logo_geo
eng_logo
მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვეს
- +

20 ივლისი. 2018. 00:59

 

 

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, არლელი ავგუსტ კაჭკაჭაშვილის შესახებ ოჯახმა 75 წლის განმავლობაში არაფერი იცოდა. „უგზო–უკვლოდ დაკარგული“ ჯარისკაცის საფლავი და პირადი მონაცემები გერმანიაში აღმოაჩინეს.

 

ოფიციალური დოკუმენტებით ავგუსტი, არლელებისთვის კი აგვისტინე კაჭკაჭაშვილი მეორე მსოფლიო ომში 1941 წელს გაიწვიეს. მაშინ 31 წლის იყო. სახლში მეუღლე, მარო და რამდენიმე თვის ვაჟი დატოვა. უკან არ დაბრუნებულა. ოჯახს არც გარდაცვალების ცნობა მიუღია და არც მისი გადარჩენის დასტური. ამიტომ სხვების მსგავსად, აგვისტინეს სახელიც მათ რიცხვს შეუერთდა, ვინც ‘ომში უგზო–უკვლოდ დაიკარგა“.

 

ომში წასვლიდან 77 წლის შემედეგ, აგვისტინეს საფლავი, პირადი მონაცემები და ფოტო, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ იპოვა. გერმანული ხელნაწერით შევსებულ ანკეტაზე ცხადად იკითხება, რომ 1910 წელს დაბადებული ავგუსტ (აგვისტინე) სტეფანეს ძე კაჭკაჭაშვილი, ადიგენის სოფელ არლიდან არის.

 

ამავე მონაცემებით, ომში წასვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1942 წლის 10 მაისს აგვისტინე ქერჩში ტყვედ ჩავარდა. 18–თვიანი ტყვეობა შტალაგის 8f (318) ბანაკში გაატარა, 1943 წლის 7 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. ოფიციალური დიაგნოზი ტუბერკულიოზია.

 

აგვისტინეს არალში ოჯახი არ დარჩა. ახლა მას მხოლოდ დისშვილები იხსენებენ.

 

როცა ომში გაიწვიეს, მისი პირველი დისშვილი, სიმონ აფრიამაშვილი ორი წლის იყო, ახლა 79 წლისაა. ბიძის სახე არ ახსოვს, მის შესახებ კი ამბები გადმოცემით, დედის მონაყოლიდან იცის. იხსენებს, რომ აგვისტინე ძლიერი და მაღალი კაცი ყოფილა. ოჯახი ელოდა, რომ ომის დასრულების შემდეგ ისიც სხვებივით უკან დაბრუნდებოდა, თუმცა უშედეგოდ.

 

 

წლების შემდეგ აღმოჩენილ ანკეტაში ჩანს, რომ პირად მონაცემებში აგვისტინეს ცოლის სახელიც მიუთითებია. გაყვითლებულ ფურცელზე გარკვევით იკითხება: მეუღლე – მარი, იგივე მარო.

 

ომის დასრულების შემდეგ, ქმრის დაბრუნებას მაროც ელოდა. როგორც არლელი მეზობლები ამბობენ, მას „ფრონტიდან მხოლოდ 2–3 წერილი მიუღია, მერე მიმოწერა შეწყდა“.

 

ომმა მაროს ქმარიც წაართვა და ექვსი თვის ვაჟიც. აგვისტინეს კიდევ ერთი დისშვილი მირიან აფრიამაშვილი დედისგან მონაყოლს იხსენებს: „მაშინ ომი იყო, სოფელში შიმშილობა ჩამოვარდა. ბიძაჩემი აგვისტინე უკვე ომში ყოფილა წასული. მაროსთვის, მისი ცოლისთვის კი მამამისს მდინარიდან ნახევარი ტომარა თევზი ამოუტანია, საჭმელად. თევზს „საყმაწვილო“ მოჰყვა და ექვსი თვის ბავშვი გარდაიცვალა“.

 

აგვისტინე ომიდან აღარ დაბრუნდა, მარო მეზობელ სოფელში, უდეში გათხოვდა, მაგრამ შვილი არ შეეძინა. ისე გარდაიცვალა, რომ პირველი ქმრის შესახებ არაფერი გაუგია.

 

აგვისტინე კაჭკაჭაშვილს ერთი ძმა და ერთი და ჰყავდა. იმ ადგილზე, სადაც ოჯახი ცხორობდა, ახლა ხის ფარდული დგას. ამავე ეზოში კი – მისი ძმის სახლი, თუმცა ძმის შვილები არალში არ ცხოვრობენ.

 

დის შვილი, მირიან აფრიამაშვილი სიამაყით იხსენებს, რომ დედა ომში წასულ ბიძას ამსგავსებდა: „დედა მეტყოდა ხოლმე – ზუსტად აგვისტინე ხარო. მაღალი კაცი ყოფილა ისიც, ჯან–ღონით სავსე. ჭიდაობა ჰყვარებია და სოფელში მაგისი მომრევი კაცი არ ყოფილა, იმ დროს“.

 

77 წლის შემდეგ, დაკარგული არლელი მეომრის შესახებ ინფორმაციას, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ მიაკვლია. მერი სტეპმენი, უკვე რვა თვეა დაკარგული ქართველი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

 

ამბობს, რომ ამის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გერმანიაში, ერთ–ერთ სასაფლაოზე საკუთარი ბაბუის საფლავის საძებნელად მისულმა, ბევრი ქართველი ჯარისკაცის სახელი ამოიკითხა: „ქართული სახელების მქონე საფლავებს რომ ვნახულობდი, სურვილი გამიჩნდა მათი ოჯახებიც გამეხარებინა. ახლა წიგნს ვწერ, სადაც მათ შესახებ იქნება საუბარი, მინდა ერთ–ერთ საერთო სასაფლაოს სტენდიც გავუკეთო" , – გვიყვება მეგი სტეპმენი.

 

მისივე თქმით, გარდაცვლილი მეომრის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება, ოჯახის წევრების სურვილზეა დამოკიდებული. თუმცა, აგვისტინე კაჭკაჭაშვილის დისშვილები ამბობენ, რომ გადმოსვენება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული: „ახლა იმის საშუალება არ გვაქვს, რომ აქ გადმოვასვენოთ, მადლობა, რომ მის შესახებ გაგვაგებინეთ".

 

აგვისტინე კაჭკაჭაშვილი, გერმანიაში ქალაქ ცაითჰაინის საერთო სასაფლაოზე დაახლოებით 150 ქართველ ჯარისკაცთან ერთად განისვენებს.

 

მის მშობლიურ სოფელში, არალში კი დგას მემორიალური დაფა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაკარგული 71 ჯარისკაცის სახელი იკითხება. მათ შორისაა აგვისტინე კაჭკაჭაშვილიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ავგუსტ სტეფანეს ძე კაჭკაჭაშვილი ახლა უკვე – „ნაპოვნია“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×