logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია!
- +

13 თებერვალი. 2018. 02:46


 

„ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა ღია იქნება, მაგრამ მანამდე, ის ქართული ციხის პატიმარი უნდა გახდეს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმ ვითარებაში, როცა უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი პოლონურ მხარეს გადასცა, საქართველოს კი, მისი გადმოცემის პროცედურის დაწყება პოლონეთისთვისაც აქვს მოთხოვნილი.


„თუ ეს დრო დადგება და ის ყოფილი პატიმარი იქნება, მე ამ დროს მინისტრი აღარ ვიქნები, მაგრამ პროგრამა იარსებებს. ეს ხუმრობით. უფრო სერიოზულად, ამ კითხვას რაც შეეხება, ამდენ კარგ თემაზე საუბრის შემდეგ ვაღიარებ, მაინცდამაინც არ მიხარია, ამ თემას შევეხო, მაგრამ ჟურნალისტი ტელევიზიაში წამყვანი ფიგურაა და როცა ის შეკითხვას სვამს, აუცილებლად უნდა უპასუხო. ამიტომ გპასუხობთ - სხვა საინფორმაციო წყარო კონკრეტულად ამ თემაზე არ მქონია, მაგრამ დღეს მედიის საშუალებით ყველამ ერთად ვნახეთ, რომ მოხდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია, ანუ გაძევება იმ ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა", - განაცხადა წულუკიანმა.


მისი თქმით, საქართველოს პროკურატურას უკრაინის სახელმწიფოს წინაშე ექსტრადიციის მოთხოვნა არ მოუხსნია და არც მოხსნის.


„შესაბამისად, ის ძალაში იყო, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ეს უკრაინული სახელმწიფოს გადასაწყვეტი იყო. მათ ორი არჩევანი ჰქონდათ და დღეს შევიტყვეთ, რომ მეორე გადაწყვეტილება მიიღეს, ანუ ამ პირის მათი ტერიტორიიდან იმ ქვეყანაში გაძევება მოახდინეს, საიდანაც ის თავის დროზე უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, შარშან მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში სტუმრად იმყოფებოდა და საქართველოს პროკურატურამ მისი ექსტრადიცია პოლონეთსაც მოსთხოვა.


„ანუ, ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია და იქაც იგივე წესი მოქმედებს. ეს სულ ცინცხალი ამბავია და რა თქმა უნდა, პოლონეთის სახელმწიფოს რეაგირებას დღესვე, ან ხვალვე ვერ მოვთხოვთ, რადგან ევროპულ ქვეყნებში, როგორც ჩვენთან, ასევე პოლონეთში, დასავლეთ ევროპაშიც ერთიდაიგივე პროცედურები არსებობს. ჩვენ ექსტრადიციის შესახებ ერთიდაიგივე ევროპული კონვენციის წევრი ვართ. ეს არის სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია, რასაც დრო სჭირდება და თუ ეს პროცედურები პოლონეთში დაიწყება, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შედეგებზე ვისაუბროთ. რაც შეხება ფაქტს, დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთშია", - განაცხადა წულუკიანმა.


იუსტიციის მინისტრმა ასევე თქვა, რომ ეს არავისთვის სასიამოვნო სანახაობა არ იყო და ვერც იქნება.


„საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს ამას არ ვუსურვებ, რადგან ეს მძიმე თემაა, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუ ეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სიტუაციაზე უნდა აისახოს, ერთადერთი, რა შედეგიც ამას შეიძლება ჰქონდეს, ეს ჩვენს ქვეყანაში ისედაც მორღვეული „ნაციონალური მოძრაობის" დასასრული იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

 

 

 

 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner