logo_geo
eng_logo
სანთლით საძებარი საქართველო - ფრანჩესკო ტრეჩიმ „საქართველოს ისტორია“ იტალიურ ენაზე გამოსცა
- +

28 აპრილი. 2016. 13:41


ფრანჩესკო ტრეჩი იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში 38 წლის წინ დაიბადა. ერთ დღესაც „აღმოაჩინა" საქართველო და შეიყვარა. დროთა განმავლობაში ქართველი მეგობრები შეიძინა და მალე ეს სიყვარული ორმხრივი გახდა. შემდეგ კი „საქართველოს ისტორია" იტალიურ ენაზე გამოსცა. როგორც თავად ამბობს, სურს, თანამემამულეებს გააცნოს ის საქართველო, რომელსაც უნდა იცნობდნენ. პირველი ქართული სიტყვა, რომელიც საქართველოში ისწავლა, „მადლობაა", რადგან როგორც თავად ამბობს, ქართველები ისეთი სტუმართმოყვარეები არიან, ყველაზე ხშირად ამ სიტყვის თქმა უწევდა. ამბობს, რომ საქართველოში საკუთარი თავი იპოვა.


„ევროპისთვის ეს იყო წითლად შეღებილი უზარმაზარი ტერიტორია მსოფლიო რუკაზე, რაც რუსეთის, უფრო სწორად კი საბჭოთა კავშირის პოლიტიკის ბრალი იყო. 


პირველად საქართველოს შესახებ ბიძაჩემის წყალობით შევიტყე, რომელიც იუგოსლავიაში პარტიზანთა რიგებში იყო. მაშინ დაახლოებით 14 წლის ვიქნებოდი. ეს იყო საქართველოსთვის უმძიმესი, გამსახურდიას შევარდნაძის ხელისუფლებით შეცვლის პერიოდი. შედარებით მოგვიანებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდულ გამოცემაში წავიკითხე სტატია. გაოცებული დავრჩი ფაქტით, რომ ეს იყო უძველესი ქვეყანა, უძველესი ენით და კულტურით.


უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. სადიპლომო თემა უნდა ამერჩია საბჭოთა ქვეყნების შესახებ. საქართველოს ახლოს გაცნობის ხიბლი და სურვილი კი იმდენად მძაფრი იყო, რომ ვიდრე ხელმძღვანელმა თემა არ დამიმტკიცა, არ მოვასვენე. მეშინოდა, რომ საქართველოს სხვა სტუდენტი მომპარავდა"


სანთლით ვეძებდი ქართველებს, მათგან რაიმე ინფორმაცია რომ მიმეღო. ქართველებთან ჩემი აქტიური ურთიერთობა 2011 წლის იანვრიდან დაიწყო, როდესაც ფლორენციაში ქართველი მამაო, ანდრია ლაცაბიძე ჩამოვიდა. ჩემი სამყარო აღმოვაჩინე. ამასობაში დავიცავი მეორე სადიპლომო ნაშრომი, რა თქმა უნდა, ისევ საქართველოს თემაზე და მაშინ მივხვდი, რომ მასალაც საკმარისი მქონდა და სიტუაციაც მომწიფებული იყო წიგნის დასაწერად.

 





მინდოდა, ეს წიგნი ქართველ ემიგრანტებს დახმარებოდა იმის დამტკიცებაში, რომ ისინი არ არიან მოხუცების მომვლელებად და მოსამსახურეებად დაბადებულები (მიუხედავად იმისა, რომ პატიოსან შრომაში ცუდი არაფერია), რომ მათ უკან უდიდესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანა და ოჯახები დგანან.


წიგნზე მუშაობისას ძალიან დამეხმარა და გვერდში დამიდგა პროფესორი გაგა შურღაია. რა თქმა უნდა, ეს არ არის მეცნიერული ნაშრომი, წარმოუდგენელია თქვენი ისტორიის ჩატევა ერთ პატარა წიგნში და ალბათ ქართველმა ისტორიკოსებმა რომ წაიკითხონ, ცოტა გამიბრაზდებიან ზედაპირულობის გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებს. 


 ჩემთვის ეს არის საოცრება, ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა საკუთარი დამწერლობა, ენა, ტერიტორია, ტრადიციები, ფოლკლორი, რელიგია... ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე, გარე ფაქტორებისა თუ მსოფლიო დამპყრობლების გამო ვერ ახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მაგრამ ინარჩუნებდა იმ ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.


ბევრი ოქროს ხანას დაგისახელებთ, ჩემთვის კი საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გაქრისტიანების ეპოქაა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის მკვეთრად გამოხატული ევროპული ან აზიური ქვეყანა, გაეკეთებინა ამ სახის რადიკალური არჩევანი, ძალიან ბევრს ნიშნავდა ქვეყნისათვის და მთელი იმ რეგიონისათვის. მოხდა დიდი გარდატეხა ერის ფსიქოლოგიაში. ქრისტიანობა ისე შეისისხლხორცა ერმა, რომ ეროვნულ რელიგიად აქცია. რელიგიამ გააერთიანა ქართველობა, რასაც ვერ ვიტყვი კათოლიკურ ეკლესიაზე. 


პირველი შთაბეჭდილება საქართველოში ჩამოსვლისას იყო ის, რომ მოვხვდი ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, რომელიც მანამდე მენახა. მაგრამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ადამიანებმა, უბრალო ქართველებმა, რომელთაც მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა, შეენარჩუნებინათ ის სიამაყე და ღირსება, რომელიც ასე გამოგარჩევთ დანარჩენი ერებისაგან. 


 კიდევ უფრო მეტად გავოგნდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა მათგანი საოცრად განათლებული იყო. მათ იცოდნენ იტალიის შესახებ ისეთი დეტალები, რომელზეც ბევრ იტალიელს წარმოდგენაც არ აქვს. თითქმის ყოველ ადამიანთან შემეძლო მესაუბრა ლიტერატურაზე, ისტორიაზე, მუსიკაზე. უდიდესი შინაგანი კულტურის მატარებელი ხალხი ხართ. განათლებითა და კულტურის დონით, საშუალო სტატისტიკური ქართველი, გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე საშუალო სტატისტიკური იტალიელი. 
შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს უგანათლებულესი, უთბილესი, მომავლის რწმენითა და ენთუზიაზმით აღსავსე ხალხი, ამ დანგრეულ ქვეყანას არც კი მიეკუთვნებოდა, თითქოს ორი სხვადასხვა განზომილება იყო. 



საქართველოში ჩამოსვლა
 წელსაც მინდოდა, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ბავშვი შეგვეძინა და მომავალი წლისთვის გადავდე საქართველოში ვიზიტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საშემოდგომო არჩევნებზე ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყდება და როდესაც ჩამოვალ, ისევ სიცოცხლით სავსე საქართველო დამხვდება", - ამბობს ფრანჩესკო ტრეჩი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×