logo_geo
eng_logo
დოდო ჭიჭინაძე: ,,მამაკაცის ხსენებაც კი შემძულდა” – ყველაზე უბედური პირველ ქმართან და ყველაზე ბედნიერი მეორესთან
- +

29 აგვისტო. 2018. 01:36

 

 

მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახემ გასული საუკუნის 40-იან წლებში გაიბრწყინა ქართულ კინოში და სამუდამოდ დარჩა კიდეც. ის არამარტო ლამაზი და ნიჭიერი იყო, საოცარი შინაგანი ხიბლი ჰქონდა. ამ მშვენიერი ქალის შემოქმედების გზაც საინტერესო იყო და ცხოვრებისეულიც. ამიტომაც მისი სტუმრები ხშირად იყვნენ ჟურნალისტები. ისიც საოცარი შარმით, გულწრფელად ყვებოდა თავის ისტორიებს.

 

რამდენიმე ინტერვიუ დოდო ჭიჭინაძესთან “სარკის” არქივშიც ინახება.

 

ქალბატონო დოდო, ალბათ საოცარი გრძნობაა, როცა იცით, რომ ძალიან ლამაზი ხართ.

 

– საკუთარი თავით კმაყოფილება არასოდეს მიგრძვნია, მუდამ ახლის ძიებაში ვიყავი. რა თქმა უნდა, ქალისთვის სილამაზე დიდი განძია, მაგრამ ჩემთვის უფრო ფასეული სულიერი მშვენიერებაა.

 

თქვენ ეს ორივე გქონდათ. ბევრი ალბათ შურის თვალით გიყურებდათ.

 

– ალბათ. ჩემთვის კი უცხო იყო და არის შურის გრძნობა. ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობების გვერდით მომიწია ცხოვრება და, როცა ვხედავდი, რომ ისინი კარგად თამაშობდნენ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.

 

ბავშვობა ტკბილად გახსენდებათ?

 

– უბედნიერესი ბავშვობა მქონდა, განებივრებული ვიყავი. ერთხელ მამაჩემის ამხანაგმა ჩამომიტანა ლაკის ფეხსაცმელები და რა ბავშვი ვიქნებოდი, თუ ერთი საათით მაინც არ წავიდოდი მდინარეზე და კარგად არ გავრეცხავდი წყალში ამ ფეხსაცმელებს. რეცხვის დროს მდინარემ ცალი ფეხსაცმელი წამართვა, ვეღარ დავიჭირე.

 

სახლში გვყავდა რუსი შინამოსამსახურე ქალი. რომ დამინახა ცალი ფეხსაცმლით, ერთი კარგად მომცხო, მეორე ფეხსაცმელი კი, რუსული დიდი ღუმელი გვქონდა და იმის თავზე ამიგდო.

 

რამდენადაც ვიცით, თქვენ სრულიად ახალგაზრდა გათხოვდით და იყავით ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ ჯოჯუას მეუღლე.

 

– 19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, მაგრამ მალევე დავცილდით ერთმანეთს.

 

მაინც რამდენი ხანი იყავით ერთად?

 

– სულ ორწელიწადნახევარი. რომ იტყვიან, იძულებით ვცხოვრობდი მასთან სახლში, ძლივს გავძელი მთელი ის პერიოდი. მერე გამოვიქეცი, მაგრამ იმდენი ვინერვიულე, რომ ავად გავხდი, ტუბერკულოზი ავიკიდე. საერთოდ აღარ მინდოდა მამაკაცის დანახვა, ხსენებაც კი შემძულდა.

 

სანამ მეორედ შექმნიდით ოჯახს, რამდენ ხანს იყავით ცალად დარჩენილი?

 

– კარგა ხანს. მეორედ როცა გავთხოვდი, უბედნიერესი ქალი ვიყავი. ქმარი ჩემზე 12 წლით უფროსი იყო, უგანათლებულესი პიროვნება, დიდი ინჟინერი. აბსოლუტურად ყველა ენა იცოდა, სადაც ჩავიდოდა, იმ ენაზე თავისუფლად საუბრობდა. ყველაფრით მაოცებდა.

 

მასთან რამდენ ხანს იყავით?

 

– ბოლომდე ერთად ვიყავით. ძალიან ბევრს შრომობდა და გულმა ვეღარ გაუძლო. მთელი მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი და მეც მომატარა.

 

როგორ გაიცანით იგი?

 

– ჩემი ბიძაშვილის, დათო ჭიჭინაძის, მეგობარი გახლდათ. როცა მასთან სტუმრად მივდიოდი, მაშინ ვხედავდი. ისიც ხშირად მოდიოდა. დათო ჩამაცივდა, ხომ ხედავ, ცოლს არ ირთავს, სულ მოგზაურობებშია, ადექი და გაჰყევი ცოლადო.

 

უნდა გამოგიტყდეთ, მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ ცოტა ვყოყმანობდი. კრივში იყო ჩემპიონი.

 

დაგვავლეს ორივეს ხელი და გაგვაქანეს მმაჩის ბიუროში, მაგრამ იქ რომ მივედით, არ გვიღებდნენ. გვითხრეს, განცხადების შემოტანიდან ორი თვის შემდეგ უნდა მოაწეროთ ხელიო. ატყდა ერთი ამბავი, როგორ, ძლივს დავითანხმეთ და ახლა მოვიცადოთო… აი, ასე მოვაწერეთ ხელი. მერე მთელი ცხოვრება ვნანობდი, თურმე ასე ვყვარებივარ და რატომ დროზე არ გავყევი-მეთქი.

 

თეატრში თუ იყავით ვინმეს ყურადღების ცენტრში, როგორც ულამაზესი ქალი?

 

– ალბათ ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი. “დავით გურამიშვილში” როცა გვიღებდნენ, იქ იყო ერთი სცენა, სადაც ჟორა შავგულიძეს ჩემთვის უნდა ეკოცნა. მომიახლოვდებოდა თუ არა ბაგესთან, აუტყდებოდა ფხუკუნი. დაიწყებდა თავიდან, ისევ ასე ემართებოდა.

 

ჟორა ულამაზესი კაცი იყო, ქალები ბუზებივით ეხვეოდნენ. მერე ჰკითხეს, რა დაგემართა, კაცო, ნუთუ ქალისთვის ჯერ არ გიკოცნიაო. ჟორა ჩემზე 14 წლით უფროსი იყო. ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის ჯერ არაო. ერიდებოდა.

 

როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს თქვენ და თქვენი მეუღლე, გიკამათიათ ოდესმე?

 

– არასოდეს გვიკამათია, დიდი მეგობრები ვიყავით. ერთი შეხედვითაც კი გვესმოდა ერთმანეთის. ვფიქრობ, რომ თუ ქალს ქმრისადმი ლტოლვა არა გაქვს, ბედნიერი ვერ იქნები.

 

ანუ?

 

– რასაკვირველია, მარტო სულიერი ლტოლვა არა, ფიზიკური ლტოლვაც უნდა იყოს. მაშინ ქალიც ბედნიერია და კაციც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალი ბევრს ითმენს, თუ მამაკაცი სულიერად არის ამაღლებული. სიყვარული ფსიქოლოგიურად რთულზე რთული რამაა…

 

თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი.

 

– სიგარეტი. ვერაფრით ვანებებ თავს, მაგრამ ალბათ ამასაც თავისი მიზეზი აქვს – სულ ვნერვიულობ.

 

რა განერვიულებთ?

 

– ამდენი უზნეობა, სიყალბე… ყველაფერი, რაც დღეს ხდება. ხელოვნება უნდა წმენდდეს ადამიანის სულს. ის არ უნდა ეშვებოდეს ცხოველურ ინსტინქტებამდე. სექსის შესახებ 2-3 ფილმის ნახვის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ უკვე თვითონაც აღარ მოსწონთ, აღარ აინტერესებთ ასეთი ფილმები.

 

რა უბედურებაა ეს ტელესერიალებიც, საშინელებაა! როგორ შეიძლება, საკუთარი ძმის ცოლს ეარშიყო?! ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი და შემდეგ სათაურადაც გამოიყენეს, ჩემი “ბაში-აჩუკი” ყველაფერს მირჩევნია-მეთქი.

 

ახალგაზრდობაში ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ. რას გიძღვნიდნენ ხოლმე მამაკაცები?

 

– აურაცხელი თაყვანისმცემელი მყავდა. მიძღვნიდნენ უამრავ ლექსს, ლექსების კორიანტელი იყო, ერთ დიდ წიგნად აიკინძებოდა. ხშირად მჩუქნიდნენ ყვავილებს. ჩემს სახლთან ბიჭები მოდიოდნენ გიტარით ხელში და მშვენიერ სიმღერებს მიმღეროდნენ. მძიმე დღეებთან ერთად ბედნიერი დღეებიც მქონდა.

 

რა იყო ის, რაც გაკლდათ ცხოვრებაში?

 

– არაფერი. ჩემი მეუღლე ძალიან ხელგაშლილი კაცი იყო. ყოველმხრივ ჰქონდა საშუალება, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ჩაცმის გიჟი. მქონდა 2-3 ხელი ჩასაცმელი და ამითაც კმაყოფილი ვიყავი. მერი დავითაშვილი მეუბნებოდა ხოლმე, ხომ გაქვს საშუალება და ჩაიცვი, დაიხურეო.

 

არასოდეს მქონია ოქრო, ვერ ვიტანდი ძვირფასეულობას. ყოველთვის მომწონდა სისადავე, მიყვარდა სისუფთავე. რაც უცხოელები ჩამოდიოდნენ, ჩვენთან მოჰყავდათ სახლში, რადგან მოსწონდათ ეს ჩემი ძველი სახლი, ძველებური ავეჯი.

 

ბოლო წლებში ბევრი რამ გავყიდე, ბანკში ჩავდე. ვიფიქრე, ამით ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ გაიტაცა ბანკმა და წავიდა. დავრჩი ცარიელი.

 

რომ შეიძლებოდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, რას შეცვლიდით?

 

– ყოველთვის ოცნებად მქონდა, ფილმში ქეთევან წამებულის როლი მეთამაშა, რომელიც პირდაპირ ჩემი იყო. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ მაინც არ გაკეთდა ეს ფილმი.

 

რომ შეიძლებოდეს, იმ ადამიანებს დავიბრუნებდი, ვინც დავკარგე. ნეტა, არ მოვსწრებოდი იმ უბედურებას, რაც ვნახე. ოთხი წლის წინ დამეღუპა ორი უმშვენიერესი ძმისშვილი და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა.

 

ვარსკვლავი 12 ლარიანი ხელფასით

 

2000-იანი წლების დასაწყისში დოდო ჭიჭინაძე საზოგადოებრივად აქტიურად ცხოვრობდა. იყო ორგანიზაციების “ქალები მშვიდობისათვის” და “თბილისელი ქალების” საბჭოს წევრი. დიდი სიყვარულით აკეთებდა თავის საქმეს, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს, უნარშეზღუდულ ბავშვებს. მაშინ მისი პენსია, ისე როგორც სხვების, 12 ლარი იყო.

 

ერთხელაც, როცა ძალიან გაუჭირდა, თავის ახლობლებთან ერთად ორი უძვირფასესი სერვიზი შინიდან გასაყიდად გაიტანა. ბედზე, უცხოელს ჩამოუვლია და კარგ ფასადაც გაუყიდია. ქალბატონი დოდო მთელი საღამო წუხდა, რომ მისი ქვეყნის ეკონომიკური შეჭირვების ამბავი სხვა ქვეყანაში გახმიანდა, რომ ქართველი ინტელიგენცია ასე დაეცა.

 

სარკე”, 2002 წელი, N11

 

 

დიდი სიყვარული

მისი უკანასკნელი სიყვარული ალექსი ბუზოღლი გახლდათ. მასთან 25 ბედნიერი წელი გაატარა, თუმცა დიდი ტკივილი ბედნიერ დღეებსაც თან სდევდა. უზომოდ უყვარდა ბავშვები, ბედმა კი წილად უშვილობა არგუნა.

 

“ჩემს ცხოვრებას თითქოს რაღაც უხილავი ძალა განაგებდა, რომელსაც ვემორჩილებოდი. მთელი ცხოვრება მოულოდნელობებით იყო სავსე. ბედი ზოგჯერ სიხარულით მანებივრებდა, ზოგჯერ კი ტკივილიც მოჰქონდა”, – გვიამბობდა დოდო ჭიჭინაძე.

 

სამედიცინო ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი გახლდათ, როცა  რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, დავით გურამიშვილზე ფილმს იღებდა. პოეტის სატრფო ქეთევანის როლის შესაფერის გოგონას მთელ საქართველოში ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ასისტენტები და ახლობლები მის მოსაწონ გოგონას ქუჩაშიც კი დაეძებდნენ. სწორედ ამ დროს ბედმა დოდო ჭიჭინაძე რეჟისორის დედას შეახვედრა.

 

იმ დღეს 18 წლის დოდო მეგობრებთან ერთად ბაზარში მწვანილის საყიდლად წავიდა. ნიკოლოზ სანიშვილის დედა დანახვისთანავე მიმხვდარა, რომ მისი შვილი ქეთევანის როლისთვის სწორედ ასეთი გარეგნობის გოგონას ეძებდა. უკან დაედევნა და მისი სახლის მისამართი გაიგო. მეორე დღეს რეჟისორის ასისტენტებმა სახლში მიაკითხეს და სტუდიაში მიიწვიეს.

 

კინოსტუდიის შენობაშიც უცნაური რამ მოხდა. მხატვარ თამარ აბაკელიას შველივით დამფრთხალი, პატარა გოგონა რომ დაუნახავს, გაოცებულა. მის წინ სწორედ ის იდგა, ვისაც ესკიზებში ხატავდა.

 

ვიდრე როლზე დაამტკიცებდნენ, მამის თანხმობა იყო საჭირო. ფილმის სცენარის ავტორი, სიმონ ჩიქოვანი, ქალბატონი დოდოს ოჯახს კარგად იცნობდა. მას უთქვამს, დოდოს თავი დაანებეთ, მამამისს ვერასოდეს დაითანხმებთ, კინოში გადასაღებად არ გამოუშვებსო.

 

როცა მომავალი მსახიობის მამას, ძველ ოფიცერ ვასილ ჭიჭინაძეს, უთხრეს, დოდოს გადაღება გვინდაო, გაოცებულა, რასა ჰგავს, ერთი გახუხული, შავტუხა გოგო რაში უნდა გამოიყენოთო. როცა როლზე დაამტკიცეს, მასზე თურმე ხმები დადიოდა, ყვარლიდან ვიღაც შავტუხა, სოფლელი გოგო ჩამოუყვანიათო.

 

“შავტუხა, სოფლელი გოგონა” გადაღების პირველივე დღეებიდან ერმიტაჟში, მეფის სასახლეში აღმოჩნდა. როცა მამამ ფილმი ნახა, შვილს გადაეხვია და უთხრა, თუ გინდა, ხელოვნებას ემსახურო, ხელს არ შეგიშლიო. ასე იქცა მწვანილის საყიდლად წასული გოგონა ვარსკვლავად.

 

– მამა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობდა. კარგი მონადირე იყო. თურმე ის და ქაქუცა ერთმანეთს სროლაში ხშირად ეჯიბრებოდნენ. დედა ანა ახვლედიანიც ძალიან ლამაზი იყო. როცა დედასთან ერთად ქუჩაში მივდიოდი, ხალხი ჩემზე მეტად მას აქცევდა ყურადღებას, – იხსენებდა მსახიობი.

 

პირველი სიყვარული 16 წლის ასაკში ეწვია. მამის მეგობრის ვაჟს, ახალგაზრდა გენერალს და დოდო ჭიჭინაძეს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ. როცა პატარა გოგონა ვარსკვლავად იქცა, შეყვარებული გენერლისთვის ნათესავებს უთქვამთ, მსახიობი მეუღლედ არ გამოგადგებაო და ცოლად სხვა შერთეს.

 

პირველი სიყვარულით იმედგაცრუებულმა მსახიობმა ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგა და გათხოვდა. ძალიან მალე მიხვდა, რომ მასთან ცხოვრება არ შეეძლო და ქმრის ოჯახი დატოვა. გენერლის ქორწინებაც უიღბლო გამოდგა. ცოლს მალევე გაშორდა და თავისი შეცდომის გამოსწორება სცადა.

 

– სიყვარულით სავსე წერილებს მწერდა. მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი, ყველაფერი მეპატიებია, მაგრამ ვერ შევძელი იმ ტკივილის დავიწყება. მაშინ ჩემი მეგობარი, მედეა ჯაფარიძე, დამიდგა გვერდით და ყველაფერი მისმა თანაგრძნობამ, სიყვარულმა გადამატანინა. განქორწინების შემდეგაც მედიკო მყავდა გვერდით.

 

საერთოდ, ქალი რომ შეცდომას დაუშვებს, მერე კარგად უნდა დაფიქრდეს. განათხოვარი რომ ვიყავი, სულ მეშინოდა, ვინმეს ცუდად არ შემოეხედა, რაიმე არ ეთქვა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მეორედ გვიან, 45 წლის ასაკში გავთხოვდი, – ყვებოდა ქალბატონი დოდო.

 

მეორე ქმარი, ალექსანდრე ბუზოღლი, განათლებული პიროვნება გახლდათ. შვიდ ენას ფლობდა და კრივში მსოფლიო ჩემპიონი იყო. პროფესიით ინჟინერს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვანი შენობების აგებას ანდობდნენ.

 

– ვნანობ, ჩემი ცხოვრების თანამგზავრად ადრე რომ არ ვაღიარე. ვაჟკაცური ბუნება და საოცარი თავშეკავების უნარი ჰქონდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ვენდობოდით. მასთან 25 ბედნიერი წელი გავატარე. როცა გარდაიცვალა, თითქოს საყრდენი კედელი გამომაცალეს. მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. საოცრად მანებივრებდა. მთელი მსოფლიო მომატარა.

 

გული მწყდება, შვილი რომ არ მეყოლა. “ჯარისკაცის ქვრივი” რომ უნდა მეთამაშა, თქვეს, შვილი არ ჰყოლია და როგორ ითამაშებსო. ჯინაზე ისე ვითამაშე, რომ ჩემს საუკეთესო როლად იქცა. როცა მოსკოვში ეს სპექტაკლი აჩვენეს, საოცარი საღამო მომიწყვეს, რომელსაც სამი მარშალი ესწრებოდა.

 

ბავშვის აყვანა მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. ბიძაჩემს ჰყავდა ნაშვილები გოგონა, რომელმაც არ გაუმართლა. ბავშვი ჭკუასუსტი აღმოჩნდა. ერთხელ მცხეთაში უპატრონო პატარა ბიჭი ვნახე. გულზე ლეკვი ჰყავდა მიხუტებული და თავის წილ პურს აჭმევდა. მითხრა, ეს ლეკვი ვიშვილე და ჩემს საჭმელს ვაჭმევო. მაშინ 50 წლის რომ ვყოფილიყავი, იმ ბიჭს უსათუოდ ვიშვილებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გვიან იყო. იმ ღამით ისე ვინერვიულე, სიკვდილს სასწაულად გადავურჩი. ამ დანაკლისს ჩემი ძმისშვილები მივსებენ.

 

ბოჟე მოი, ეს თვალებია თუ კაკლის მურაბები?”

 

დედ-მამა ყვარელში ცხოვრობდნენ. 7 წლის დოდო თბილისში ჩამოიყვანეს და აღსაზრდელად გერმანელ ქალს მიაბარეს, რომელსაც ტანტე ლილეს ეძახდა.

 

მედეა ჯაფარიძე პირველად 12 წლის ასაკში თავის აღმზრდელთან ნახა. ტანტე ლილეს უთქვამს, შენ კარგი ხარ, მაგრამ ახლა რომ ჩემთან მოვა, ის მართლაც ანგელოზიაო. მედეა მაშინ 18 წლის დამწყები მსახიობი გახლდათ. თურმე პატარა დოდო ფარდის უკან მალულად უყურებდა ვარდისფერ კაბაში გამოწყობილ ულამაზეს ქალიშვილს.

 

მოულოდნელად მედეა მისკენ მიბრუნებულა და აღფრთოვანებულს უთქვამს: “ბოჟე მოი, ეს თვალებია თუ კაკლის მურაბები?”. შემდეგ ორი ულამაზესი ქალი დამეგობრდა და მთელი ცხოვრება უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. უკანასკნელ წუთებშიც მეგობრის გვერდით იყო. იმ წუთების გახსენება დღემდე ტკივილს აყენებს…

 

სარკე”, 2005 წელი, N10

 

მარადიული სილამაზე

 

“ბავშვობაში ზაფხულობით ყვარელში ვისვენებდით. სოფლის ქალები ჩემზე ამბობდნენ, ძალიან ლამაზია და მეფის ცოლობა შეჰფერისო. ლამაზი თვალები მქონდა. ჩემი გარეგნობით სხვა ბავშვებისგან მართლაც გამოვირჩეოდი”, – გვიამბობდა ქალბატონი დოდო 2005 წელს. გთავაზობთ მისი სილამაზის რეცეპტებს.

 

როდის დაიწყეთ კოსმეტიკის გამოყენება?

 

– პირველად გრიმი კინოსტუდიაში გამიკეთეს, მაშინ 18 წლის ვიყავი. მანამდე არანაირ კოსმეტიკას არ ვხმარობდი. ადრე არც იყო ამდენი საშუალება. ქალები ძირითადად სახლში მომზადებულ მკვებავ კრემს და ფერუმარილს ხმარობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კარგი პენსია მაქვს, სუნამოს ვერ ვყიდულობ. ფულს ამხანაგებს ვუნაწილებ, მათ, ვისაც ძალიან უჭირს.

 

ბოლომდე ინარჩუნებთ სილამაზესა და მომხიბვლელობას. რა არის თქვენი საიდუმლო?

 

– ვხმარობ სახლში მომზადებულ მკვებავ კრემს. არასოდეს გამომიყენებია ამა თუ იმ ფირმის სახის კრემი. შავი ფანქრით ოდნავ ვიმუქებ წარბებს. ჩრდილს არ ვხმარობ, პომადა კი უზომოდ მიყვარს. ამჟამად არცთუ ისე ძვირი პომადა მაქვს.

 

როცა სარკეში იყურებით, რა მოგწონთ თქვენს გარეგნობაში?

 

– ჩემი კეთილშობილი სახე. რაც ხანში შედის, მით ნაკლებად სჭირდება ქალს მაკიაჟი, ის არ უნდა იყოს მკვეთრი. ხანშიშესული ქალისთვის სახეზე გადაჭარბებული შტრიხები სირცხვილია.

 

რას აკეთებთ პირველ რიგში, როცა იღვიძებთ?

 

– შევდივარ სააბაზანოში და ცივი წყლით ვიბან სახეს. შემდეგ ვისვამ მკვებავ კრემს. არ ვხმარობ არანაირ ტონალურ კრემს და ფერუმარილს.

 

სულ რაღაც ორმოცი წელია, რაც წარბებს ვიმუქებ ფანქრით და პომადას ვხმარობ. ადრე საერთოდ არ ვიკეთებდი ყოველდღიურ და გამოსასვლელ მაკიაჟს. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბუნებრივი სილამაზე უფრო ფასობდა, ვიდრე გათხაპნილი სახე.

 

თუ გიგრძვნიათ შური სხვა ქალების მხრიდან?

 

– მე და მედეა ჯაფარიძე განუყრელი მეგობრები ვიყავით. მედიკო ულამაზესი ქალი იყო. არასოდეს მიგრძვნია მისგან შური და პირიქით. მიყვარს სილამაზე, მიყვარს ლამაზი ქალი, კაცი, ბავშვი. შურის გრძნობაზე საშინელი არაფერია. შური ადამიანს აბერებს.

 

ბუნებრივ ნიღბებს თუ იკეთებთ?

 

– ერთხელ მასწავლეს, სახის კანისთვის კარგია თაფლის და სხვადასხვა ნარევის ნიღაბიო. წავისვი, მაგრამ საშინლად არ მომეწონა. მთელი სახე გავითხაპნე. მას შემდეგ სახეზე ბუნებრივი ნიღბები არ გამიკეთებია.

 

ხელებს როგორ უვლით?

 

– ხელებს არ ვუვლი და საერთოდ, არაფერს არ ვუვლი. გჯერათ ჩემი?

 

სილამაზის სალონშიც არ დადიხართ?

 

– სილამაზის სალონში მხოლოდ მანიკიურის და პედიკიურის გასაკეთებლად დავდივარ თვეში ერთხელ. თმას მეზობელი ქალი მჭრის.

 

თქვენი მისამართით კომპლიმენტები ალბათ ხშირია.

– სიმართლე გითხრათ, კომპლიმენტები არ მსიამოვნებდა. დღეს, ქუჩაში რომ მივდივარ, უცნობები თუ ნაცნობები მაჩერებენ და ამ ოთხმოცი წლის ბებრუხანას მეფერებიან. ყველაფერი მიდის, სილამაზე ქრება, ადამიანები ბერდებიან, მაგრამ ისევ იბადება ახალი სიცოცხლე და მასთან ერთად – სილამაზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×