logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: იმის გამო, რომ ზოგიერთ ბავშვს „თავში ქარი უქრის“, ციხეში არ უნდა გავუშვათ
- +

3 თებერვალი. 2018. 22:19



„ყველას გვახსოვს ის რევოლუციური პროექტი, როდესაც ჩვენ ევროკავშირთან და „იუნისეფთან" ერთად, ყველა უწყებამ იუსტიციის სამინისტროს ავტორობით, შევთავაზეთ ჩვენს პარლამენტს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ, რითაც დავასრულეთ წარსულის კულტურა, როდესაც მურაბის ქურდი 14 წლის ბავშვი მრავალი წლით მიდიოდა ციხეში.

 

ამ კანონმა თავისი დადებითი შედეგი მოიტანა. 14 წლის შემდგომ ასაკში დანაშაული შემცირებულიც კია და განრიდება-მედიაციის პროგრამა იმდენად კარგად მუშაობს, რომ განრიდებულთა შორის განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 8 პროცენტია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „აიპრესთან" ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.


- მართალია, 14 წლის ზემოთ ასაკში სტატისტიკა ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, თუმცა არც ისე სახარბიელოა მდგომარეობა 14 წლის ზღვარს ქვემოთ. როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა ისე, რომ არასრულწლოვნებმა დაუსჯელობის სინდრომით არ ისარგებლონ? ამ კითხვით მივმართეთ იუსტიციის მინისტრს.

 

ბოლო დროს არასრულწლოვნების მიერ დანაშაულებრივმა ქმედებებმა იმატა. 14 წელს ქვევით ბავშვები სისხლისსამართლებრივად ვერ ისჯებიან. როგორც ჩანს მათ დაუსჯელობის განცდა აქვთ, რაც მათ დანაშაულებრივ ქმედებებს ახალისებს. არსებობს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრები, თუმცა იქ ინფრასტრუქტურა იმდენად გაუმართავია, რომ კრიტიკის საგანი გახდა. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს თუ არა მათ მიმართ კანონმდებლობა. რა ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ?

 

მაგალითად, ბოლო დროს, შსს-გან არაერთხელ მომისმენია, ჩვენ რა ვქნათ, კანონი არ სჯის არასრულწლოვნები არიან და ვერ ვატარებთ სათანადო ღონისძიებებსო. თუმცა, ეს პასუხი დაზარალებულთათვის, ვერაფერი შეღავათია...


- შსს-ს პასუხის არის სწორი, მაგრამ ეს სწორი პასუხი რომ იმ მოქალაქეს, ვინც დაზარალდა შვებას არ აძლევს, ფაქტია. ჩვენ გვაქვს პრობლემა შემდეგში და აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს რომ 14 წლამდე ბავშვის საქმე, როცა ის სჩადის უკანონო ქმედებას, ეს არ უნდა იყოს პოლიციის საქმე და ვერ იქნება ვერასდროს. ჩვენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი რომ შევქმენით, ეხება 14 წლის ზევით ბავშვებს. არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ასაკი ქვემოთ დავწიოთ, ამით დიდ დარტყმას მივაყენებთ საკუთარ მომავალს.


ჩვენ გვჭირდება სხვა ტიპის პასუხი ამ ბავშვების ქცევაზე და ეს არ უნდა იყოს პოლიციური პასუხი. ეს უნდა იყოს პასუხი, რომლის შემუშავებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ყველა უწყება არის მობილიზებული და ამაში სტატისტიკამ, შემთხვევების ანალიზმა, თქვენნაირი მოქალაქეების ხმის ამაღლებამ დიდი როლი ითამაშა. შესაბამისად, გვაქვს გეგმა, შევქმენით უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი გუშინწინ და ვთქვით ასეთი რამ: სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაიწევა 14 წელზე ქვემოთ. ასევე შევთანხმდით, რომ როცა ხდება პოლიციური პასუხი საჭირო ასეთი ბავშვისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ბავშვის პრობლემა შორსაა წასული და ამ პრობლემების დანახვა უნდა ხდებოდეს უფრო ადრეულად. ბავშვი ანტისოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად რომ არ ჩამოყალიბდეს, ამ პრობლემას ძირშივე უნდა მიხედვა. ჩვენ ყველას გვყავს გარშემო 10-11 წლის ბავშვები, რომელთაგან ზოგი ძალიან ჭკვიანია, ზოგსაც კი, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, თავში ქარი უქრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ციხეში უნდა გავაგზავნოთ.


პრობლემები, რომელსაც შემდეგ ცუდი შედეგები მოჰყვება, თავიდან ოჯახის. მასწავლებლის თვალწინ იბადება და იქედანვე უნდა ყურადღების მიქცევა. ჩვენი, ყველას მიზანი უნდა იყოს ერთი - რომ პოლიციამდე და დანაშაულამდე საქმე არ მივიდეს.








 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner