logo_geo
eng_logo
„სააკაშვილი ცდილობს, რომ...“ - რა ფარული გეგმები აქვს სააკაშვილს
- +

9 ივნისი. 2018. 23:52

 

„მზის და ვარდების“ ქვეყნის ანუ საქართველოს დედაქალაქ თბილისში კიდევ ერთმა საპროტესტო ტალღამ იფეთქა. საერთოდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მიტინგები და აქციები არ გვიკვირს, შესაბამისად, იმის გამოცდილებაც გვაქვს, რომ ბუნებრივი პროტესტი ე.წ. მართული ქაოსისგან განვასხვავოთ. ამ ფონზე, ცხადია, ჩნდება კითხვა - ის რაც ბოლო დღეებში თბილისში ხდება, ბუნებრივი პროტესტია თუ საქმე ე.წ. მართულ ქაოსთან გვაქვს?“ - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ სტატიას აქვეყნებს.

 

„კონტრაქციები დღევანდელ საქართველოში ერთობ მოდური და აქტუალურია: ასე, მაგალითად, 12-13 მაისის მოვლენების შემდეგ, რუსთაველზე შეკრებილ პროტესტანტი „ქლაბერების“ საპირწონედ, კონტრაქციები „ქართულმა მარშმა“ და ე.წ. ნეოფაშისტებმა გამართეს. ასევე, ზაზა სარალიძის სოლიდარობის მიზნით, კონტრაქციები ვაკის პარკშიც იმართება ანუ შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ვიღაც, წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნას ცდილობს.

 

იმის ილუზია, რომ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ლოკომოტივიც, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობაა“,  რევოლუციას მოახდენს და ხელისუფლებას შეცვლის, ბუნებრივია, თავად მიხეილ სააკაშვილსაც არ ექნება, მაგრამ როგორც „ვერსიას“ კონფიდენტები ეუბნებიან, ამ ქაოსის მიზანი სამომავლოა.

 

კერძოდ, სააკაშვილი ცდილობს, რომ „ოცნებას“ მოძალადის იარლიყი მიაკეროს და ამით, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შანსები შეასუსტოს. იმ შემთხვევაში კი, თუ შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებს მმართველი ძალის კი არა, არამედ, ოპოზიციის კანდიდატი მოიგებს, ახალი პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ერთგვარად პოლიტიკური ფორს-მაჟორია. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ რომელიმე ძალა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოვა, არ არსებობს, თუმცა როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, „ნაცმოძრაობა“ შეეცდება, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მართვის სადავეები იგდოს ხელთ და ქვეყანა მუდმივად „შენელებული ნაღმის“ პრინციპით აცხოვროს ანუ შანტაჟისა და საბოტაჟის ელემენტების გამოყენებით, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა კუთხეში მიამწყვდიოს და პოლიტიკური მუსიკა თავად შეუკვეთოს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მიზანმა საშუალება გაამართლოს.

 

მას შემდეგ, რაც სახელისუფლო ბერკეტები დაკარგა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში „მართვადი ქაოსისა და იმის ილუზია შექმნა, რომ სახელწიფო უფსკრულისკენ მიემართება, არაერთხელ სცადა.

 

კარგად გვახსოვს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტი, როცა ჩიორა თაქთაქიშვილს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ეს „ნაცებმა“ ხელზე დაიხვიეს და ატკვარცალდნენ, „ოცნება“ ოპოზიციაზე ძალადობსო. არადა, სიმართლე რომ ითქვას, ყოფილი ხელისუფლება და მისი ფანები ძალადობაზე სიტყვასაც არ უნდა სძრავდნენ, რადგან მოკლე მეხსიერება შეიძლება, თვითონვე აქვთ, თორემ ხალხს კარგად ახსოვს ის ყბადაღებული 9 წელი, როცა „ნაციონალების შიშით მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადიოდა და ცაში ჩიტი ვერ დაფრინავდა.

 

ან რომელ ძალადობაზეა საუბარი როცა იგივე სანდრო გირგვლიანის მკვლელობა სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისად იქცა. უფრო მეტიც, სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იყო ის „ქეისი“, რომელზეც ევროსასამართლომ ყოფილ ხელისუფლებას პრაქტიკულად, ბრალი წაუყენა და თქვა, საქმის მასალების მიჩქმალვაში ყველა სახელისუფლებო შტო იყო ჩართულიო.

 

ალბათ, ყველაზე არაეთიკური ის გახლავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები ადამიანების პირადი ტრაგედიებით მანიპულირებენ და, მაგალითად, შვილმოკლული მშობლების ემოციების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

 

ასე იყო, მაგალითად სააკაშვილის მმართველობის დროსაც, როცა სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გვერდით მაშინდელი ოპოზიცია დადგა. მართალია, ქალბატონი ირინას გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია მთლად ხელისუფლების გადადგომას არ ითხოვდა და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ  გირგვლიანის საქმემ, იმდროინდელი ოპოზიციის აქტიური მეცადინეობით, „ნაცხელისუფლება“ აღსასრულამდე მიიყვანა, თუმცა მაშინ ანტინაციონალებმა მართვადი ქაოსის „შექმნა“ ვერ შეძლეს, რადგან სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველას, ვინც ხმას ამოიღებდა, „კბილებს ამტვრევდა“ და ნებისმიერ პროტესტს სისხლში ახრჩობდა.

 

დღეს მსგავსი სცენარი გამორიცხულია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველაფერი „ნერვების ომია“ და წაგებულიც ის მხარე დარჩება, რომელიც ემოციების გაკონტროლებას ვეღარ შეძლებს და შეცდომას დაუშვებს!“, - ნათქვამის სტატიაში.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×