logo_geo
eng_logo
„რუსეთი სირიელ ხალხს ხორცსაკეპ მანქანაში ატარებს“ - რას ყვება სირიელი აჰმედ ალივი
- +

15 აგვისტო. 2018. 00:27

 

 

აჰმედ ალივი ომის მოქალაქეა. ასეთი მოქალაქეც შეიძლება არსებობდეს, თუ ადამიანი შვიდი წლის განმავლობაში, 15 წლიდან მოყოლებული საკუთარი ქვეყნის ნგრევას და ოკუპაციას უყურებს.

 

აჰმედი 22 წლის სირიელი ბიჭია, რომელიც სირიის საქველმოქმედო ფონდში ექიმის თანაშემწედ მუშაობს. ის ომის დროს ქალაქ ურუმ ალ ქუბრადან არ გაქცეულა. აჰმედს არ სურს, რუს ოკუპანტებს საკუთარი სამშობლო დაუტოვოს. ის სირიაში დისლოცირებულ რუს ჯარისკაცებს ოკუპანტებს უწოდებს.

 

აჰმედი დარწმუნებულია, რომ სირიაში შეჭრილი რუსი ჯარისკაცების მიზანი სირიელი ხალხის ხოცვაა.

 

„რუსეთი ხორცსაკეპ მანქანაში ატარებს სირიის იმ მოქალაქეებს, ვინც ასადის რეჟიმს აუჯანყდა. დღესაც გადაუარეს სირიის ჩრდილოეთის ქალაქებს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა. ერთ დღეში ურუმში 30 ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა აჰმედ ალივიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

11 და 13 აგვისტო აჰმედის ცხოვრებაში ის მორიგი დღეებია, რომელმაც მის მეხსიერებაში ბავშვებისა და ქალების ცხედრები დატოვა.

 

აჰმედი ერთ-ერთია იმ ასობით სირიელს შორის, ვინც საომარი მოქმედებების შესახებ მსოფლიოს სოციალური ქსელის საშუალებით უამბობს. ინფორმაციას ორ ენაზე ავრცელებს – არაბულად და ინგლისურად. საზარელი ფოტოებიც სწრაფად ვრცელდება – პოლიეთილენის პარკებში გადახვეული ბავშვების ცხედრები, რომლებსაც მზის ჩასვლამდე მარხავენ.

 

„მე არ მინდა სირიის დატოვება. არ მინდა, რომ ბაშარ ასადმა და რუსეთმა მიზანს მიაღწიონ. არ მინდა, ეს მიწა, რომელიც სირიელ ხალხს ეკუთვნის და არა ასადის მთავრობას, რუს ოკუპანტებს დარჩეთ“, – ამბობს აჰმედი.

 

პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აჰმედ ალივიმ მისი მეგობრის, რიზვანის ტრაგედია გაიხსენა. 34 წლის რიზვანი ურუმში ცხოვრობს. მისი მრავალრიცხოვანი ოჯახიდან ცოცხალი მხოლოდ თავად გადარჩა. შვილები და ცოლი წლების წინ, სირიის საჰაერო ძალების ავიაიერიშს ემსხვერპლნენ, სამი დღის წინ კი რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად რიზვანის ძმაც დაიღუპა.

 

„რიზვანის მსგავს ისტორიებს სირიაში ხშირად მოისმენთ. ვინც გაქცევა მოასწრო, აქ ახლობლების საფლავები დატოვეს, ვინც დავრჩით, ახლობლებს ყოველდღე ვმარხავთ. გამოსავალი არ არსებობს. მე დარჩენა ვამჯობინე, მაგრამ ყოველდღე სიკვდილის მომსწრე ვარ“, – თქვა აჰმედ ალივიმ.

 

რამდენიმე საათის წინ, სირიის ავიაციამ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად, მიზანში ქალაქი სარმადა და ორი სოფელი – ალტაჰტი და ტაჰეტაია ამოიღო, სადაც ერთ დღეში 67 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სირიის სამოქალაქო თავდაცვამ, იგივე თეთრჩაფხუტიანებმა გაავრცელეს.

 

ბოლო ერთ კვირაში, რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქზე, სადაც მეამბოხეები შემორჩნენ. ამ ქალაქებში ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც საჰაერო თავდასხმას ეწირებიან. რუსული სამხედრო ავიაციის სამიზნედ ალეპოს შემოგარენში მდებარე პატარა ქალაქები და სოფლები, ასევე იდლიბის პროვინცია იქცა, რასაც ბოლო რამდენიმე დღეში, 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×