logo_geo
eng_logo
„ევროპის დავიწყებული ომი“ - მსოფლიო მედია აგვისტოს ომიდან 10 წლისთავს ეხმაურება
- +

8 აგვისტო. 2018. 22:48

 

 

მსოფლიო მედია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლისთავს ეხმაურება. 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საავტორო სტატიები და რეპორტაჟები ევრონიუსმა”, „ვაშინგტონ პოსტმა“, „დოიჩე ველემდა სხვა გავლენიანმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს.

 

 

 

Euronews

ევროპის დავიწყებული ომი - ასეთია Euronews-ის მიერ მომზადებული სტატიის სათაური. პუბლიკაციის ავტორი კრის ჰარისი ამბობს, რომ 10 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე ევროპელი და სხვა ქვეყნების ლიდერების ადეკვატური რეაქციის შემთხვევაში, ყირიმის ანექსია, შესაძლოა, არ მომხდარიყო.

 

ვრცელ სტატიაში ჟურნალისტი 2008 წლის ომის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილს ასახელებს.

 

 „საქართველო გაღიზიანებული იყო რუსეთის მიერ .. სამხრეთ ოსეთთან კავშირების გამყარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, ხოლო მოსკოვს არ მოსწონდა თბილისის ამბიციური მისწრაფება, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი“, - ნათქვამია სტატიაში.

 

„ევრონიუსის“ ჟურნალისტის თქმით, რუსული ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით შეიჭრნენ. საუბარია ოსებზე, რომელთა უმრავლესობასაც რუსული პასპორტები ჰქონდა.

 

 

ჟურნალისტს ასევე მოჰყავს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიში, რომელშიც წერია, რომ ქართველი ჯარისკაცების ცხინვალიდან გასვლის შემდეგ, სეპარატისტები წინასწარ გამიზნულად და სისტემატიურად არბევდნენ და წვავდნენ ქართველების სოფლებს.

 

ომის შედეგებს ევრონიუსთან“ ლონდონის Сhatam House-ის ექსპერტი გიორგი მჭედლიშვილი აფასებს. მისი თქმით, ყველაზე მეტად კონფლიქტის შედეგად ცხინვალის რეგიონი დაზარალდა, რომელიც ახლა მთლიანად რუსეთის ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული, მაგრამ კორუფციის გამო, რუსული ფული მოსახლეობამდე არ მიდის.

 

 

 

რუსეთ-საქართველოს ომზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ევრონიუსის ჟურნალისტმა გრაფიკული გამოსახულებები გამოიყენა. მისი თქმით, მოსკოვს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%-ი. მეტი სიცხადისთვის რეპორტიორმა გაერთიანებული სამეფოს მაგალითი მოიყვანა და გრაფიკულად აჩვენა, რა ტერიტორიები აღმოჩნდებოდა რუსეთის ხელში თუ მოსკოვი დიდ ბრიტანეთს დაესხმებოდა თავს.

 

 

Deutche Well

 

გაყინული კონფლიქტის ფსიქოლოგიური წნეხი - ასე ჰქვია გერმანული გამოცემა Deutche Well-ს მიერ მომზადებულ რეპორტაჟს, რომლის მთავარი გმირები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები არიან.

 

 

ჟურნალისტი სოფელ დიცში ჩავიდა, სადაც რუსეთის მიერ დამონტაჟებული .. სასაზღვრო ნიშნების გამო, მოქალაქეების ნაწილი სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩა. მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცების მიერ გაყვანილი საზღვარი ადგილობრივი მკვიდრების ეზოებთან გადის და იქ სამხედროები პატრულირებენ.

 

 

როგორც ჟურნალისტთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, 2008 წლის კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგაც კი მოსახლეობა დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის.

 

 „მათ შეუძლიათ დაგაკავონ, დაგაჯარიმონ, წაგიყვანონ ციხეში. თუ ჩემი შინაური ცხოველი მათ ტერიტორიაზე გადადის, ისიც კი მიჰყავთ. ისინი ძაღლებით და იარაღით მოძრაობენ“, - ამბობს გერმანელ რეპორტიორთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები ილია ედიშერაშვილი.

 

გერმანული გამოცემა ასევე ესაუბრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰეგს, რომელიც ამბობს, რომ ბოლო წლებში საოკუპაციო ზოლის გამაგრება თვალშისაცემია.

 

 

მიუხედავად საოკუპაციო ხაზთან არსებული დაძაბულობისა, დიცელი ილია ედიშერაშვილი DW-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და სანამ ცოცხალია, რუსული ჩექმა მის მიწას ვეღარ შეეხება.

 

Al Jazeera 

 

 

რუსეთთან ომის 10 წლისთავზე საქართველო დასავლურ კურსს ინარჩუნებს" - ამ სათაურით სტატიას Al Jazeera აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ 2008 წლის ხუთდღიანმა ომმა საქართველო დროებით ორ ნაწილად გაყო, რამაც კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რა შეიძლება მოჰყვეს „რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლის მცდელობას“.

 

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს 20%-ი დღემდე რუსეთს აქვს ოკუპირებული და დამატებით მოსკოვმა ორივე რეგიონთან ე.წ. საზღვარზე მავთულხლართები გაავლო.

 „უკანონოდ დამონტაჟებული სასაზღვრო ნიშნები საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილიდან 400 მეტრში, ხოლო თბილისიდან 65 კილომეტრში დგას“, - წერს Al Jazeera.

 

რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავს, რომ ე.წ. გამყოფ ხაზთან მიახლოებაც კი სახიფათოა.

 

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. ამის მაგალითად სახელდება ოსებისა და აფხაზების მკურნალობა თბილისის საავადმყოფოებში. 

 

ამ პროგრამის წარმატებამ მოსკოვი შეაშფოთა. შედეგად კრემლმა გააფორმა .. შეთანხმება სეპარატისტულ რეგიონებთან, რაც ამ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს რუსეთში მკურნალობის საშუალებას აძლევს. თუმცა, ხალხი მაინც საქართველოში ჩადის, რადგან ის უფრო ახლოსაა, - ნათქვამია სტატიაში.

 

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 10 წლის წინ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის 75 პროცენტი კვლავ მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას.

 

 

Washington Post

 

რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საავტორო სტატიას აქვეყნებს Washington Post-. პუბლიკაციის ავტორის, რობერტ კეგანის თქმით, უკვე ათი წელია დასავლეთის პოლიტიკა მხოლოდ პუტინს აძლევს ხელს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომლიბერალურ სამყაროსთვის პირველი მნიშვნელოვანი დარტყმა იყო არა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა, არამედ პუტინის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია".

 

 

 

Washington Post

 

„რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი სადავო ტერიტორიებისთვის მიმდინარეობდა. თუმცა, პუტინის რეალური მიზანი გეოპოლიტიკა იყო. საქართველო, ისევე როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ცდილობდნენ დასავლეთთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას, რათა დასავლეთს ისინი მოსკოვისგან დაეცვა. პუტინის რეაქციით დამფრთხალმა NATO-მ, იმავე გაზაფხულზე უარი უთხრა საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. თუმცა პუტინმა მაინც იმოქმედა, რათა ქართველები დაესაჯა, სხვები გაეფრთხილებინა და დასავლეთისთვის მკაფიო გზავნილით მიემართა - რუსეთი თავის ჰეგემონიას ძალის გამოყენებით აღადგენს“, - ნათქვამია Washington Post-ის სტატიაში.

 

Washington Post

 

როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ აშშ-მა მოსკოვს სანქციებიც კი არ დაუწესა.

 

მისივე თქმით, საქართველოსთან ომიდან 6 წლის შემდეგ იგივე განმეორდა უკრაინაში და ორივე შემთხვევაში პუტინის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ლიბერალურ სამყაროსთან ინტეგრაციის აღკვეთა.

 

 „რუსეთის თავდასხმამ საქართველოს ასევე აჩვენა, რომ პუტინის ნარატივი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ აგრესია რუსეთმა განახორციელა, ბევრი დასავლეთშიც კი მომხდარში სხვას ადანაშაულებდა - ეს იყო ან სააკაშვილი, ან ბუში, ან NATO“, - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიის ავტორის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ათი წლის შემდეგაც კი აშშ-სა და ევროპაში დასკვნები ჯერ კიდევ ვერ გამოიტანეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×