნებათ, იმაზეა გათვლილი, რომ მოქალაქეები დააშინონ", - ამის შესახებ „პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" წარმომადგენელმა, პაატა მაცაბერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.


„როცა მოქალაქეებს, რომლებიც იურიდიულ საკითხებში ვერ ერკვევიან, იმიტირებული სარჩელის ფურცლები ეგზავნებათ, ისინი ჩვენთან პანიკურ მდგომარეობაში მყოფები მოდიან. იმიტირებული სარჩელები ადამიანთა ფსიქოლოგიას ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის და აქ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მკაფიოდ იკვეთება", - განაცხადა მაცაბერიძემ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოქალაქეს უფლება, სესხის ამომღები კომპანიის წარმომადგენელი სახლში არ შეუშვას, პაატა მაცაბერიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეს ამის უფლება აქვს.


„ძალით სახლში ვერავინ ვერ შემოგივარდებათ და თუ ამას ვინმე მოინდომებს, მოქალაქემ მაშინვე პატრული უნდა გამოიძახოს", - განაცხადა მაცაბერიძემ.


„პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა თავიანთი უფლებების შესახებ, თითქმის, არაფერი იციან და ამ მხრივ მათი ცნობიერების დონე ძალიან დაბალია.

 

„როცა მოქალაქეებს სასამართლოდან უწყება ფოსტის საშუალებით მისდით, მათ ეს უწყება უნდა ჩაიბარონ და სასამართლოში გამოცხადდნენ. 10 დღის ვადაში სარჩელის შესაგებელი უნდა დაწერონ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოდის, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან კაბალურია. მაგალითად, 200 ლარში 1000 ლარს ითხოვენ", - განაცხადა „პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" წარმომადგენელმა.


მისი თქმით, „პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია" მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვან სერვისს სთავაზობს, რომლის მისაღებად ისინი ასოციაციის ფეისბუქ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.


„ჩვენი სერვისით სარგებლობა ყველა მოქალაქეს შეუძლია. როცა სესხის ამომღები კომპანიის წარმომადგენელი ბენეფიციარს ურეკავს, ბენეფიციარი ხუთი ზარის განმავლობაში იდენტიფიცირებას ახდენს. თუ ახლობელი ურეკავს, პასუხობს, თუ არა, არ პასუხობს და ასეთ შემთხვევაში ზარი ჩვენთან შემოდის მომზადებულ ოპერატორთან, რომელმაც მოქალაქეთა უფლებების შესახებ გადასარევად იცის. პირველ ეტაპზე, სანამ კანონმდებლობა პროცესს დაარეგულირებს, ამ ყველაფერს ჩვენ ამ ფორმით ვარეგულირებთ", - განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner