logo_geo
eng_logo
გამოძიების მთავარი მოწმე ნარკორეალიზატორების საქმის დეტალებზე საუბრობს
- +

21 მაისი. 2018. 12:06

 

 

„კვირის პალიტრა“ ნარკორეალიზატორების საქმეზე გამოძიების მთავარი მოწმის სოლომონ მათიკაშვილის ჩვენებას აქვეყნებს. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში სოლომონ მათიკაშვილი ჰყვება, თუ როგორ შესთავაზეს ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ ნარკოტიკული საშუალებები. მისი თქმით, ისინი უბიძგებდნენ დანაშაულისკენ, რის გამოც მიმართა პოლიციას და ნებაყოფლობით მონაწილეობდა საკონტროლო შესყიდვაში.

 

„ჩემი გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი... ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. ვარ ხელოსანი, ვმუშაობ, მიყვარს კლუბური ცხოვრება და ხშირად დავდივარ თბილისში არსებულ ღამის კლუბებში. კაფე „გალერის“ ხშირი სტუმარი ვარ. აღნიშნულ კლუბში სხვა პირებთან ერთად გავიცანი დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე უყვართ კლუბური ცხოვრება. დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდი. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და ერთმანეთთან ტელეფონითაც ვკონტაქტობდით. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი ღამის კლუბ „გალერეაში“ ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ მითხრეს, რომ კლუბური ნარკოტიკი „მდმა“ და „ექსტაზი“ ჰქონდათ და შემომთავაზეს „მდმა“ 100 ლარად, ხოლო „ექსტაზი“ 180 ლარად... დავთანხმდი და შევუთანხმდი, რომ ვიყიდდი შემდგომ ჯერზე, როცა მოვიდოდი „გალერეაში“. მაგრამ გავაცნობიერე, რომ ისინი მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ აღნიშნულ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში განმეცხადებინა... მინდა აღვიჭურვო სათანადო აღჭურვილობით და ვამხილო ისინი. 24 მარტს გამომძიებლისგან გადმომეცა 500 ლარი... ამის შემდგომ ნებაყოფლობით აღვიჭურვე ფარული აუდიო და ვიდეომოწყობილობით და წავედი ღამის კლუბ „გალერეაში“, სადაც შემხვდა ლაშა მამულაიშვილი. ვუთხარი, რომ მსურდა კარგი ხარისხის ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მან მითხრა, რომ 70 ლარში იყო კლუბური ნარკოტიკი „ლსდ“. შემდეგ დამტოვა და რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა, ამოიღო ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტები, იქიდან ერთი ფირფიტა მოახია და მომყიდა 60 ლარად. მას გადავეცი ეს თანხა და დავშორდი, მერე გამოვედი კლუბიდან... იქვე ახლოს, რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერთან მელოდებოდა გამომძიებელი და მას გადავეცი ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩემ თვალწინ დაილუქა“, - აცხადებს მთავარი მოწმე.

 

მისივე თქმით, 26 აპრილს, „მესენჯერში“ დაუკავშირდა ქეთი მურუსიძე და უთხრა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ ერთი აბი და შეეძლო მისთვის 100 ლარად მიეტანა.

 

„შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. შეთანხმებულ ადგილას დამხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა ერთი აბი, როგორც მითხრა, „ექსტაზი“. მივეცი 100 ლარი და როცა ვაპირებდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს“, - აცხადებს მოწმე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×