logo_geo
eng_logo
რატომ დატოვა მკვლელმა მთავარი მოწმე?!
- +

13 თებერვალი. 2018. 13:18



გაზეთი „კვირის პალიტრა" დოდო გუგეშაშვილის ოჯახის გარშემო დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.


გამოცემის თქმით, არსებობს მკვლელობის შემდეგ გადაღებული ფირი, რომელიც ერთ-ერთმა მობინადრემ გადაიღო. დაფიქსირებულია ყველა ფაქტი, რასაც მეზობლები აღწერენ.


„კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ეს ადამიანი გუგეშაშვილების ბინაშიც შევიდა და ყველაფერი ფირზე აღბეჭდა, მასალა კი სამართალდამცავებს გადასცა. თუმცა, გამოცემასთან საუბარზე უარი განაცხადა, რადგან გამოძიებამ გაუთქმელობაზე ხელწერილი ჩამოართვა. „კვირის პალიტრის" ინფორმაციით, პოლიციის მისვლამდე კიდევ რამდენიმე მეზობელი შევიდა გუგეშაშვილების ბინაში და მათ დაინახეს საძინებელში მოკლული ნოდარი. ერთ-ერთი მეზობლის ვარაუდით, როდესაც მკვლელი სახლში შევიდა, ნოდარს ეძინა.


„ნოდარი საწოლთან ეგდო საცვლების ამარა, ალბათ, სროლის შემდეგ გადმოვარდა. სისხლის გუბეში იწვა და ახლოს მისვლა ვერ გავბედე. დოდო თავდაპირველად ყვიროდა, შვილი მომიკლაო, მაგრამ მერე სულ კითხულობდა, ჩემი ნოდარი როგორ არისო, ეტყობა, არ უნდოდა დაჯერება, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა. ჩვენც დაჭრილი გვეგონა და ოთახში ამიტომ შევიხედეთ. სასტუმრო ოთახში ეყარა მასრები, როგორც ვიცი, საძინებელშიც იყო. ამბობენ, რომ დოდომაც დაჭრა მკვლელი, იმან კი დოდოს ესროლა, მაგრამ ფაქტია, მკვლელს გამოასწრო და კივილით ჩამორბოდა კიბეზე. ზუსტად ამ დროს, კორპუსში შუქი გამოირთო და ცხადია, მკვლელი ლიფტით ვერ ისარგებლებდა, ამიტომ კიბის ფეხით ჩარბენამ მოუწია, ამ დროს კი ბევრმა მეზობელმა მოჰკრა თვალი. რატომ არ გაიმეტა სასიკვდილოდ დოდო, პასუხი არ მაქვს, თუმცა, რომ მოენდომებინა, ალბათ, არ გაუჭირდებოდა. არც ის არის გამორიცხული, რომ დოდომ პირველმა ესროლა შვილის მკვლელს და დაჭრილმა მხოლოდ ერთი ტყვიის გასროლა მოახერხა დოდოს მოსაკლავად, ამასობაში კი ქალმა გაქცევა შეძლო. ცოტა ხანს შეყოვნდა ბინაში მკვლელი, შესაძლოა თავს იწესრიგებდა, რომ ქუჩაში არ შეემჩნიათ დაჭრილი და მერე გამოვიდა... დოდო 2-3 წუთის ჩამოსული იყო მეთერთმეტე სართულამდე, როცა მკვლელმა ჩვენ წინ ჩაირბინა. სასტუმრო ოთახშიც იყო სისხლი და ვფიქრობ, ეს მკვლელისა უნდა ყოფილიყო, რადგან თავდაპირველად დოდოს სხეულზე სისხლი არ შეგვინიშნავს. მკერდზე ხელს იდებდა, დაჭრილი ვარო და მერეღა შევამჩნიეთ. პოლიცია სასწრაფო დახმარების მანქანაზე ადრე მოვიდა, ესაუბრა დოდოს, მაგრამ მკვლელზე ჩვენი თანდასწრებით დოდოს არაფერი უთქვამს. უცებ შუქიც მოვიდა და დოდო საკაცით ჩაიყვანეს... ჩვენი ვარაუდით, დოდო იცნობდა მკვლელს და კარიც მან გაუღო. როცა დაჭრილს მეზობლები დახმარებას უწევდნენ, მახსოვს, გამწარებულმა ისიც თქვა, მკვლელი პირდაპირ საძინებელში შევარდაო. დოდოს ხალათი ეცვა, სავარაუდოდ, ახალი გაღვიძებული იყო", - ჰყვება მეზობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

 

„მეზობლებს ხმაური და სროლის ხმა არ გაუგონიათ. სავარაუდოდ, მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ ვერ გაიგონეს გუგეშაშვილის საპასუხო გასროლა. მეზობლების თქმით, როცა დაჭრილმა ქალმა კიბე ჩამოირბინა, მას ხელში იარაღი არ ჰქონია. არც მის ბინაში შესულ მეზობლებს უნახავთ იარაღი... როგორც ირკვევა, მკვლელმა ნოდარს ორი ტყვია დაახალა - ორივე თავის არეში. ერთი ტყვია კეფაში მოხვდა.

 

მეგობრების თქმით, ნოდარი უკონფლიქტო ადამიანი იყო. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს ძალიან  უჭირდა. ბოლო დროს ნოდარი უმუშევარი ყოფილა. ადრე ბავშვთა გასართობ ცენტრში ანიმატორი იყო, მანამდე კი ვეტერანთა კავშირში ფოტოგრაფად მუშაობდა.

 

საზოგადოების ერთმა ნაწილმა მკვლელობა დოდო გუგეშაშვილის წარსულს, „მხედრიონის" ამბებს დაუკავშირა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ მის მეგობრებს. „კვირის პალიტრის" წყაროც ადასტურებს, რომ სამიზნე ნოდარი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, სადარბაზოშიც გაეკიდებოდა ქალს და იქ დაახლიდა ტყვიას. თუმცა, მაინც ჩნდება კითხვა, რატომ დატოვა მთავარი მოწმე მკვლელმა?

 

მეზობლების აღწერით, მკვლელი 40 წლამდე, საშუალო სიმაღლის, მხარბეჭიანი მამაკაცია, წვერგაუპარსავი იყო და ეკეთა მუქი სათვალე. ეცვა ლურჯი ქურთუკი, რომლის კაპიუშონიც თავზე ჰქონდა წამოფარებული. ისიც ითქვა, რომ მან საქართველო დატოვაო", - წერს „კვირის პალიტრა".











 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner