logo_geo
eng_logo
„იმედის“ სკანდალური სიუჟეტი მაჩალიკაშვილის საქმეზე!
- +

2 ივლისი. 2018. 03:14

 

ეს იმ წაშლილი მოკლეტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტია, რომელიც ამერიკაში ჩატარებული სამართლებრივი ექსპერტიზისას თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. სწორედ, იმ iphone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა. მოკლეტექსტური შეტყობინებები whatsapp-ის აპლიკაციითაა გაგზავნილი, ნომრიდან რომლის ბოლოს სამი ციფრი - ...800-ია. „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებული ჩანაწერები საგამოძიებო მასალებია. მიმოწერა არის ჩეჩნურად, ლათინური ასოებით.

 

თემირლან მაჩალიკაშვილი: იცი, რა არის ისტიშხადი?

 

უცნობი: მე რა ვიცი?

 

თემირლან მაჩალიკაშვილი: თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები.

 

უცნობი: ხოო... გავიგე...

 

თემირლან მაჩალიკაშვილი: და მას ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში.

 

უცნობი: ჰოო...

 

თემირლან მაჩალიკაშვილი: და ზუსტად ასე, მე უნდა ავიფეთქო თავი ქალაქში, მეტრო „სადგურის მოედნის“ გაჩერების შიგნით!

 

უცნობი: კარგი რა, საკმარისია!

 

თემირლან მაჩალიკაშვილი: თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის...

 

უცნობი: ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი!

 

თემირლან მაჩალიკაშვილი: ის ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვის უმხელდა თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში მეტროსადგურის მოედანზე თავის აფეთქების სურვილს უცნობია. მისი ტელეფონის ნომერი დაშიფრულია. მიმოწერაში რამდენჯერმეა ნახსენები არაბული სიტყვა - „ისტიშაჰადი“...

 

„სიტყვა - „ისტიშაჰად“ არის არაბული სიტყვა. მომდინარეობს ფუძიდან შაჰადი, რაც ნიშნავს დამოწმებას ან თავგანწირვას ანუ შაჰიდად გახდომას... ასევე ხშირად მოიხსენიებენ, მოწამეობრივ ოპერაციას. სიტყვა „ჰამალისტიშაჰადიად“ გამოიყენება, როგორც თვითმკვლელის მონაწილეობით ჩატარებული სამხედრო თუ ტერორისტული ოპერაციები“, - განმარტავს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.

 

მიმოწერა მაჩალიკაშვილსა და უცნობს შორის 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება. ამ დროს უკვე დადასტურებულია, რომ თბილისში, სპეცოპერაციისას აფეთქებული პირი ნამდვილად ახმედ ჩატაევია.

 

 

 

 

„პანკისის სპეცოპერაცია“ კი ზუსტად ორ დღეში 26 დეკემბერს ტარდება. თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც თავში მძიმედ დაიჭრა მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. განიხილება მისი გადაყვანა უცხოეთში, თუმცა ავსტრიის მთავრობა მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე ტერორისტთან მისი შესაძლო კავშირის გამო უარს ამბობს.

 

პერბერტ კიკლი, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ავსტრიაში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილის ჩამოყვანა ცხადია უსაფრთხოების რისკებს შეიცავდა. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა ქვეყანაში არ შემოვუშვათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი პირები.“

 

 

 

 

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ახმედ ჩატაევი, რომ ტერაქტის მოწყობას საქართველოშიც გეგმავდა, ამას ამყარებს „პალიტრანიუსის“ მიერ მოპოვებული ჩანაწერები. ახმედ ჩატაევის ტელეფონიდან „ისალამური სახელმწიფოს“ ლიდერთან აბუ ჯიჰატთან, იგივე ისლამ ატაბიევთან გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება. სკანდალური ჩანაწერი სავარაუდოდ 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საგამოძიებო მასალების მიხედვით ახმედ ჩატაევს და თემირლან მაჩალიკაშვილს ნათესაური კავშირები ჰქონდათ. „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში წერია, რომ ჩატაევის მეორე ცოლი აინა მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი ერთმანეთის ბიძაშვილის შვილები არიან. აინასა და თემირლანის დედების მედიკოს და სერო მარგოშვილების მამები კი ძმები იყვნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად სოფელ დუისში „იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი ჩავიდა. იმ დროს, როდესაც ჩატაევის მეუღლის ადგილსამყოფელს ვარკვევდით აინა მარგოშვილის დედა გამოჩნდა, მაგრამ სერო მარგოშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბარი არ ისურვა.

 

ჟურნალისტი: აინა საქართველოშია?

 

სერო მარგოშვილი: არ არის...

 

ჟურნალისტი: სად არის ახლა?

 

სერო მარგოშვილი: წადით... ნუ შემეკითხებით!

 

ჟურნალისტი: ქალბატონო სერო, მაჩალიკაშვილები და თქვენ ნათესავები არ ხართ?

 

სერო მარგოშვილი: მიბრძანდით-მეთქი! მიბრძანდით!

 

ჟურნალისტი: მაჩალიკაშვილები და თქვენ ნათესავები არ ხართ?

სერო მარგოშვილი: არა მიბრძანდით!

 

ჟურნალისტი: ჩატაევი არ იცნობდა მაჩალიკაშვილს?

 

სერო მარგოშვილი: არ ვიცი, არ ვიცნობ!

 

„იმედის კვირის“ კითხვებს პარასკევის დიდი ლოცვის დასრულების შემდეგ პანკისელმა უხუცესებმა უპასუხეს.

 

ჟურნალისტი: რამაზ თათაროს ძე მარგოშვილი და მუხმად თათაროს ძე მარგოშვილი არიან თუ არა ძმები.

 

პანკისელი უხუცესი 1: კი...

 

 ჟურნალისტი: რამაზის შვილი ვინ არის?

 

პანკისელი უხუცესი 2: რამაზის შვილი სეროა..

 

ჟურნალისტი: სერო არის აინეს დედა?

 

პანკისელი უხუცესი 2: კი...

 

პანკისელი უხუცესი 3: მუხმადის შვილი არის თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.

 

ჟურნალისტი: აისა მარგოშვილი და სერმ მარგოშვილი ვინ გამოდიან ერთმანეთისთვის?

 

პანკისელი უხუცესი 3: ბიძაშვილები...

 

ჟურნალისტი: სერო არის აიზას ბიძაშვილი? მაჩალიკაშვილის დედის ბიძაშვილი არის?

 

პანკისელი უხუცესი 4: რაღაც ნათესაური კავშირი აქვთ მემგონი...

 

ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ შეიძლება, რომ არ იცნობდნენ ისინი ერთმანეთს? ბიძაშვილის შვილებს შეიძლება რომ არ ჰქონოდათ ერთმანეთთან კავშირი?

 

პანკისელი უხუცესი 3: მე მაგალითად, ყველას ვიცნობ ჩემს ბიძაშვილებს და ბიძაშვილის შვილებს. ამათ რა ურთიერთობა ჰქონდათ მე ნამდვილად არ ვიცი...

 

სერო მარგოშვილთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს მედიკო მარგოშვილი, მაგრამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ცალხელად წოდებული, საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი თემირლანს არასდროს უნახავს.

 

მედიკო (აიზა) მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: „მე ვიცნობ აინას დედას, ჩვენს ხეობაში ყველანი ვართ ნათესავები, ვიცნობთ... დედა არის ჩემი ნათესავი, მაგრამ აინას ოჯახს მე საერთოდ არ ვიცნობ, არც ნანახი მყავს. ახმედ ჩატაევთან ჩემი ბავშვი რა კავშირში უნდა ყოფილიყო? თუ კავშირში ვიქნებოდით, ჩვენ ვიქნებოდით!“

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლანის მამა: „თემირლანი საერთოდ არ გამოდიოდა გარეთ. ძლივს ვაგზავნიდი სკოლაში. თვალების გამო...“

 

ელენე მაჩალიკაშვილი, თემირლანის ბებია: „18 წელი იმას ქუთუთოები არ ჰქონდა. ძალიან ჩამოწეული ჰქონდა. საერთოდ ამხანაგებში არ გადიოდა. მერე როცა ოპერაცია გავუკეთეთ და თვალები გაახილა ზუსტად ამ წელს მოკლეს, უდანაშაულო ბავშვი!“

 

გახმაურებული საქმის საგამოძიებო მასალების ნაწილი „ქრონიკამ“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ამ მასალებით ირკვევა, ვისთან დარეკა ხოფადან წამოსულმა ახმედ ჩატაევმა თურქეთ-საქართველოს საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთის შემდეგ, სოფელ კირნათიდან. ერთ-ერთი ზარის ადრესატი თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საგამოძიებო მასალების მიხედვით, 20-ით დასრულებული ნომერი  ჩატაევს ეკუთვნოდა, 29-ით მაჩალიკაშვილს, რომლის ნომერზეც 2017 წლის 28 ოქტომბერს ჩატაევის სამი ზარი ფიქსირდება.

 

 

 

 

 

მედიკო (აიზა) მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: „ორი ნომერი ჰქონდა. ერთი ბალი და მეორე კორპორაციული. 29 -ით არცერთი ნომერი მთავრდებოდა.“

 

 

 

 

 

20-ით დასრულებული „ჯეოსელის“ ნომერი, რომ ახმედ ჩატაევს ეკუთვნოდა ამას ამყარებს ზურაბ გორნაკაშვილის დაკითხვის ოქმი. 26 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში გორნაკაშვილმა გაიხსენა, რომ ხოფაში ახმედ ჩატაევს პირადად გადასცა გამჭვირვალე პარკი, რომელშიც ორი სიმბარათი იდო - ერთი-ერთი ნომერი კი, ნამდვილად 20-ტ სრულდებოდა.

 

 

 

 

 

გორნაკაშვილის ეს ჩვენება არადამაჯერებელია მაჩალიკაშვილების ადვოკატისთვის. მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ 20-ით დასრულებული ნომერი ჩატაევის დაჯგუფების წევრებს ეროვნებით ჩეჩენ ბიჭებს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ ადვოკატი იმას მიანიშნებს, რომ შოიაფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი მაჩალიკაშვილს იცნობდნენ და მათ პანკისელ ახალგაზრდასთან დარეკვა შეეძლოთ. სოლტახმადოვი და ბორზიევი ის პირები არიან, რომლებიც ჩატაევთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ბინაში იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარიამ კუბლაშვილი, ადვოკატი: „დაუდგენელია, გაურკვეველია, არავინ იცის უშუალოდ ახმედ ჩატაევს რა ნომერი ჰქონდა, მაგრამ იციან რა ნომერი ჰქონდათ ჩეჩენი ეროვნების ბიჭებს, რომელიც საქართველოში ორი წელი იყვნენ. ის ნომერი, ბოლოში 20-ით რომ მთავრდება. ათქმევინეს ცრუ მოწმეს გორნაკაშვილს, რომელმაც 7-ჯერ შეცვალა ჩვენება.“

 

ირაკლი ბენია, ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატი: „7-ჯერ არ დაკითხულა და როგორ შეცვლიდა? არ შეუცვლია ჩვენება. არ ვიცი ვინ რას ამბობს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას ჩვენებები არ შეუცვლია!“

 

ტერორიზმში ბრალდებულების ტელეფონზე ამერიკელი ექსპერტების კვლევას და დასკვნას არ ენდობა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლანის მამა: „ჩემს შვილს რუსულად საუბარი არ შეუძლია. მეორე ჩეჩნურად წერა არ შეუძლია. ვიღაც-ვიღაც ბავშვს ენდობოდა ამ დონის ტერორისტი, მეომარი, მებრძოლი ადამიანი? დარეკავდა ის თემირლანთან? არ არის ეს სასაცილო და სამარცხვინო?“

 

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი:  „ყველა ვყოფილვართ ახალგაზრდა და ხშირ შემთხვევაში, ამ ასაკში, მშობლებმა რასაც მათი შვილი სჩადის არ იციან. რასაც ახლა მე ვიტყვი, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი იყო, მაგრამ მან რომ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, ეს ჩემთვის უტყუარია.“

 

ბოლო დღეებში გავრცელებული საგამოძიებო მასალები მამუკა არეშიძეს უმყარებს ეჭვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს კონკრეტული პირები ენდობოდნენ და მას დავალებების შემსრულებლადაც განიხილავდნენ.

 

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი: „რატომ არ დაურეკეს მალხაზ? ანუ მალხაზი ასაკითაც, გავლენითაც, გვარის წარმომავლობითაც ბევრად უფრო წონიანი იყო, ვიდრე თემირლანი, ე.ი. რაღაცაში იყო საქმე. ეს რაღაცა, მხოლოდ შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის ერთი რამის მანიშნებელია, რომ გარკვეულ ნდობას იწვევდა მავანში, ეს მავანი ვინაა მე არ ვიცი. თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე. შეიძლება გარკვეულ ეტაპზე არ სცოდნოდა, რომ  მაინც და მაინც ჩატაევთან აქვს საქმე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის ჩატაევის აქ ყოფნის ამბავი ცნობილი იყო და ისიც, რომ იმ სახლში ჩატაევი ცხოვრობდა“.

 

ჩატაევი და მისი დაჯგუფების ორი წევრი სოლტახმადოვი და ბორზიევი ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადასვლამდე სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ვარკეთილში, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

 

 

 

 

 

სწორედ მაჩალიკაშვილის ტელეფონის აღდგენილ ფაილებშია ნაპოვნი ფოტო, რომელზეც ბორზიევია ასახული. ამ ფოტოზე ბორზიევი „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზეა გადაღებული.

 

 

 

 

 

ბორზიევმა და სოლტახმადოვმა ვარკეთილის ბინა სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე დატოვეს. ბინის მეპატრონე ადასტურებს, რომ ქირის თანხა მას მაჩალიკაშვილისგანაც მიუღია.

 

ჟურნალისტი: თანხას იღებდით უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისგან?

 

კონსტანტინე გუჯეჯიანი (ვარკეთილის ბინის მეპატრონე): „ერთხელ მომაწოდა კი. მარგოშვილს დავურეკე და მითხრა, რომ ბავშვებს გადავუგზავნი თანხასო და გადი გამოართვიო. ბავშვები ანუ თემირლანი და კიდევ ერთი პირი“.

 

ვარკეთილის ბინა რამაზ მარგოშვილის დაქირავებული იყო. ის ახლა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებითაა დაკავებული და სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. მედიკო დუიშვილი „იმედის კვირას“ უყვება, რატომ შესთავაზა მისმა მეუღლემ ბინა უფასოდ პანკისელ მეზობელს.

 

მედიკო დუიშვილი, რამაზ მარგოშვილის მეუღლე: „მამასავით იყო თემირლათან, ჩემი მეუღლე. ერთი ოჯახივით ვიყავით. 3-4 თვე მაგათთან დატოვა, რომ ბინის შეღავათი ექნებათო.“

 

მარგოშვილი ფიგურირებს „ქრონიკის“ მოპოვებულ კიდევ ერთ მასალაში. აუდიო ფაილის მიხედვით, რამაზ მარგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილს საბანკო მონაცემებს სთხოვს.

 

ხმოვანი შეტყობინება: „თემირლან როგორ ხარ? ხომ არ გეძინა? თემირლან დღეს, ხვალ ან ზეგ თუ არ გეგმავ თბილისში წასვლას შენი მონაცემები მჭირდება, ევროპიდან თანხა უნდა გადმოგირიცხონ 3-4 ადამიანზე. გამომიგზავნე შენი მონაცემები ხვალ და ზეგ თუ არ მიდიხარ.“

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ რამაზ მარგოშვილმა ადვოკატის საშუალებით ციხიდან წერილი გამოგზავნა და მაჩალიკაშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია უარყო.

 

რამაზ მარგოშვილის განცხადება: „გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია ვითომცდა მე თემირლანს ვთხოვდი მის პირად რეკვიზიტებს, რაც სიცრუეა და ასეთს არასოდეს ჰქონია ადგილი. მე მაინტერესებს როდის იქნა დანიშნული ექსპერტიზა და რითი დადგინდა, ხმა რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი არის ჩემს მიერ გაჟღერებული და გადაგზავნილი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგან სუს-ს და პროკურატურას არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება, საზოგადოებას უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ ვართ ტერორისტები.“

 

 

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც აუდიოჩანაწერში ხმა მარგოშვილის მეუღლემ ამოიცნო დაკავებულმა მაჩალიკაშვილთან გაგზავნილი შეტყობინება გაიხსენა. დღეს პანკისში ამტკიცებენ, რომ ხმოვან შეტყობინებაში მარგოშვილი მაჩალიკაშვილს ახმეტის რაიონში სოფელ კუწახტაში ნაყიდი სახლის თანხაზე ელაპარაკება.

 

მედიკო დუიშვილი, რამაზ მარგოშვილის მეუღლე: „ჩემი მაზლი აგზავნიდა ფულს. ამჟამადაც საფრანგეთში ცხოვრობს. მამისეულ სოფელში უნდოდა ბინა და ერთი წლის წინ იყიდა. თვითონ ესე დაუკავშირდა, რომ 3-4 პირის მონაცემები მჭირდება და ცოტ-ცოტა რომ გადმოეგზავნა“.

 

ერთ-ერთი ვის ანგარიშზეც თანხა უნდა ჩარიცხულიყო გურამ ხანგოშვილია. თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობარი და რამაზ მარგოშვილის ნათესავი. კუწახტაში, 22 000 დოლარად ნაყიდი 1 521 კვადრატული მიწა და სახლი საბოლოოდ ხანგოშვილზე გაფორმდა.

 

 

 

 

 

გურამ ხანგოშვილი: რამაზმა მთხოვა, რომ ჩემზე გამეფორმებინა ბინა. მას თავად სოცდახმარება ჰქონდა და ის რომ არ მოხსნოდა. რამაზისთვის უნდა გამოეგზავნა ბიძაშვილს ფული. ჩემს სახელზეც უნდა გადმორიცხულიყო. მაგრამ არ დასჭირდა არც ჩემი და არც, თემირლანის.

 

ჟურნალისტი: თქვენ ხართ ხომ ვაგზალზე გადაღებულ კადრებში...

 

გურამ ხანგოშვილი: კი...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გურამ ხანგოშვილი იხსენებს, რომ ვაგზალზე ტელეფონების საყიდლად ის და მაჩალიკაშვილი სეიფულას და აბდულას გაჰყვნენ. მათი ნამდვილი ვინაობა კი არ იცოდნენ...

 

გურამ ხანგოშვილი: „თბილისში ვიყავით. ტელეფონების საყიდლად შევიარეთ. დავეხმარეთ. მათ ენა არ იცოდნენ, მხოლოდ რუსულად და ჩეჩნურად ლაპარაკობდნენ. წავედით მათთვის ტელეფონები ვიყიდეთ და ჩვენი გზით წამოვედით, ისინი თავიანთი გზით წავიდნენ.“

 

ბრზიევი ახლა დაკავებულია. სოლტახმადოვი ნოემბრის სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული. მარგოშვილი ციხეშია, მაგრამ ბრალს არ აღიარებს. სასამართლო სხდომა მომდევნო კვირას გაიმართება, სავარაუდოდ, სწორედ სასამართლოზე წარადგენენ ხმაურიანი საქმის იმ ახალ გარემოებებს, რომელიც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა. ჩანაწერები, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს.

 

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული რამაზ მარგოშვილი წარსდგება რამდენიმე დღეში სასამართლოს წინაშე. ის მოსამართლეს მოუყვება, ვინ და რა განსაკუთრებული დავალებით გააგზავნა სირიაში 2016 წელის იანვარში ჩატაევთან მოსალაპარაკებლად. ციხეში მყოფი მარგოშვილი ირწმუნება, რომ სირიაში ის საკუთარი სურვილით არ წასულა და ამ პროცესებს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი - ხვიჩა ლორია და ირაკლი ჩიმაკაძე. რა ტემაზე უნდა გაემართათ მოლაპარაკებები ახმედ ჩატაევსა და მარგოშვილს უცნობია. მარგოშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სკანდალურ ჩვენებას მარგოშვილი მისცემს მხოლოდ მოსამართლის წინაშე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატის ამ განცხადებაზე თქვეს, რომ არ არის სერიოზული და საკითხი არ განიხილეს სერიოზულად.

 

წყარო: „იმედის კვირა“, ავტორი, ნატა ქაჯაია. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner